ქუთაისში დავით ალადაშვილი კონცერტს გამართავს

150

4 თებერვალს, 18:00 საათზე, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, პიანისტ დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, ცნობილი მისიკოსი ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრთან და დირიჟორ – რევაზ ჯავახიშვილთან ერთად მაყურებლის წინაშე, პეტრე ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტით №1 სი-ბემოლ მინორით წარსდგება.

დავით ალადაშვილი კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად არაერთ კონცერტს მართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აღსანიშნავია 2017 წელს ქართველი მსმენელისთვის მოფიქრებული რეგიონალური ტურნე “პიანინო”, რომელიც 14 დღის განმავლობაში საქართველოს 12-ვე რეგიონში 50-მდე პერფორმანსის ჩატარებას გულისხმობდა. ერთ-ერთი გამორჩეული კონცერტი სწორედ ქუთაისში ჩატარდა.

“ემოციური ვირტუოზი დაბადებული სცენისთვის” – ასე მოიხსენიებენ დავით ალადაშვილს მუსიკალურ საზოგადოებაში. მან ბაკალავრისა და მაგისტრის წოდება საფორტეპიანო ხელოვნებაში ნიუ იორკის “The Juilliard School”- ში მიიღო. პიანისტს მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო კონკურსსა და ფესტივალში აქვს მიღებული, ჩატარებული აქვს სოლო, კამერული და საორკესტრო კონცერტები მსოფლოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის New York, Paris, London, Seoul, Cape Town, Pretoria, Barcelona, Berlin, Milan -ის ისეთ დარბაზებში, როგორებიცაა Carnegie Hall, Lincoln Center, Teatro alla Scalla, Victoria Hall და სხვა.