შშმ პირებისთვის სანოტო კრებული „ქართული სიმღერა-თამაშები“ გამოიცა

1121

შშმ პირებისთვის ორენოვანი სანოტო კრებული „ქართული სიმღერა-თამაშები“ გამოიცა, რომლის პრეზენტაციასაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე დაესწრო. მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ქართულ ენაზე გამოცემული სანოტო კრებულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, ამ ბავშვების განვითარების და განათლების პროცესები ადრეულ ასაკში მოხდეს. სმენის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელია მრავალფეროვანი სერვისების, საგანმანათლებლო და არაფორმალური რესურსების არსებობა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სახელმძღვანელო არის პირველი გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ამ ბავშვებს დაეხმარება განათლებასა და განვითარებაში“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

„ქართული სიმღერა-თამაშები“ პირველი სანოტო კრებულია, რომელიც მსოფლიოში გავრცელებული ნორდოფ-რობინსის მუსიკის თერაპიის პრინციპებზეა დაფუძნებული. სიმღერა-თამაშების შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ: გერმანიაში მოღვაწე მუსიკათერაპევტი, ფსიქოთერაპევტი და ონკოფსიქოლოგი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი და მისი ასისტენტები – საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ გუნდის წევრები და კომპოზიტორები – სალომე ხუციშვილი და თამარ ჟორდანია.

კრებული სამინისტროსა და ა(ა)იპ „სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ მხარდაჭერით გამოიცა.