„მერაბ კოსტავას ცხოვრება და მოღვაწეობა“ – წიგნის პრეზენტაცია

71

29 იანვარს, 19:00 საათზე თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება გიწვევთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში, სადაც ახალი კვლევითი პუბლიკაციის „მერაბ კოსტავას ცხოვრება და მოღვაწეობა“ პრეზენტაცია გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, „მერაბ კოსტავას ცხოვრება და მოღვაწეობა“ – თბილისის მუზეუმების გაერთიანების ისტორიაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური კვლევითი პუბლიკაციაა, რომელიც ეროვნული გმირის მერაბ კოსატავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.

პუბლიკაციაში წარმოდგენილია ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი პირადი წერილები, მდიდარი ფოტომასალა და სხვადასხვა საარქივო დოკუმენტი.

გამოცემა აერთიანებს თბილისის მუზეუმების გაერთიანება – მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმის ფონდში დაცულ ექსპონატებს, საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს უშიშროების არქივში დაცულ მასალებს.

მერაბ კოსტავას შესახებ მსგავსი მასშტაბის კვლევითი პუბლიკაცია პირველად გამოიცემა.

პუბლიკაცია ორენოვანი გამოცემაა, რომელიც თავისი ფორმით, შინაარსითა თუ მნიშვნელობით, საეტაპო კვლევას წარმოადგენს და მხატვარ დიზაინერ ნინო ანდრიაშვილის მიერ მხატვრულადაა გაფორმებული.

გამოცემაში შესულია კონსატნტინე გამსახურდიას, ციცინო მაღლაფერიძის, რუსუდან ქუთათელაძის, მანანა ტაბიძის, ნინი სანადირაძის სტატიები და სხვა მნიშვნელოვანი უცნობი მასალები.

გამოცემა მიზნად ისახავს მერაბ კოსატავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელობის გააზრებასა და უახლესი ისტორიის იმ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის გახსენებას, რომელიც სამუზეუმო ფონდებსა და საარქივო მასალებშია დაცული.