ბარსელონას პიანისტთა 66-ე საერთაშორისო კონკურსზე ქართველი სტუდენტები გაემგზავრებიან

142

მარია კანალსს ბარსელონას პიანისტთა 66-ე საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ორი სტუდენტი სანდრო გეგეჭკორი (პედაგოგი – ასოც. პროფესორი ალექსანდრე გარბერი) და თამარ მახარაძე (პედაგოგი პროფესორი სვეტლანა კორსანტია) გაემგზავრება.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, 212 აპლიკანტიდან შეირჩა რამდენიმე ათეული კონკურსანტი. კონკურსში მონაწილეობა 18-36 წლის პიანისტებს შეუძლიათ. სწორედ მათ შორის მოხვდნენ სანდრო და თათა. სანდრო უკვე წარმატებული შემსრულებელია, მას საზოგადოება სხვადასხვა პროექტებიდან და აქტიური საკონცერტო მოღვაწეობიდან იცნობს. თათა სხვა ტიტულებთან ერთად 2019 წლის საქარველოს მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსის გამარჯვებულია, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმართება.

მარია კანალსის კონკურსი დაფუძნდა ბარსელონაში, 1952 წელს, 1958 წლიდან კი გახლავთ ჟენევის “მუსიკის საერთაშორისო კონკურსების” ფედერაციის წევრი. მარია კანალსის კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დიდი კონკურსია და ესპანეთის დედოფლის სოფიას პატრონაჟით იმართება.