ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები „შუშანიკის წამება“ ჰოლანდიურ ენაზე ითარგმნა

201

ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოში იაკობ ცურტაველის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების „შუშანიკის წამების“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. თარგმანი შესრულებულია ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართველი მთარგმნელის არჩილ ჯავახაძის მიერ.

ღონისძიების დასაწყისში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ დიდი მადლობა გადაუხადა არჩილ ჯავახაძეს ნაწარმოების თარგმნისათვის, რითაც ჰოლანდიელ მკითხველს საშუალება მიეცემა, გაეცნოს უძველეს ქართულ ნაწარმოებს „შუშანიკის წამებას“.

პრეზენტაციაზე არჩილ ჯავახაძემ ნაწარმოების თარგმნის პროცესზე, მის შინაარსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე არჩილ ჯავახაძემ დამსწრე საზოგადოებას მის მიერ ქართულ ენაზე დაწერილი წიგნი “ნიდერლანდების სამეფოს პრინცი ბერნარდი” წარუდგინა.

ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე, სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების და ასევე დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნა გამოფენა ქართული ანბანის სამი სახეობა – ასომთავრულად, ნუსხურად და მხედრულად შესრულებული ქართული დამწერლობის ნიმუშები.