„რეზო და ბავშვები“: ევროვიზიაზე ნათლიაჩემმა თუ უნდა წამიყვანოს, არ წავალ!

978

ჯგუფი  „რეზო და ბავშების“ რეზო 4 თვიანი პაუზის შემდეგ, აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას დაუბრუნდა. პროფესიით ხელოვნებათმცოდნე და სცენარისტი რეზო ბლიაძე, ოთხი თვის განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა. გაიკეთა ოპერაცია და ახლა კარგადაა. წლის ბოლომდე ალბომის გამოშვებას აპირებს და არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ევროვიზიაზეც წავიდეს, თუმცა როგორც Allart.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მას თავისი პირობები ექნება. სამომავლო გეგმებზე დაწვრილებით ინტერვიუდან შეიტყობთ.მანამდე კი გეტყვით, რომ „რეზო და ბავშვები“ სიმღერებს  ანიმაცია – „ჟირაფი ჟოზე“-სთვისაც წერს.  სხვათაშორის, ამ ანიმაციის ყველა სიმღერა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზეპირად იცის. როგორ წერენ სიმღერებს და რატომ არ გვსმენია კრიტიკა ჯგუფი „რეზო და ბავშვების“ შესახებ, ამას ჩვენი ვრცელი და გულწრფელი ინტერვიუდან გაიგებთ.

– „რეზო და ბავშვების“ რეზო, ასე უწოდებ შენ თავს. კარიერაში ცოტა ხნით პაუზა გქონდათ, რატომ?

– ნამდვილად, „რეზო და ბავშვების“ რეზო ვარ. კი ასეა. იანვრის მერე აღარ მიმღერია. სიმსივნე მქონდა. ვიმკურნალე. ახლა კარგად ვარ. ჯანზე ვარ და ახალ სიმღერებს ვაკეთებ. ხომ გაგიგია „ზოგი ჭირი მარგებელიაო“? ხოდა, ცოტა ხნით პაუზის აღება, როგორც ყველაფერში, აქაც საჭირო ყოფილა. აანალიზებ და სწორად გეგმავ რაღაცეებს. მაქვს ახალი სიმღერები, ახალი აზროვნება, ახალი მოტივაციები, ახალი ხედვა და მინდა ჯგუფთან ერთად ვიმოქმედო.

– ახალ აზროვნებაში რას გულისხმობ?

– რაღაც სიახლე იქნება. ჟანრობრივ ცვლილებას არ ვგულისხმობ, რადგან  ჩვენ ისედაც არ გვაქვს განსაზღვრული ჟანრი. ჩვენ ვართ ემოციური ბენდი.როგორ ემოციაზეც ვართ, ისე ვქმნით მუსიკას. აი,ზუსტად!„მეგობარო“ – არის ყველაზე ემოციური სიმღერა. როგორ დაიწერა? გავიღვიძე და  ახალმა გაღვიძებულმა დავწერე, რომ ჩემი მეგობრები ესეთები არაინ,ისეთები არიან, დარბიან, დადიან, დიეტაზე არიან, აგებენ-იგებენ, ეუბნები და ვერაფერს იგებენ და ა.შ. გულწრფელი ემოციაა რა, რაც იმ მომენტში მქონდა. მერე მინდოდა ჩემი მეგობარი ლელოსთვის მომესმენინებინა. მივედი მასთან. ეძინა. ვეუბნები მეგობარო გაიღვიძე! ვაა, რაღაცა კარგია-თქო დამისამღერიც ეგ არის. დავწერე მისამღერი, გავაღვიძე, მოვასმენინე და ჩავწერეთ სიმღერა. ეს იყო მართლა გულწრფელი ემოცია, ცოცხალი ემოცია, რა ჟანრია არ ვიცი. რაღაც ჯიგრული, გემრიელი და პოზიტიური კია.

– კრიტიკა თუ გსმენიათ ჯგუფ „რეზო და ბავშვებზე“?

– კრიტიკა? უნიჭო კრიტიკა რა თქმა უნდა მსმენია, მაგრამ არ ყოფილია ისე, რომ ვინმე გამოსულიყო და „დაერტყა“. იცი რატომ არ ხდება ეგ? იმიტომ რომ ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ იმდენად უპრეტენზიო და სადაა, იმდენად ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფია, რომ არ იწვევს აგრესიას. კაი, არ მოგეწონა? არ მოგეწონა და „ვსიო“, ნუ მოგეწონა! როცა ამაზე იწყებ სერიოზულ საუბარს, არასერიოზული ჩანხარ რა.  როცა აკრიტიკებ „რეზო და ბავშვებს“ შენ თვითონ ხარ სასაცილო პოზაში.

– სად შეიძლება მოვუსმინოთ „რეზო და ბავშვებს“?

– „რეზო და ბავშვებს“ შეგიძლიათ მოუსმინოთ ყველგან. ქორწილში, ტყეში,კონცერტზე, და საერთოდ ყველგან. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ „თამუნა და მაიკო“ ბავშვების საყვარელი სიმღერა გახდებოდა. აქ იყო გათვლა, რომ რესტორანშიც ჩაერთოთ „რეზო და ბავშვები“. ამ მიზანს მივაღწიეთ. უამრავ რესტორანში უსმენენ „რეზო და ბავშვებს“. ყველაფერი საიდან წამოვიდა იცი? აი ყველასათვის ძალიან საყვარელმა ადამიანმა, რომლის სახელსა და გვარს არ დავასახელებ, მითხრა: -„კაი ჯგუფია რეზო და ბავშვები, მაგრამ ქორწილში ვერ „ჩაიცვამ“-ო. მეკი მგონია, რომ „რეზო და ბვშვები“ არის ჯგუფი, რომელიც შეიძლება „ჩაიცვა“ ყველაგნ.

– როგორ დაიწერა სიმღერა „ხელი მომკიდე რა“, რომელსაც youtube-ზე ყველაზე მეტი ნახვა აქვს?

– თავიდან ამ სიმღერის, მხოლოდ  მისამღერი მქონდა დაწერილი. მე და ჩემი შვილი ვთამაშობდით პიანინოსთან და დავუწერე ესეთი სიმღერა, რომელსაც არ ჰქონდა სტროფები. პროექტში, სადაც ეს სიმღერა პირველად გაჟღერდა გვქონდა ესეთი მიდგომა, რომ 12 კვირაში 12 ახალი სიმღერა უნდა დაგვეწერა და მომღერლებს ვარჩევდით ან სიმღერის მიხედვით, ან სიმღერას ვარჩევდით მომღერლის მიხედვით. მაშინ ჩვენი ბენდის წევრები იყვნენ ბაბი და პიკასო. მათი ხასიათი, რომ გამახსენდა მივხდი, რომ ეს „ხელი მომკიდე რა“ ძალიან მოუხდებოდათ. ასე შეიქმნა ეს მე-12 სიმღერა, რომლესაც youtube –ზე მართლა ბევრი ნახვა ჰქონდა. სოციალურ ქსელში 300 გვერდს, დაახლოებით 30-ჯერ ჰქონდაატვირთული. ზოგი არალეგალურად იყო ატვირთული, ბევრი ნახვა მიჰქონდა და წავაშლევინეთ. სხვათაშორის, ამ პროექტში ძალიან მაგარი მომღერლები და მუსიკოსები მონაწილეობდნენ. დათო ხუჯაძე, რომან რცხილაძე, მებო ნუცუბიძე, თორნიკე ყიფიანი, სალომე ბაკურაძე, ნუცა ბუზალაძე და ლევან მასპინძელაშვილი.

– ანიმაციისთვისაც წერ სიმღერებს. ცოტა რამ„ჟირაფ ჟოზეზეც“ გვითხარი?

– ანიმაცია „ჟირაფი ჟოზეს“ შექმნისიდეა ეკუთვნის სტუდია „ველოსიპედის“ დამფუძნებელს, რეჟისორსა და მსახიობს გიორგი მარშანიას. მოხდა ისე, რომ ანიმაციას დასჭირდა სიმღერები და ნაცნობ მუსიკოსთან მოვიდა. სიმღერებს ვწერთ მე და მიშა ცინცაძე. „ჟირაფი ჟოზე“ ჩვენი საყავრელი მეგობარია. ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მსმენია, რომ „ჟირაფ ჟოზეს“პოლიტიკოსების ბავშვებიც უყურებენ. ინტერვიუც მაქვს ნანახი, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ იცის „ჟირაფი ჟოზეს“ ყველა სიმღერა. ყველა სიმღერა თუ იცის, ეს ნიშნავს რომ,ჩემი არაერთი სიმღერა ცოდნია ქალბატონ თეას.

– მოდი ისევ „რეზო და ბავშვებს“ დავუბრუნდეთ. სამომავლოდ ევროვიზიაზე გასვლას ხომ არ აპირებთ?

– ვაიმე როგორი რთული კითხვაა იცი? ამ პირობებით და ამ მიმართულებით, როგორც ახლა ხდება ევროვიზიაზე წასვლა, გასვლა და გაძრომა, ეგრე არ მინდა. ევროვიზიაზე თუ წავალთ, რაღაც გარკვეული ჩვენი პირობებით უნდა წავიდეთ. ჩემი აზრით ევროვიზიას სჭირდება კრეატივი, რომელსაც მე პირადად ვერ ვხედავ ბოლო წლების მანძილზე. ჩვენ ვცდილობთ ტრაგედიის გაყიდვას, ჩვენზე უფრო ტრაგიკულ ქვეყნებში და ეგ ძალიან ძნელია. მე მგონია, რომ პოზიტივი უნდა გავყიდოთ. თუ დავჭრიდებით, ჩვენ მზად ვართ ვიყოთ „დისტრიბუტორები“. არ არის პრობლემა. მე მაგალითად ვიმღერებდი „რა მაგარია ქართული ღვინო“, ოღონდ ეს იქნებოდა ღვინოსთან კონტექსტში და ამით ჩვენს ხასიათსაც ვაჩვენებდი. მე რომ შემიკვეთოს ვიღაცამ, მოდი იმღერე ტრაგედიაზე და გაჭირვებაზე, მე მაინც იუმორისტულად გადავწყვეტდი. კრეატივის პროპლემაა დაკიდევ იცი რისი? აი, ქართული პრობლემა რაც არის: ეს იმის ნათესავია, მეგობარია, ის იმასთან კარგად არის, იმან ამას ბავშვი მოუნათლა და ამიტომ უნდა წავიდეს. ეგ არის ცუდი. ეგრე არ მინდა. თუ ევროვიზიაზე ნათლიაჩემმა უნდა წამიყვანოს ეგრე არ წავალ, არ მინდა!

– და ბოლოს, ახალი ალბომის გამოშვებას, როდისთვის გეგმავთ?

– დაწყებული გვაქვს ალბომზე მუშაობა. დაახლოებით 80% ჩვენი ძველი სიმღერები იქნება, ხოლო 20% ახალი. ვფიქრობთ, ძალიან საინტერესოიქნება. ეს არის პირველი ალბომი, რომელსაც 2019 წლის ბოლოსკენ გამოვუშვებთ. ალბომის სახელი ვიცით, მაგრამ საიდუმლოდ დავტოვებთ.