ანტონინ მარტო: ლექსი ვეფხისა და დისტრიბუტორისა

1319

ჯერ ტრაგედია – მერე ფარსი

ჩვენი საუკუნის ნიშანია.

ჯერ იუპიტერი – მერე მარსი

ჩვენი ტელესკოპის ტიხარია.

             სლავოი ჟიჟეკი ლუდს სვამს ბარში

             ბუენოს აირესში…

             მის გვერდზე ბოზები ქეიფობენ,

             და მარქსისტი ახალგაზრდები.

ჩვენი საუკუნე უაზრობისგან იწვის

იწვის გახურებული თავის უმიზნობით.

და ამ დროს დიდდება ვერე

და ამბობს: დიდება ვერეს!

                     დისტრიბუტორს უბრძანეს რომ იყოს მონა

                     დისტრიბუტორს უთხრეს რომ დაემორჩილოს

                     კომერციის დაუნდობელ ანბანს

                     მან დღესაც ლუდი უნდა გაყიდოს.

დისტრიბუტორმა ის ლუდი უნდა გაყიდოს

რომელიც ლაგუნას საწყობში დევს;

იქ გუშინ ვეფხვი დალანდეს

მაგრამ ეს კომერციისთვის გამოსადეგი არაა!

                    გაიგე დისტრიბუტორო?!  ლუდი გასაყიდია

                    შენ ლუდის გამყიდველი ვეფხისტყაოსანი უნდა გახდე!

                    იმიტომ რომ კომერცია გიბრძანებს ვაჭრობის მონობას,

                    ვეფხვს კი მაინც მოკლავენ და მერე იტყვიან ‘ლიკვიდაციას’!

დისტრიბუტორი იღებს ლუდის ყუთებს

დისტრიბუტორი სიკვდილს ეთამაშება

კომერციის სახელით

და ვეფხიც ყელში წვდება!

                  რატომ მკლავ ვეფხო, მე ხომ კომერციის უბრალო მონა ვარ?!

                  იმიტომ გკლავ რომ ჩემი ყოფნა არ შეიმჩნიე!

                  ვეფხო, მე ხომ მთავრობამ მითხრა, კომერცია გააგრძელეო?!

                  იმიტომ გკლავ რომ მთავრობას დაემორჩილე!

ვეფხო, მე ხომ ჭანჭიკი ვარ მხოლოდ?!

ვეფხო, მე ხომ თავისუფლება წამართვეს?!

ვეფხო, მე ხომ თავისუფლება წამართვეს?!

რატომ მკლავ ვეფხო, მე ხომ არავინ ვარ?!

                 იმიტომ გკლავ რომ არავინ ხარ!

                 დისტრიბუტორო, შენ უნდა იყო ის!

                 დისტრიბუტორო, შენ სუნთქვა უნდა შეგეძლოს!

                 იმიტომ გკლავ რომ კომერციას დაემორჩილე!

რატომ მკლავ ვეფხო, მეც ხომ დედა მყავს?

იმიტომ გკლავ რომ დედაშენიც ბიზნესშია!

რატომ მკლავ ვეფხო, ჩემი დედა იტირებს?!

შენი დედა დიდი ხანია ფროიდმა ატირა!

               იმიტომ გკლავ დისტრიბუტორო 

               რომ ფროიდს დაუჯერეთ შენ და დედაშენმა!

               იმიტომ გკლავ დისტრიბუტორო

               რომ სამუშაოს დაკარგვის ჩემზე მეტად გეშინია!

ვეფხო, ნახე რა ლამაზია ქარი ტიფლისში…

მე უკვე ვკვდები ვეფხო, იქით მივდივარ..

ნუ გეშინია დისტრიბუტორო, მალე მეც წამოგყვები

არ მაცოცხლებს კომერცია მე აჯანყებულ ვეფხვს.

             ვეფხო, ნახე რა მშვენიერი ქალი მოდის ლაგუნასკენ..

             ვეფხო, იცი როგორ შემიყვარდებოდა ეს ქალი სიკვდილის წინ..

             ნუ გეშინია, დისტრიბუტორო – მეც დაგეწევი ცოტა ხანში

             კომერცია ვერ იტანს თავისუფალ ვეფხვებს!

ვეფხო, არ ვიცი ეს თაღედი ჩემი სიზმარია თუ ცხადი?

დღეს თაღედი ყველას სიზმარია და ცხადი.

ვეფხო, არ ვიცი ჩემი ცხოვრება სიზმარია თუ ცხადი?

დისტრიბუტორო, გაგვიანდება და ჩქარა წადი!

            ნუ გეშინია, დისტრიბუტორო – მეც დაგეწევი!

           კომერცია ვერ ამიტანს ორ საათზე მეტს.

           კომერციას სძულს თავისუფალი ვეფხვი!

           კომერციას სძულს დისტრიბუტორის ფრენა!

ნუ გეშინია, დისტრიბუტორო – მეც დაგეწევი.

და მეც მყავს დედა, დისტრიბუტორო.

ოღონდ დედაჩემს ფროიდით ტვინს არ უწამლავენ

ის ზოოპარკშიც არ არის – ის ტყეშია!

         იცი რა ვეფხო – დედაჩემს შურს დედაშენის

        დედაშენი თავისუფალი ვეფხია!

        დედაჩემი კი ციხეში ჩასვა ფროიდის ფანტომმა

        პენისის შურის ციხეში, ვეფხო!

მოვდივარ ბედნიერი საიქიოში, ვეფხო

მოვრჩი მე ლუდის დისტრიბუციას!

აღარ მინდა ხავერდის სიზმრები

და იქ – ვიცი რომ ერთად ვიქნებით!

         იქნებ მეც გავხდე კომერციისგან თავისუფალი ვეფხი.

        ტფილისის კაპიტალის ჯუნგლებში მე ხომ სულ ციხეში ვიჯექი.

        ვეფხო, მე მოვდივარ – შენთან ერთად იმ ქვეყანაზე

        იქ ორივენი თავისუფლები ვიქნებით.