თაკო მექვაბიძე: 2020 წელს მოდის სამყაროში ქაოსია

531

მოდის სამყაროში ქართველი დიზაინერი თაკო მექვაბიძე ათი წლის წინ გამოჩნდა. ის ძირითადად ქალისა და  ბავშვის სამოსს ქმნიდა. თუმცა მამაკაცის ხაზითაც აქვს გამოცდილება. ამჟამად კი, მხოლოდ ქალის ხაზის კოლექციის შექმნითაა დაკავებული. მიზეზი მარტივია – წელიწადში ორ სეზონს აკეთებს და ყოველი კოლექციის დასრულების შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, მეორე კოლექციაზე მუშაობას იწყებს. ეს კი, როგორც თაკო ამბობს დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს. ბათუმელი დიზაინერი ფიქრობს, რომ წარმატებისთვის მთავარი საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულია. როგორც ჩანს, მას მართლაც უსაზღვროდ უყვარს ეს საქმე, რადგან მის მიერ შექმნილ სამოსს, ბევრი ცნობილი ადამიანი ირგებს, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. მაგალითად, მომღერალ გრეისი მეის 2010 წელს თაკოს კაბა ეცვა. ეს ის პერიოდი იყო, როცა დიზაინერი მოდის ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამდა. თაკო სულ დაკავებულია. ახლაც ახალ კოლექციაზე მუშაობს.გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ჩვენთვის დრო მაინც გამონახადა სიამოვნებით გვამცნო 2020 წლის მოდის ტენდენციები. თურმე წელს მოდის სამყაროში ქაოსია მოსალოდნელი. როგორც დიზაინერი, თაკო საახალწლოდ რჩევასაც გვაძლევს და მრავალი ჩვენებიდან მისთვის განსაკუთრებულ ჩვენებას იხსენებს.

– თაკო, გაგვარკვიე რას ნიშნავს ქაოსი მოდის სამყაროში?

– მოკლედ, წელს მოდის სამყაროში რაღაცნაირად ქაოსია. შეიძლება ითქვას, რომ კონტრასტების ეპოქაა, იმიტომ, რომ 2020 წლის მოდის ტენდენციებში ერთი, რომელიმე კონკრეტული სტილი არ გვხდება. მაგალითად მომავალ წელს აქტუალური იქნება, როგორც ბურჟუაზიული, ისე პანკური სტილი. შევხვდებით 80-იანი წლების მოდას. ბრჭყვიალა ტანსაცმელი, მეტალისებური ქსოვილები, წელში გამოყვანილი სილუეტი, ეს ყველაფერი სწორედ 80-იან წლებს მოგვაგონებს. ასევე აქტუალური იქნება ჰუდები, გრძელი, მუხლს ქვემოთ ლაბადები, მოკლე კაბები, შავი კოლგოტები, შორტები (სქელ უხეშძირიან ბოტასებზე), ასევე კუბოკრული ქსოვილები პატარა პრინტებით.რაც შეეხება ფერს. წელს მოდაშია ლურჯი, რძისფერი ტონები, ასევე ნარინჯისფერი და ამ სეზონზე ნეონიც ძალიან აქტუალური იქნება.

– მალე ახალი წელი მოდის. გვირჩიე რა ჩავიცვათამ დღეს, რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ?

– რა თქმა უნდა, ტენდენციებს უნდა მივყვეთ, თუმცა ვფიქრობ, ადამიანს რაც უხდება, ის უნდა ჩაიცვას. მით უმეტეს, რომ წელს მოდის ტენდენციები ფართო არჩევანის საშუალებას იძლევა. ესე კონკრეტულად საუბარი გამიჭირდება, მაგრამ მაინც ჩემი რჩევაა, რომ ახალ წელს ბრჭყვიალა, მხიარული და ღია ფერის სამოსი ჩაიცვან.

მოდის ბიზნესში წარმატების მისაღწევად რა არის მთავარი?

– ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს რა სფეროა, მოდა თუ სხვა დანარჩენი. წარმატებისთვის მთავარია სიყვარული იმ საქმის მიმართ, რომელსაც ემსახურები.საქმეს, რომელსაც სიამოვნებით აკეთებ, ის ყოველთვის გამოდის. რა თქმა უნდა, ნიჭი და შრომისმოყვარეობა აუცილებელია, გამართლებაც მნიშვნელოვანია და საერთოდ, ვფიქრობყველაფერიცოტა-ცოტა საჭიროა.

– წლებია დიზაინერი ხარ და ბევრ ჩვენებაზე გაქვს მონაწილეობა მიღებული. რომელი ჩვენებაიყო შენთვის გამორჩეული?

– ახლა ვფიქრობ ჩვენებებზე და ვიხსენებ, რომელი იყო ჩემთვის ყველაზე გამორჩეული.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური იყო,

ჩემი პერსონალური ჩვენება, რომელიც წელს ზაფხულში, პირველად ბათუმში ჩავატარე.  ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ემოცია, რომელიც არც ერთ ჩვენებაზე მე არ მქონია. სხვათა შორისპრესის მხრიდანაც გამოხმაურება საკმაოდ დიდი იყო. იმიტომ, რომ ჩვენებაზე მსოფლიო დონის ჟურნალები ჩამოვიდნენ. იყო დაინტერესება  ამერიკიდან, იტალიიდან, უკრაინიდან. მათ ძალიან კარგი სტატიები დაწერეს, როგორც ჩემ ჩვენებასთან დაკავშირებით, ისე ბათუმზე და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ რაღაცნაირად ჩემ ქალაქსაც გავუწიე პოპულარიზაცია. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი რაც კი აქამდე, ამ 10 წლის განმავლობაში გამიკეთებია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი პორტალის საშუალებით კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ჩვენების ორგანიზებაში დამეხმარა. 

თაკოს სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. ამჯერად დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა დაგვპირდა, რომ სიახლეებს არ გამოგვაპარებს.