თბილისში „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“ გაჟღერდება

713

6 – 14 დეკემბერს, თბილისში  „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“ ჩატარდება. კლასიკური მუსიკის ცენტრი (სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, საქართველოს მწერალთა სახლთან და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან პარტნიორობით, წელს მეორედ ატარებს პროექტს სახელწოდებით „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“.

ორგანიზატორების განცხადებით, პროექტის ფარგლებში დედაქალაქის სხვადასხვა სივრცეში კლასიკური მუსიკის კონცერტების ციკლი, 6-14 დეკემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და მსოფლიოში გამოჩენილი მუსიკოსები.

6 დეკემბერს ცნობილი გერმანელი მევიოლინე კოლია ბლახერი და აშშ-ში მცხოვრები თურქი პიანისტი ოზგურ აიდინი გახსნიან კონცერტების ციკლს. ღონისძიებას სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი უმასპინძლებს.

8 დეკემბერს საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ კამერული ორკესტრი „ოპერის კამერატა“ (ხელმძღვანელი – ლელა მჭედლიძე), რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით, და სოლისტები: ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის 2019 წლის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები ჯულია პუსკერი და ევა რაბჩევსკა.

10 დეკემბერს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში საფორტეპიანო მუსიკის კონცერტს გამართავს კანადაში მცხოვრები გამოჩენილი ვიეტნამელი პიანისტი დანგ ტაი შონი.

14 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში პოლონეთის ახალი თაობის ერთ-ერთი წამყვანი სიმფონიური ორკესტრი – ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრი (დირიჟორი – მირიან ხუხუნაიშვილი) და პოლონელი პიანისტი, 2017 წლის არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი, შიმონ ნერინგი გამართავენ კონცერტს „პოლონური მუსიკა თბილისში“. ღონისძიება თანადაფინანსებულია პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ, კულტურის ხელშეწყობის ფონდიდან.

მსოფლიოს მდიდარი მუსიკალური ტრადიციების ქვეყნებში უკვე დიდი ხანია, კლასიკური მუსიკის კონცერტების ჩასატრებლად წარმატებით იყენებენ არატრადიციულ, ალტერნატიულ სივრცეებს, ისეთებს, როგორიცაა ამორტიზებული ფაბრიკები და ქარხნები, მუზეუმებისა და გალერეების დარბაზები, ბიბლიოთეკები და ა.შ., რაც, ერთი მხრივ, ემსახურება კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და, მეორე მხრივ, ზრდის მსმენელთა უფრო ფართოდ მოზიდვას – საზოგადოების იმ ფენებიდანაც, რომლებიც იშვიათად დადიან ტრადიციულ საკონცერტო დარბაზებში.