„ფერთა სიმფონიის დიდოსტატად“ აღიარებული მხატვრის კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

51

დიდი ქართველი მხატვრის, სცენოგრაფის და „ფერთა სიმფონიის დიდოსტატად“ აღიარებული სოლიკო ვირსალაძის შემოქმედების ამსახველი ორენოვანი კატალოგის პრეზენტაცია 3 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, სასახლის თეთრი ნიმფების დარბაზში, კატალოგის პრეზენტაციასთან ერთად, ფართო საზოგადოებისათვის საგანგებოდ გამოიფინება მუზეუმის გამოყენებით ხელოვნების ნიმუშთა ფონდში დაცული, სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილი ეროვნული კოსტიუმები.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელ საქართველოში აქამდე არ არსებობდა სოლიკო ვირსალაძის შემოქმედების ამსახველი სრულფასოვანი კატალოგი. ხელოვნების სასახლეში დაცული მხატვრის ნამუშევრების აბსოლუტური უმეტესობა კი ფართო საზოგადოებისათვის პირველად ხდება ხელმისაწვდიმი, რაც აღნიშნულ გამოცემას  სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციასთან ერთად ექსკლუზიურობასაც სძენს.