ვახო ჯაჯანიძე: კარლოს რეიგადასი მთელი რეტროსპექტივით იქნება წარმოდგენილი

344

მსოფლიოში თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ფიგურა კარლოს რეიგადასი 3 დეკემბერს საქართველს ეწვევა. მექსიკელი კინორეჟისორი პროექტის „თანამედროვე კინოს დიდოსტატებისა“ და „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ კოლაბორაციის შედეგად, ქართველი კინემატოგრაფისტებისთვისმასტრეკლასებს გამართავს. პროექტის ავტორმა ვახო ჯაჯანიძემ allart.ge-სთან ინტევრუში აღნიშნა, რომ  ეპოქიდან ეპოქამდე კინომეტყველების ფორმები ყოველთვის ვითარდება  და განიცდის ევოლუციას, სწორედ ამიტომ აუცილებელია საქართველოში ისეთი ფორმატის დანერგვა, რომელიც ქართველ ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებსა და პროფესიონალებს თანამედროვე კინოს შესახებ გამოცდილებას გაუზიარებს. უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს პროექტი, რატომ შეირჩა წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში მექსიკელი კინორეჟისორი და რა თემაზე იქნება საუბარი  მასტერკლასზე? ამ და სხვა კითხვებზე ვრცელ პასუხებს პროექტ „თანამედროვე კინოს დიდოსტატების“  ავტორისგან გაიგებთ.

– რას გულისხმობს პროექტი „თანამედროვე კინოს დიდოსტატები“?

– ეს არის რეგულარული პროექტი, რომელიც საქართველოში თანამედროვე კინოს მეტყველების ფორმების დანერგვასა და განვითარებას  ემსახურება. ეს კი თავისი არსით მოიცავს მასტერკლასებისა და ვორქშოპების  ერთობლიობას წლიდან წლამდე.  წლის განმავლოაში მსოფლიოს სხვადასხვა  კუთხიდან ჩვენ სხვადასხვა ტიპის ძალისხმევით ის ავტორები ჩამოგვყვას,  რომლებიც დღეს შემოქმედების ზენიტში არიან. ამ ადამიანების  კინო დღეს არის ისეთი ცოცხალი და მნიშვნელოვანი, რომ მაყურებლამდე ყველაზე კარგად და საინტერესოდ მიდის მათი ფილოსოფია და ნააზრები. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში დავნერგოთ უახლესი ფორმატი, რომლის შედეგადაც ქართველი ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები და პროფესიონალები ისწავლიან  და მიიღებენ გამოცდილებას, თუ, როგორ უნდა მიაწვდინო თანამედროვე მაყურებელს საკუთარი ნააზრევი.

– რატომ შეირჩა წლევანდელი ღონისძიებისთვის მექსიკელი კინორეჟისორი კარლოს რეიგადასი?

– კარლოს რეიგადასი გამორჩეულია თავისი ხელწერით, პრინციპში მისი ხელწერა ჰგავს ძირითადი კლასიკოსი ავტორების ესთეტიკას,  მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ადამიანმა ალბათ თავისი ადრეული შემოქმედების პერიოდში, ამ კლასიკოსებისგან  ბევრი ისწავლა.  დროთა განმავლობაში კი დამოუკიდებელი და უნიკალური  ხელწერის მქონე ავტორად ჩამოყალიბდა, რომელიც  ფილმიდან ფილმამდე ისე ვითარდება, რომ არცერთი მისი ნამუშევარი  ერთმანეთს არ ჰგავს. არის სრულიად განსხვავეული და ის ყოველთვის მიმართავს მკვეთრ ექსპერიმენტებს, პირველ რიგში ხმის და გამოსახულების თვალსაზრისით და მგონია, რომ ქართული სივრცისთვის ამ ადამიანთან ურთიერთობა, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება.

– მასტერკლასის თემა რა იქნება?

– მასტერ კლასის თემას რაც შეეხება, მე წინასწარ შევუთანხმდი რეიგადასს. მასტერკლასს გავყოფთ ორ ნაწილად. პირველ დღეს, იდეის  ჩამოყალიბებიდან დაწყებული გავივლით ყველა ეტაპს. სცენარის შექმნისა და შემოქმედებითი ჯგუფის შეკრების ეტაპს და მათთან მუშაობის პრაქტიკას, ასევე გავივლით თვითონ გადაღების პროცესს. ურთიერთობას ოპერატორთან, მხატვართან და რა თქმა უნდა მსახიობებთან, შემდეგ  სხვა მხატვრულ და შემოქმედებით დეპარტამენტებთან.

მეორე დღის განმავლობაში უკვე ჩვენ გვექნება ფილმის გადაღების შემდგომ ეტაპზე საუბარი. აქ ვისაუბრებთ მონტაჟზე, ფერისა და ხმის კორექციაზე. ასევე, ვისაუბრებთ, თუ რა ენაა დღეს, 21-ე საუკუნეში შემოქმედებითი კინო, რა გამოწვევები და თავისებურებები აქვს მას. რით განსხვავდება  ძველი  კინოსგან და გასული საუკუნისგან და რა არის ამ ეპოქაში მნიშვნელოვანი და აქტუალური.

– როგორია პროექტის მიმართ საზოგადოების ინტერესი?

– მე ეს პროექტი 2018 წლის ბოლოს შევქმენი და 2019 წელს ჩვენ უკვე გვყავდა მაისი-ივნისის თვეში პირველი სტუმარი. ეს იყო ესპანელი კინორეჟისორი ალბერტ სერა, რომელმაც ჩაატარა სამ დღიანი საინტერესო და მნიშვნელოვანი ვორქშოპი ქართველი მაყურებლისთვის. ერთის მხრივ მან ისაუბრა თავის უნიკალურ გამოცდილებაზე, იმაზე თუ, როგორ ხედავს ფილმის შექმნის პროცესს და როგორია მისი მეთოდოლოგია ამ მიმართულებით. მეორეს მხრივ,  ეს იყო სრულიად ახალი  ტენდენციების ერთობლიობა კინემატოგრაფიაში, რომელიც ქართველი  მაყურებლისთვის აღმოჩნდა ნოვატორული  და საინტერესო. სამ დღიანი მასტერკლასის განმალობაში, რომელიც  თითო 4 საათი შესვენების გარეშე გრძელდებოდა, დარბაზი იყო სრულიად სავსე, მაყურებლები  ამ ავტორის შემოქმედებით კმაყოფილები დარჩნენ. ამის შემდეგ  2019 წლის ნოემბერში შემოდგომის სესია ჩავატარეთ და ჩვენგვესტუმრა სახელოვანი  რუსი თანამედროვე კინორეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი, რომელმაც ასევე სამ დღიანი მასტერკლასი ჩაატარა. სერასგან განსხვავებით, ამ ზვიაგინცევის მეთოდოლოგია უფრო ახლო იყო  კლასიკურ ფორმებთან, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა,  მისი გამოცდილება და მისეული ხედვა კინოს შექმნის პროცესებთან დაკავშირებით დიდ ინტერესს იწვევდა. აუდიტორიის რაოდენობა და ინტერესი, სესიიდან სესიამდე სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.

სიმართლე გითხრათ, თავიდან როცა ამ პროექტს ვქმნიდი საკმაოდ მეშინოდა, იმიტომ რომ სარისკო პროექტი იყო მრავალი კუთხით, პირველ რიგში ფინანსური თვალსაზრისით. ნამდვილად რთულია ამ პროექტისთვის თანხების მოძიება. მეორე მხრივ, თვითონ ეს ადამიანები, იმდენად თავის შემოქმედებით ზენიტში არიან, რომ რთულია დაითანხმო, რადგან მათ არ აქვთ დრო,  მაგრამ მიუხედავად ამისა ჩემი შიში გაქარწყლდა, როცა დავინახე აუდიტორიის მხრიდან, როგორი დაინტერესება გამოიწვია ამ პროექტმა და შესაბამისად მე გადავწყვიტე ამ პროექტს მიეცეს რეგულარული სახე და წლის განმავლობაში ორი, მინიმუმ ერთი  სტუმარი ჩამოვიყვანო საქართველოში. იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრების ვიზიტი და შესაბამისად პროექტი აუცილებლად განაგრძობს თავის ფუნქციას.

– როგორ მოხერხდა კარლოს რეიგადასის ჩამოყვანა?

– თავდაპირველად თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში  უნდოდათ კარლოს რეიგადასის ჩამოყვანა, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო ეს ვერ მოხერხდა.  შემდეგ კი მე დამოუკიდებლად, ჩემი პროექტის ფარგლებში ვეხმიანებოდი  და შევთანხმდით, რომ 2020 წლის დეკემბერში ის გამონახავდა დროს და ჩამოვიდოდა. ამასობაში თბილისის კინოფესტივალი ისევ ჩაერთო საქმეში და გადავწყვიტეთ  ერთობლივად გაგვეკეთებინა ეს ღონისძიება.

მექსიკელი კინორეჟისორი კარლოს რეიგადასი პროექტ „თანამედროვე კინოს დიდოსტატების“ ფარგლებში 3-4 დეკემბერს 14:00 საათზე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის I ადმინისტრაციულ კორპუსში, ინტენსიურ სამ საათიან მასტერკლასს ჩაატარებს, ხოლო 7-8 დეკემბერს ფართო აუდიტორიას საშუალება ექნება შეხვდეს ამ ადამიანს. ცნობილია, რომ რეიგადას კონოფესტივალზე საპატიო სტუმრის ჯილდოს გადასცემენ. ის იქნება წლევნდელი პროგრამის ფოკუს რეჟისორი და რეიგადასი მთელი რეტროსპექტივით იქნება წარმოდგენილი.