თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა

29

1 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გახსნის ცერემონიის შემდეგ, მაყურებელმა ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი „შანტაჟი“ ცოცხალი მუსიკის თანხლებით იხილა. ფილმს მუსიკალური აკომპანიმენტი გაუწია „ალტერ-ორკესტრი“ მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით.

ფილმის ჩვენების შემდეგ, კინოთეატრ “ამირანის” ფოიეში შეკრებილ სტუმრებს ბრიტანეთის საბჭომ უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ კინოფესტივალი მაყურებელს სხვადასხვა სექციებში გაერთიანებულ 100-მდე ნამუშევარს უჩვენებს.

კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის საპატიო პრომეთე გადაეცემათ ქართველ რეჟისორ ირაკლი კვირიკაძეს და მექსიკელ რეჟისორს კარლოს რეიგადასს.

ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვივნენ გერმანელი კინოოპერატორი ფრედ კელემენი და ბრიტანელი ოსკაროსანი სცენარისტი ქრისტოფერ ჰემფტონი.