ფოლკლორის ცენტრში ხალხური საღამოები გაიმართება

671

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში ხალხური საღამოები იმართება.

 22 ნოემბერს, 19:00 საათზე ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი თბილისში, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში კონცერტს გამართავს.

ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი 2010 წელს შეიქმნა. რეპერტუარშია საქართველოს ყველა კუთხის სიმღერა და ცეკვა. აქცენტი კეთდება იმერულ სასიმღერო დიალექტსა და ქორეოგრაფიაზე.

კონცერტზე გაჟღერდება ქართული სასიმღერო ფოლკლორის ნიმუშები ტრადიციული საკრავების თანხლებით.

ანსამბლის წარმომადგენლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოიარეს. მოიძიეს სიმღერები, ცეკვები პირველწყაროდან და სწავლობენ მათ.

 2013 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანადგომით ანსამბლმა გამოსცა აუდიოალბომი.

2014-2016 წლებში გამართა ათზე მეტი სოლო კონცერტი საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში.

2015-2016 წლების ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალში, ანსამბლს ლაურეატის წოდება ხალხურ სიმღერასა და ცეკვაში მიენიჭა.