გაიოზ კანდელაკი: ჩემი სანუკვარი ოცნებაა „ფესტივალი ნანგრევებზე“ დავაარსო

247

თბილისის ბიგ-ბენდის დამაარსებელი, საქართველოში პირველი ჯაზ კლუბის, როკ და ჯაზ ფესტივალების ორგანიზატორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, „ხელოვნების ქურუმის“ მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე გაიოზ კანდელაკი ჯაზის საწყისებსა და მომავალზე allart.ge-ს ესაუბრა.

ის წლებია წარმატებით ხელმძღვანელობს ორკესტრს და როგორც თავად ამბობს, ამაყობს, რომ ჯაზის განვითარებაში წვლილი მიუძღვის. თუ რა წვლილზეა საუბარი ამაზე ვრცლად ქვემოთ გიამბობთ. მანამდე კი გეტყვით, რომ ბატონ გაიოზს ბევრი პროექტი წარმატებით გაუკეთებია და ახლაც არაერთი საინტერესო გეგმა აქვს, რომლებზეც აუცილებლად მოგახსენებთ. სხვათა შორის ამ გეგმების სიაშია ერთი პროექტი, რომლის იდეაც დიდი ხნის წინ გაუჩნდა. მრავალი პროექტის წარმატებით განხორციელების მიუხედავად, ეს დღემდე ვერ განახორციელა და არც ის იცის შეძლებს თუ არა, ოდესმე ამ იდეას ფრთა შეასხას. თუ რა იდეაზეა საუბარი, ამაზე ბატონი გაიოზი თავად ისაუბრებს.

„ეს აფხაზეთთან დაკავშირებული თემაა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი სანუკვარი ოცნებაა. მე მინდოდა სოხუმში ყოველწლიური  ფესტივალი „ფესტივალი ნანგრევებზე“დამეარსებინა. დაჭყლეტილ ტანკებს და ზარბაზნებს დავდებდი სანაპიროზე და იქ მოვაწყობდი სცენას. მოვიწვევდი სამხედრო ორკესტრს, რომელიც დაუკრავდა ჯაზს. ჩემი ბიგ-ბენდიც იქ იქნებოდა, როგორც პატრონი. აი ესეთი იდეა მქონდა და მაქვს. მე თუ არა, ჩემი შვილი კახა კანდელაკი და „ისტერნ-პრომოუშენის“  ბიჭები გააკეთებენ ამას, ამაში დარწმუნებული ვარ. ახლა ამას რომ ვფიქრობ, გიჟად ხომ ჩამთვლიან“? – განაცხადა გაიოზ კანდელაკმა.

ბატონი გაიოზისთვის ჯაზი ცხოვრების წესია. მუსიკალურ სამყაროში, მუსიკის ეს მიმდინარეობა  მისთვის უპირველესია. ჯაზი მისი ცხოვრების არჩევანია და როგორც თავად ამბობს, დღემდე კეთილსინდისიერად ემსახურება, გარდა ამისა აღნიშნა, რომ ბიგ-ბენდი საზოგადოებას მსოფლიო შედევრებს ასმენინებს. ასევე, მოტივირებულია მსმენელისა და ახალგაზრდების გემოვნების განვითარებაზე. ამ მიზნით, უკვე რამდენიმე წელია, თბილისის ბიგ-ბენდი უნივერსიტეტებში უფასო კონცერტებს მართავს.

„საქართველოში ჯაზი განვითარებულია და საერთოდ, ქვეყანაში ბიგ-ბენდის არსებობა დიდი ფუფუნებაა“,– თქვა ბატონმა გაიოზმა და ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე არგუმენტი დაასახელა.

„საქართველოში ჯაზი განვითარებულია და გეტყვით რატომ. აი, მაგალითად ძველ თბილისში კაფეები და რესტორები რომ გაიხსნა, იქ არის ჯაზის საღამოები. ე.ი. თითქმის ყველა რესტორანში, მუსიკოსი დაკავებულია ჯაზით და მსმენელიც ჰყავთ, შემოსავალი კაპიკებია თუ რაც არის აქვთ. გარდა ამისა, თბილისის ბიგ-ბენდიდან ერთი გოგონა, მარი პავლიაშვილი ამერიკაში წავიდა. მერე თაკო გაჩეჩილაძემ პრემიები დაიმსახურა, ესენი ჩვენი სოლისტები არიან. ქალბატონი მაია ბარათაშვილი რამხელა მომღერალია, საერთაშორისო მოღვაწეობას ეწევა ჩვენ ორკესტრთან ერთად. 

ახალგაზრდები ძალიან ანთებულები არიან. ჩვენი მუსიკოსები ატარებენ ლექციებსა და მასტერკლასებს. ბიგ-ბენდის რეპერტუარში 60 ნაწარმოებია, რომელთა არანჟირება გივი გაჩეჩილაძემ გააკეთა. მე არ მეგულება საქართველოში მეორე ადამიანი, ვინც არანჟირებას ესეთ მაღაღ დონეზე აკეთებს. უფრო მეტს გეტყვით, ამერიკელები ჩვენი ბიგ-ბენდის არანჟირებას ითხოვენ. ყველა მაღალი დონის მიღებაზე ჩვენ ბიგ-ბენდს იწვევენ. თვალი რომ გადავავლოთ საკონცერტო რაოდენობებს, მოთხოვნის მიხედვით ერთ-ერთი ლიდერები ვართ საქართველოში.

ყოველ წელს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოში ამერიკის საელჩოში კონცერტს ვმართავთ, სადაც ძალიან ბევრი მსმენელი ესწრება. ქვეყანაში ბევრი ჯაზ ფესტივალი ტარდება, სადაც მაღალი დონის ცნობილი მუსიკოსები და შემსრულებლები ჩამოდიან და ეს ცოტა ამბავი არაა“,  – აღნიშნა ბატონმა გაიოზმა.

ბატონი გაიოზი ამ წარმატების საწყისად, მის მიერ ბარათაშვილის ხიდის ქვეშ დაარსებულ პირველ ჯაზ კლუბს მიიჩნევს. ამბობს, რომ ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო. ცნობილია, რომ პირველი ჯაზკლუბიდან, რამდენიმე მუსიკოსი დღესაც თბილისის ბიგ-ბენდის წევრია, ერთ-ერთი მუსიკოსი კი უკვე 80 წლისაა.

თბილისის ბიგ-ბენდის დამაარსებელს კარგად ახსოვს, როგორ ვითარდებოდა ჯაზი საქართველოში და რა გზა გაიარა. 90-იან წლებში შეიქმნა ჯაზის აკადემია, სადაც პროგრამული სწავლება მიმდინარეობდა. აკადემიამ ორი წელი იარსება და ფინანსების არ ქონის გამო დაიხურა. ამის შემდეგ კონსერვატორიაში შეიქმნა ჯაზის კათედრა.მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური სკოლა არსებობს, საიდანაც რამდენიმე მუსიკოსი თბილისის ბიგ-ბენდში წამოიყვანა, ფიქრობს, რომ აუცილებელია ასეთი მუსიკალური სკოლის შექმნა. საქართველოში ჯაზის განვითარებას დიდი ბიძგი მისცა 1998 წლიდან  სისტემატიურმა ჯაზ-ფესტივალებმა, რომელიც საქართველოში ტარდებოდა.

საბჭოთა კავშირში პირველი და უკანასკნელი როკ ფესტივალის ორგანიზატორი ბატონი გაიოზი იყო. ფესტივალი საქართველოში ჩატარდა და 24 როკ ანსამბლი მონაწილეობდა. ამის შემდეგ საქართველოში ჩატარდა გრანდიოზული ჯაზ-ფესტივალი, რომელიც ერთ-ერთი უპირველესი იყო ევროპაში. რა თქმა უნდა, ამ ფესტივალის ორგანიზატორიც ბატონი გაიოზი გახლდათ.

რაც შეეხება დღეს არსებულ სიტუაციას. ბატონი გაიოზი მოხარულია, რომ უამრავი ჯაზ-ფესტივალი ტარდება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ჯაზის განვითრებას. მაგალითად, თბილისისა და ბათუმის ჯაზ-ფესტივალი. „ჯაზის ღვინის ფესტივალი“, რომელიც წელს წინანდალში გაიმართა. გვიყვება, რომ ორდღიან ფესტივალს დიდი რეზონანსი მოჰყვა. გარდა ამისა ყოველი წლის 30 აპრილს, თბილისში მსოფლიო ჯაზის დღე იმართება, სადაც თბილისის ბიგ-ბენდი აქტიურად მონაწილეობს.ასევე, საჭიროდ მიიჩევს საქართველოში უცხოელი შემსრულებლების ჩამოყვანას, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯაზი კიდევ უფრო განვითარდეს.

„საქართველოში ვინც ჩამოდიან, მსოფლიო დონის ხალხია. ძალიან დასაფასებელი საქმეა და მას ხელშეწყობა სჭირდება. ეს დიდი პოლიტიკის ნაწილია, იმიტომ, რომ დიდი მომღერლები თავის ხალხს შთაბეჭდილებას უზიარებენ“,– განაცხადა გაიოზ კანდელაკმა.

საუბრის დასასრულს ბატონი გაიოზი საფრთხეებზე ალაპარაკდა. თუმცა იმედიანადაა, რადგან ფიქრობს, რომ  ბოლოს მაინც წესიერება გაიმარჯვებს.

„ჯაზი და პატრიოტიზმი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. მინდა იცოდეთ, რომ ზოგიერთი „ვირთხა“ გამოხტა, რომლებიც ვერ შედგნენ და მედროვეები არიან. მათ უნდათ, რომ წაგვლეკონ, მაგრამ მე მჯერა, რომ ბოლოს წესიერება გაიმარჯვებს“, – განაცხადა ბატონმა გაიოზმა.

და ბოლოს, „მეტეხის“ თეატრის დამაარსებელი; მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ იდეის ავტორი, დამაარსებელი და პროდიუსერი; ასევე, „ისტერნ-პრომოუშენის” მრჩეველი; 1997 წლიდან თბილისის მუნიციპალური სახელმწიფო ორკესტრის „ბიგ-ბენდი”-ს დამაარსებელი და მთავარი კონსულტანტი გაიოზ კანდელაკი, ალბათ შეძლებს ოდესმე თავისი სანუკვარი ოცნება აიხდინოს და კიდევ ერთ ფესტივალს „ფესტივალი ნანგრევებზე“ საფუძველი ჩაუყაროს.