მე-18 საუკუნის ვიოლინო პატრონს დაუბრუნეს

695

მე-18 საუკუნის დაკარგული ვიოლინო პატრონს დაუბრუნეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ბრიტანელ მუსიკოს სტივენ მორისს, 320 ათასი ევროს ღირებულების  ვიოლინო მატარებელში დარჩა. მან დასახმარებლად ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციას მიმართა. მოგვიანებით ვიოლინოს დაკარგვის შესახებ ინფორმაცია პრესითაც გავრცელდა.

სამართალდამცველებმა გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ახალგაზრდა კაცი ნახეს, რომელსაც ვაგონიდან გამოსვლისას ხელში ვიოლინოს ჩანთა ეკავა.

მუსიკალური ინსტრუმენტის მპოვნელი კაცი მორის დაუკავშირდა და მე-18 საუკუნის ვიოლინო გადასცა.

პოლიციის ცნობით, კაცს ბრალს არ წაუყენებენ, რადგან კაცმა განაცხადა, რომ მან მატარებლიდან ვიოლინო, სწორედ მფლობელისთვის დაბრუნების მიზნით წამოიღო.