„აპოკა და ლიფსი“ – გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი ახალ ფილმზე მუშაობს

209

რეჟისორი და მხატვარი გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი ახალ ფილმზე მუშაობს. „აპოკა და ლიფსი“ – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც მარტოხელა, ხანდაზმული მამაკაცის ცხოვრებას მოგვითხრობს. რეჟისორმა ფილმზე მუშაობა 3 თვის წინ დაიწყო და ჯერ არ დაუსრულებია. უფრო კონკრეტულად რას მოგვითხრობს ფილმი და როგორ ვითარდება სცენარი,  ამის შესახებ გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი Allart.ge-ს ესაუბრა.

„დაწყებული მაქვს ახალ ფილმზე მუშაობა. ფილმის სახელია „აპოკა და ლიფსი“. ამბავი ბებერ და მარტოხელა კაცზეა. ამ კაცს პრინციპულად არ მოჰყავს ცოლი. ფილმის მთავარ გმირს ჰყავს ინგლისელი მეგობარი – ბილ მაკალისტერი. ბილი მეგობარს ჩუქნის გასაბერ ქალს – ეს ჩემი ფანტაზიაა. ამ კაცმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და ეს საჩუქარი გადააგდო. მერე შეეცოდა და საჩუქარი დაიბრუნა. გასაბერ ქალს ჩააცვა ისე, როგორც ქართველ ქალს შეეფერება. ერთი სიტყვით, გადააქცია წესიერ ქართველ ქალად. ბოლოს კი გამოვიდა ისე, რომ უკვე სიბერეში მაინც შეირთო ცოლი“, – ამბობს რეჟისორი Allart.ge-სთან საუბრისას.

„აპოკა და ლიფსთან“ დაკავშირებით რეჟისორმა მეტი ინფორმაცა არ გაგვიმხილა, თუმცა გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილმა Allart.ge-სთან ინტერვიუში სიამოვნებით გაიხსენა ბავშვობა და ის პერიოდი თუ რატომ და რის გამო დაიწყო ფილმების გადაღება.

რეჟისორმა ფილმების გადაღება 33 წლის ასაკში დაიწყო. მანამდე მხატვრობით იყო დაინტერესებული. როგორც თავად ამბობს, უყვარდა „ბლატაობა“ და ვერაზე სეირნობა. იყო მექალთანე და არაფრისმაქნისი. იზრდებოდა ბებიასთან და კარგად ახსოვს, როგორ სთხოვდა ბებია, მიხეილ თუმანიშვილს, რომ გზაზე დაეყენებინა ახალგაზრდა ბიჭი. არც ბიძის, მიხეილ თუმანიშვილის სიტყვები დავიწყებია როცა თქვა: „ამ ბიჭისგან არაფერი გამოვაო“. ამ სიტყვებით განაწყენებულმა გადაწყვიტა ბიძისთვის დაემტკიცებინა, რომ მისგან ყველაფერი გამოვიდოდა.

როგორც ჩანს რეჟისორი საკუთარ თავში დარწმუნებული იყო. მისმა პირველმა ფილმმა „პრემიერა“ მალევე მოახდინა სენსაცია და არაერთი პრიზიც დაიმსახურა. სწორედ ამის შემდგეგ გააგრძელა ფილმების გადაღება, თან საკმაოდ წარმატებულად.

გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილის ფილმები ჟანრობრივად შერეულია. ის არ ცნობს, მხოლოდ მხატვრულ ან დოკუმენტურ ფილმს. სწორედ ჟანრობრივი კონტრასტულობით ჰგავს მისი ფილმები ერთამნეთს.

ახალი ფილმით, რეჟისორი სტანდარტებს არღვევს. ფიქრობს, რომ „აპოკა და ლიფსი“ მაყურებლის დიდ მოწონებას დაიმსახურებს.