„ანტიკური რომის ფერები. მოზაიკა კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან”

120

2019 წლის 10 ოქტომბრიდან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, დამთვალიერებელიპირველად იხილავს საერთაშორისო მასშტაბის არქეოლოგიურ გამოფენას, რომელიც წარმოგვიდგენს შთამბეჭდავ მოზაიკას კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან.

კაპიტოლიუმის მუზეუმებში დაცული მოზაიკა, რომელიც თბილისში წარსდგება, რომის წარსულის ხელშესახებიკვალი და მემკვიდრეობის ნაწილია. მოზაიკის თითოეული ფილა განსხვავდება ზომით, ფორმითა და ფერით, მაგრამ ამ ფილების ერთობლიობა ანტიკურ ხანაზე მოგვითხრობს და დამთვალიერებელს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, ქალაქ რომის მდიდარ და გასაოცარ ისტორიას გაეცნოს.

გამოფენაზე წარმოდგენილიარომში აღმოჩენილი 21 მოზაიკა, რომლებიც ძვ.წ. II – ახ.წ.IV საუკუნეებითთარიღდება.ეს ნამუშევრები ზედმიწევნითასახავს მოზაიკის ტექნიკის განვითარების ეტაპებს და ოსტატების შემოქმედებით თუ საშემსრულებლო უნარებს. გარდა ამისა, ამ ნამუშევრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ იცვლებოდა დამკვეთების გემოვნება და მოდა რომის რესპუბლიკური ხანიდან გვიანდელი იმპერიის პერიოდამდე. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა, იხილოს ყველანაირი ტექნიკის ნიმუში და მრავალფეროვანი დეკორატიული მოტივები, აღმოაჩინოს ანტიკური ხელოვნების სიახლოვე თანამედროვე ხელოვნებისა და გრაფიკული დიზაინის კონცეფციებთან.

მოზაიკა ფართოდ გავრცელებული ხელოვნება გახლდათ და გამოიყენებოდა რომის შეძლებული და საშუალო ფენის მოქალაქეთა საცხოვრებლების კედლებისა და იატაკის მოსართავად, ასევე, ამშვენებდა საზოგადოებრივ თუ დასაკრძალავ ნაგებობებს. მოზაიკა ასახავს ანტიკური რომის საზოგადოებასა და მის წეს-ჩვეულებებს. დახვეწილი ორნამენტებით და მდიდარი დეკორით შემკული მოზაიკა გვაფიქრებინებს იმდროინდელ „გლობალიზებულ სამყაროზე”, რომელშიც ერთი და იგივე მოდელი ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრით დაშორებულ ადგილებში გამოიყენებოდა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ვრცელი და დეტალური საილუსტრაციო მასალა და ტაბლეტზე ჩატვირთული მულტიმედიური გზამკვლევი ხელს უწყობს მოზაიკის სხვადასხვა ტიპისა და ტექნიკის, ასევე, ნამუშევრის კომპოზიციური სქემისა და იმ მრავალრიცხოვანი დეკორატიული ელემენტის უკეთ აღქმას, როგორიცაა: გეომეტრიული თუ ფოთლოვანი ორნამენტები, მითოლოგიური ეპიზოდები და პერსონაჟები, რეალური ცხოვრებიდან აღებული თუ სიმბოლური დატვირთვის მქონე სცენები. გამოფენის იმერსიული მოწყობა, რომელიც კომპანია Ebag-მა განახორციელა, მნახველს შესაძლებლობას აძლევს შეიგრძნოს რომაული საცხოვრებლის ატმოსფერო.

შერჩეული ნამუშევრები, რომელთა შორისაა იატაკისა და კედლის უძველესი მოზაიკის ნიმუშები, წარმოადგენს კაპიტოლიუმის იმ კოლექციის ნაწილს, რომელიც შეგროვდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან მეოცე საუკუნის პირველ წლებამდე, მას შემდეგ, რაც რომი იტალიის სამეფოს ახალ დედაქალაქად გამოცხადდა(1870წ.) და ქალაქში მასშტაბური მშენებლობები და გათხრები დაიწყო, რომლისდროსაც დიდი რაოდენობით არტეფაქტი აღმოჩნდა.

გამოფენა იმართება იტალიური კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში იტალიის საელჩოსა და საქართველოს მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება. ექსპოზიცია ჩართულია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსმიერ დაფინანსებულ პროგრამაში #VivereALL’italiana. ექსპოზიცია ხორციელდება Roma Capitale-ს (იტალიის დედაქალაქის მუნიციპალური ტერიტორიის) კულტურის განვითარების ხელშეწყობის სამსახურისა და კაპიტოლიუმის კულტურული მემკვიდრეობის ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას. გამოფენა, რომელიც ბულგარეთსა და სომხეთშიც გაიმართა, კომპანია Glocal Project Consulting-ისსაორგანიზაციო მხარდაჭერით ხორციელდება.

გამოფენის სამეცნიერო ნაწილს კურირებს კაპიტოლიუმის კულტურული მემკვიდრეობის ზედამხედველობის დეპარტამენტი, გამოფენის კურატორები კი არიან კლაუდიო პარიზი პრეზიჩე და ნადია ანიოლი.

აღსანიშნავია,რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი მრავალი წელია თანამშრომლობს კაპიტოლიუმის მუზეუმებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, 2011 წელს, ეროვნულმა მუზეუმმა, რომში გამოფენა „ოქროს საწმისი. საქართველოს ანტიკური საგანძური” წარადგინა. 

დამთვალიერებელი გამოფენას 10 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე იხილავს!

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3