პირველად ACE producers-ის ახალ წევრთა შორის ლაშა ხალვაში დასახელდა

546

16 სექტემბერს, გავლენიანმა გამოცემამ Screendaily-მ გამოაქვეყნა იმ პროდიუსერთა სია, რომლებიც ACE producers-ის გაერთიანების ახალი წევრები გახდნენ. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცნეტრი ავრცელებს.

პირველად, ACE producers-ის წევრთა შორის დასახელდა პროდიუსერი ამიერკავკასიის რეგიონიდან – ლაშა ხალვაში.

ACE producers დამოუკიდებელი, გამოცდილი პროდიუსერების გაერთიანებაა. იგი 1993 წელს დაარსდა და მას დღეს უკვე 250 აქტიური წევრი ყავს 45 ქვეყნიდან.

ACE producers-ის ახალი წევრები 2019/2020 წლის პროექტების განვითარების პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 3 სესიისგან შედგება. სამუშაო შეხვედრები ჰელსინკში, პრაღასა და ამსტერდამში გაიმართება. პროგრამის ფარგლებში ლაშა ხალვაში თინათინ ყაჯრიშვილის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარებაზე იმუშავებს სახელწოდებით „თევზაობა“.

სამუშაო სესიების შემდეგ ედინბურგში გაიმართება ღონისძიება, სადაც ახალი წევრები ოფიციალურად გაწევრიანდებიან ACE producers-ის გაერთიანებაში.

პროგრამა მხარდაჭერილია „შემოქმედებითი ევროპის“ მედია პროგრამის მიერ. ასევე, მისი პარტნიორები არიან სხვადასხვა ქვეყნის კინოფონდები, პროფესიული გაერთიანებები და ტელევიზიები.