ბი ბი კინგი 94 – ემოციებთან მიერთებული გიტარა

321

1925 წლის 16 სექტემბერს, შტატ მისისიპის ქალაქ იტა ბენაში
ბლუზ–გიტარის მეფე, რაილი ბი კინგი დაიბადა. მამამისმა ოჯახი მაშინ მიატოვა, როდესაც ბიჭი 5 წლის გახდა. დედის მეორედ დაქორწინების შემდეგ კინგს ბებია ზრდიდა.

რაილი ბაპტისტურ ტაძარში გოსპელებს მღეროდა, ხოლო 12 წლის ასაკში პირველი გიტარა 15 დოლარად შეიძინა. 1948 წელს კინგი დასავლეთ მემფისში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ რადიოსადგურზე დაიწყო მუშაობა. დისკ–ჟოკეობის დროს მას მეტსახელი Beale Street Blues Boy ჰქონდა, თუმცა შემდეგ ის შეამოკლეს და მან B.B. დაირქვა.

1949 წელს კინგმა ხმის ჩამწერ კომპანია RPM Records–სთან კონტრაქტი გააფორმა.

გიტარა სახელად ლუსილი

1949 წელს ბი ბი კინგს ერთ–ერთ კლუბში კონცერტი ჰქონდა. მისი გამოსვლის დროს კლუბში ჩხუბი მოხდა, რომლის დროსაც დარბაზის გასათბობად საჭირო ნავთით სავსე კონტეინერები გადაყირავდა და ხანძარი დაიწყო. გარეთ გამოსულმა კინგმა აღმოაჩინა, რომ დარბაზში გიტარა დარჩა და საკუთარი სიცოცხლის ფასად მის დასაბრუნებლად შენობაში დაბრუნდა. მეორე დღეს მუსიკოსმა შეიტყო, რომ ჩხუბი გოგონას გამო მოხდა, რომელსაც ლუსილი ერქვა. ამ ისტორიის გამო, მან თავის გიტარასაც “ლუსილი” დაარქვა.

1950-იან წლებში ბი ბი კინგმა რითმ ენდ ბლუზის სამყაროში სახელი მოიხვეჭა. კომპოზიციამ “The Thrill Is Gone”მას გრემი მოუტანა. ჟურნალ Rolling Stone-ის რეიტინგში კინგმა 138–ე ადგილი მოიპოვა.

1970–იან წლებში მისი სიმღერები ჰიტ–აღლუმების პირველ ადგილებს იკავებდნენ.

1980 წელს კი კინგი ბლუზის დიდების დარბაზში შევიდა, ხოლო 1987 წელს როკ–ენ–როლის დიდების დარბაზშიც მიიღეს.

ბი ბი კინგი 2015 წლის 14 მაისს ნევადაში გარდაიცვალა.