„ოპერა რეგიონებში“ იწყება

25

11-დან 24 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში მოსახლეობას საოპერო წარმოდგენების ადგილზე მოსმენის შესაძლებლობა ექნება. ინფორმაცია facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

პროექტი “ოპერა რეგიონებში” მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას. პროექტი ემსახურება საოპერო ხელოვნების გაცნობას იმ მოსახლეობისთვის, ვისაც დედაქალაქში ჩამოსვლის და ოპერის თეატრში სპექტაკლებზე დასწრების საშუალება არ აქვს.

კამერული, ე.წ. სალონური ოპერა საქართველოში სიახლეა. აჭარის, სამეგრელოს, იმერეთის, კახეთის, ქართლის, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას საშუალება ექნება ნახოს რეჟისორ ირინა გაჩეჩილაძის მიერ დადგმული კამერული ოპერა – ჯან კარლო მენოტის „ტელეფონი”. ეს ოპერა ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა ვენის “ფოლქსთეატრის” მცირე სცენაზე დადგა, მანამდე კი ირინა გაჩეჩილაძის სპექტაკლი ლონდონში “სალონურ ოპერაში” და ბრატისლავაში “ზიჩი პალასში” იყო წარმოდგენილი. სპექტაკლში რამდენიმე მუსიკოსი მონაწილეობს, მათ შორის არიან უცხოეთში მოღვაწე ქართველი მსახიობები და მომღერლები: ვენიდან (ავსტრია) სოპრანო რუსუდან ბარბაქაძე და პიანისტი გიორგი კაჩინსკი, აგრეთვე ჩელისტი ჰეზერ ლესლი ჰოლანდიიდან. საქართველოდან მონაწილეობენ ბარიტონი დიმიტრი შაფაქიძე, მსახიობი ფილიპე გრეჩულევიჩი და ჩელისტი გიორგი კიკაბიძე.

კამერული ოპერის გარდა, სპექტაკლის მეორე ნაწილში მუსიკოსები ასევე შეასრულებენ საოპერო და კლასიკურ ნაწარმოებებს.

საოპერო წარმოდგენები რეგიონებში 11 სექტემბრიდან დაიწყება და პირველი სპექტაკლი იქნება ქალაქ ბათუმში, ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში. 14 სექტემბერს მუსიკოსები ზუგდიდში გადაინაცვლებენ და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში წარმოადგენენ სალონურ ოპერას. 15 სექტემბერს სპექტაკლი გაიმართება ჭიათურაში, ა. წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრში. შემდეგი ჩვენება 18 სექტემბერს დუისის (პანკისის ხეობა) კულტურის სახლში იქნება. 19 სექტემბერს მუსიკოსები ნიქოზში ჩავლენ და შიდა ქართლის სოფლებიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამართავენ წარმოდგენას კულტურის ცენტრში. კამერული ოპერის ტური რეგიონებში 24 სექტემბერს ახალქალაქში, კულტურის სახლში დასრულდება.