კარიკატურა – დაცინვის ხელოვნება

94

კარიკატურა არის სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც კონკრეტული ადამიანის, მოვლენისა თუ ფაქტის დაცინვას ემსახურება. თითქოს რთულია კარიკატურა ხელოვნების სფეროს მიუსადაგო, რადგანაც მისი აღქმა მარტივი და ხელმისაწვდომია. მიუხედავად ამისა, კარიკატურამ დიდი ისტორია გამოიარა და დღეს ის დიდ ყურადღებას იმსახურებს.

კარიკატურა იტალიური სიტყვიდან calicatura მოდის და გაზვიადებას ნიშნავს. როგორც ცნობილია, ტერმინი გროტესკული ხასიათის გამოსახულებების ასაღწერად XVI საუკუნის ბოლოს ანიბალემ და აგოსტინო კარაჩიმ გამოიყენეს. თუმცა, მითების დაცინვა და დამცირება არც ძველ ცივილიზაციებში იყო უცხო. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში ნაპოვნია ადგილობრივი ჩინოვნიკების გამოსახულებები, რომლებიც შეიძლება კარიკატურულად ჩაითვალოს.

ძველი ბერძნები ფერწერას თითქმის ყველაფერში იყნებდნენ. მაგალითად, ამფორებსა თუ სხვა ჭურჭელზე, მხატვრები პოლიტიკოსების, საპატიო მოქალაქეებისა და ოლიმპოს ღმერთების სატირულ გამოსახულებებს ხატავდნენ.

ძველ რომში კი მხოლოდ იმპერატორის მეტოქეების დაცინვა იყო შესაძლებელი. ბარბაროსული ტომების წარმომადგენლებს განგებ ამახინჯებდნენ და ცხოველების ტყავში გამოწყობილებს ხატავდნენ. ბევრი უძველესი კარიკატურა ეროტიკული ხასიათის იყო, ამის ნათელი მაგალითი პომპეის სახლებში შემორჩენილი ფრესკებია.

რენესანსის პერიოდის კარიკატურა კი ლეონარდო და ვინჩის სახელს უკავშირდება. დაახლოებით 1490 წელს მან ხუთი ადამიანის გროტესკული გამოსახულება შექმნა.

რენესანსის პერიოდში გრაფიკის ახალი ჟანრის – კარიკატურის ჩამოყალიბებას, მხატვრების მიერ “ადამიანური” სიუჟეტების შექმნის გარდა, ახალმა ტექნოლოგიებმაც შეიწყო ხელი. გამოსახულებები სხვადასხვა მასალისგან შექმნილ “ფიცრებზე” იხატებოდა, ხოლო შემდეგ ქაღალდზე გადაჰქონდათ.

პიტერ ბრეიგელ უფროსი

გრავიურის ტექნიკითა და ოფორტაზე მუშაობდნენ ცნობილი ფერმწერები ლუკას კრანახი, პიტერ ბრეიგელი (უფროსი) და ა.შ.

ჯუზეპე არჩიმბოლდო

ასევე კარიკატურაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ჯუზეპე არჩიმბოლდო, რომელიც სიურეალიზმის წინამორბედად ითვლება.

კარიკატურის ჟანრად ჩამოყალიბება XVI საუკუნეს უკავშირდება, რადგანაც მსგავსი გამოსახულებების გავრცელებას გერმანიაში რეფორმაციისა და 1524-1526 წლებში ომის პერიოდმა შეუწყო ხელი. შემდგომშიც ჟანრის პოპულარიზაცია ისეთი მსხვილი საზოგადოებრიც–პოლიტიკური ძვრების პერიოდებს ემთხვეოდა, როგორებიც იყო 1618-1648 ომი, XVI-XVIII საუკუნეების რევოლუციები.

ჯ.ლ.ბერნინი

კარიკატურის დამოუკიდებელი ესთეტიკური მნიშვნელობა რომანტიკოსებმა მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში გაიაზრეს. თუმცა, XVII-XVIII საუკუნეებში კარიკატურის ხელოვნებას მიმართავდნენ უმსხვილესი ოსტატები – ჯ.ლ.ბერნინი, გვერჩინო, ჯ.ბ. ტიეპოლო, ჟ. კალო.

პ.ლ.გეცი

პირველი მხატვარი, რომელმაც სრულად მიუძღვნა თავი კარიკატურას პიერ ლეონე გეცი იყო.

რევოლუციის შემდგომ საფრანგეთში კარიკატურის ჟანრის ოქროს ხანა დადგა. პარიზში მხატვარმა და ჟურნალისტმა, შარლ ფილიპონმა დააარსა ჟურნალი “La Caricature”. ფილიპონმა სახელი საფრანგეთის მეფის, ლუი–ფილიპის კარიკატურებით სახელი სწრაფად გაითქვა. მონარქის სახეს ის მსხლის გამოსახულებით ცვლიდა. რა თქმა უნდა, ცენზურამ პასუხი აგებინა კარიკატურისტებს, მათ სოლიდური ჯარიმა გადაახდევინეს, თუმცა ეს პოპულარობისთვის გაწეული გადასახადი გახდა.

ონორე დომიე

ფილიპონის სახელი ონორე დომიეს კარიკატურების ქვეშაც გაჩნდა. ცენზურისგან თავის დასაცავად დომიეს ხშირად უწევდა მასალების ფსევდონიმით გამოქვეყნება. ბოდლერი ამბობდა, რომ დომიე, “არის ის, ვინც კარიკატურა სერიოზულ ხელოვნებად აქცია.”

დავიდ ლოუ

მეოცე საუკუნეში კარიკატურამ განვითარების ახალი გზა იპოვა და ამჯერად, პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცა, რაც განსაკუთრებით აქტუალური იყო მეორე მსოფლიო ომის დროს.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ შრუბერიში ყოველ წელს კარიკატურისტთა ფესტივალი ტარდება.