დღეს ბიძინა კვერნაძის დაბადების დღეა

264

“სიღნაღში დავიბადე, მაგრამ ახლა იქ სახლი არა მაქვს და კარი… ერთმა მკითხა, სიღნაღში რათ დაიბადეო, ვეხუმრე: სხვაგან სამშობიაროები არ იყო და დედაჩემი იქ წაიყვანეს-მეთქი… სინამდვილეში იქ ცხოვრობდნენ ჩვენი მშობლები. მამა პროვიზორად მუშაობდა სიღნაღის საავადმყოფოში… ახლა იქ ბოდბის დედათა მონასტერია, საბჭოთა დროს კი საავადმყოფო იყო. დედა, ნინო ნადირაშვილი შეძლებული ოჯახის შვილი იყო, მის მშობლებს უზარმაზარი სახლი ედგათ სოფელ მაჩხაანში. 1924 წელს პაპა დახვრიტეს, დედაჩემი და მისი ძმები დააპატიმრეს. პაპაჩემის სახლში შემდეგ ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმი გახსნეს. ყველაფერი წაგვართვეს. მაშინ ხომ ხალხის დაჭერა “მებელიანად” ხდებოდა… კახეთიდან მარტო კახური როხროხა ლაპარაკი და იუმორის გრძნობა გამომყვა, სხვა არაფერი…

დედა მუსიკოსი იყო, გერმანიაში განათლებამიღებული. თურმე სულ ოცნებობდა, კომპოზიტორი გავმხდარიყავი. 31 წლისა გარდაიცვალა. მე არ მახსოვს დედა… თითქოს ბუნდოვნად ვხედავ ვიღაც გარდაცვლილი ქალის სახეს, მაგრამ დედა იყო თუ არა, არ ვიცი… 
დედა რომ არ მყავდა, ამის გამო ბევრჯერ მიტირია, გულჩათხრობილი ვიყავი… მწარეა ობლობა. 
სულ კახეთში კი არ ვიყავი, თბილისშიც ჩამოვდიოდი, ბიძაჩემთან – დედის ძმასთან, გიორგი ნადირაშვილთან. მოხდენილი და გონიერი კაცი იყო. ბევრი რამ ვისწავლე მისგან. 

ერთი ძაღლი მყავდა თბილისში – ბობიკა, ძალიან მიყვარდა. ბიძაჩემი რომ გარდაიცვალა, ბობიკაც სამ დღეში დარდით მოკვდა.
თბილისში დამემართა მუცლის ტიფი და ძლივს გადამარჩინეს. 
სხვათა შორის, მე რომ ბიძამ თბილისში ჩამომიყვანა, მტკვარზე კუნძული იყო. სად წავიდა ის კუნძული, არ ვიცი… ეჰ, ეგრე გაქრა ბევრი რამე ძველი ცხოვრებიდან…
ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, მათემატიკას ვერ ვსწავლობდი, სამაგიეროდ, ქართული და ისტორია მიყვარდა… ცოტას ვცუღლუტობდი კიდეც. ერთი-ორჯერ მთელი დღე კუთხეშიც კი მამყოფეს მასწავლებლებმა…

პირველი სიყვარულიც სკოლაში მეწვია. მახსოვს, საჩუქრები მიმქონდა იმ გოგოსთვის…
16 წლამდე მუსიკისა არაფერი ვიცოდი. სახლში პიანინო გვქონდა, ჩემი და მეცადინეობდა ხოლმე. მეც მივდიოდი პიანინოსთან, მაგრამ კი არ ვუკრავდი, ვაბარტყუნებდი…
ომი დასრულდა და სკოლაც დავამთავრე. ჯარში უნდა წავსულიყავი. ძალიან არ მინდოდა ჯარში წასვლა. გამოსავალიც მოვძებნე… ნიჭიერთა ათწლედთან გაიხსნა სკოლა-ინტერნატი “ხანდაზმული” ბავშვებისთვის. მეც ხანდაზმული ვიყავი – 17 წლისა ვხდებოდი. მისაღებ გამოცდაზე მაგიდაზე დააკაკუნებდნენ და უნდა გაგემეორებინა, მე კი ვერ გავიმეორე. ყურადღებით არ ვიყავი ალბათ და იმიტომ… ოთარ ხატიაშვილიც აბარებდა ჩემთან ერთად, მერე ის გენერალი გახდა. თავიდან ის მიიღეს და მე – არა. კიდევ კარგი, ბოლოს რაღაცნაირად მეც დამრთეს სწავლის ნება, თორემ ჯარში რომ წავსულიყავი… 

მუსიკალურში რომ ვიყავი, რატომღაც გული ავიცრუე და თავს ვანებებდი. ჩემმა პედაგოგმა, ტერეზა არონიშიძემ სულ ძალით გამაჩერა. მაშინ ჯარში მიჰყავდათ ჩვენი თაობის ახალგაზრდები და მეც უკვე მინდოდა ჯარისკაცობა. კიდევ კარგი, დამაკავეს, თორემ ახლა სადმე კარტოფილის გამფცქვნელი ვიქნებოდი… მუსიკა რომ არა, სხვა რა უნდა მეკეთებინა? რაკი გაუწაფავი ვიყავი, იმდენს ვმეცადინეობდი დაკვრაში, ხელები გამიშეშდა, ახლაც ატროფირებული მაქვს ცალი ხელი მაშინდელი დიდი დატვირთვის გამო. დღე და ღამე ვმუშაობდი. სამი წელი ამოსუნთქვის დრო არ მქონია… აბა, ისე როგორ გინდა… ბიჭისგან გასაკვირია ასეთი შრომისმოყვარეობა? სულაც არა. 
აბა ნიჭი რა არის? შრომისმოყვარეობა ნიჭიერების ნაწილია. მუზაო, რომ იტყვიან… რა მუზა, რის მუზა! უნდა იჯდე და მუშაობდე და მაშინ მოგივა მუზაც და მაშინ მიაგნებ, რასაც ეძებ.

მახსოვს, ინსტრუმენტი უნდა აგვერჩია, რომელზეც დავუკრავდით. ბავშვებმა ყველაფერი დაიტაცეს, როგორც ჩანს, კონტრაბასს ვერ მოერივნენ და მე რომ მივედი, მხოლოდ ისღა იდგა ოთახში… კონტრაბასი მერგო… 

უშველებელი ყუთი იყო. კარგი პედაგოგი გვყავდა, მაგრამ ნახევარი ტონით მაღლა გვიწყობდა ინსტრუმენტს, ჩვენ ნახევარი ტონით დაბლა ვუკრავდით. რომ გამოვიდოდით კონცერტზე, იქ კიდევ ერთი ტონით დაბლა ვუკრავდით და ვიყავით არეულ-დარეული… ისეთი ბზუილი გამქონდა, მეგონა, ბზიკები მეხვეოდნენ და მკბენდნენ. მერე კონტრაბასს მივანებე თავი და კომპოზიციაზე გავაგრძელე სწავლა. კონსერვატორიაში ადვილად მიმიღეს. აბა რას იზამდნენ, კონტრაბასზე სხვა არავინ უკრავდა!

ბევრი სპექტაკლი გამიფორმებია მუსიკალურად, დამიწერია სიმღერები ფილმებისთვის. ერთ ფილმში საჭირო იყო ქურდი კაცის სიმღერა დამეწერა… მეც დავწერე პეტრე გრუზინსკის ლექსზე “ასეთია ქურდი კაცის ბედი”. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამ სიმღერას ასე აიტაცებდნენ. არ დაიძრა მთელი კრიმინალური სამყარო ჩვენკენ!.. მოდიოდნენ ჩემთან ავტორიტეტები, ატანდნენ მოსაკითხს… რამდენჯერმე მოსულან და უთქვამთ, თქვენ ოღონდ გვითხარით და თუ ვინმე მოსაკლავია, დღესვე მოკვდებაო… არავინ მყავს მოსაკლავი და მე ხომ არ მომკლავთ-მეთქი, – ვპასუხობდი. ხან ღამეც მოსულან ჩემთან… ახლა ამ სიმღერის გამო მგონი ძლივს გადავრჩი აკრძალვას. თვითონ სიმღერა კი აუკრძალავთ… აკრძალონ, რა ვქნა. როგორიც ვარ, ეგეთი ვარ, ახლა რაც უნდა თქვან ჩემზე, ვერაფერს დამაკლებენ.

წყარო