უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი პირვანდელი იერსახით აღდგება

36

უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ტარიელ ჩარქსელიანის კოშკის ნაწილი, რომელიც გუშინ ჩამოიშალა, აღდგენას ექვემდებარება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა. მისივე თქმით, უშგულში ოცდაათამდე ობიექტის პროექტირება იგეგმება და მათ შორის იქნება აღნიშნული კოშკიც.

„ასეთი პროცესები მუდმივად ხდება სამწუხაროდ. კატასტროფა ნამდვილად არ არის, ექვემდებარება აღდგენას და არსებობს მთელი  რიგი მასალები, რათა დაუბრუნდეს პირვანდელი იერსახე. შარშანწინაც ჩამოინგრა ჩარკვიანების კოშკი უშგულში და დავიწყეთ რეაბილიტაცია. ჩვენ პერმანენტულად ვმუშაობთ ჩაჟაშში, სადაც 30-მდე ობიექტი კეთდება წელს. ასევე 30-მდე ობიექტის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდმა, და სწორედ მათ შორის არის უშგულში გუშინ ჩამონგრეული კოშკიც“,- ამბობს ანთიძე.

უშგულში  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ტარიელ ჩარქსელიანის კოშკი გუშინ  ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე, 2019 წლის ბოლომდე 20 კოშკი და მაჩუბი უნდა განახლდეს. შესაბამისი ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოცხადებული აქვს.