ჟანრი ლოლაშვილი: ეს ჯილდო საქართველოში მე და ილია მეორეს გვაქვს

3113

მხატვარი და მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისთანაც საუბარი ერთდროულად საინტერესო და საყურადღებოა. მიზეზი ალბათ ასაკი და ის გამოცდილებაა, რომელიც 77 წლის განმავლობაში ქართველმა ხელოვანმა დააგროვა. სწორედ ამიტომ მას მოიხსენიებენ, როგორც „ადამიანი ისტორია“, რომელსაც წილად ხვდა ჯილდო, საქართველოში მხოლოდ ორ ადამიანს რომ აქვს, მას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. რას ამბობს თავად ჟანრი ლოლაშვილი ამ ჯილდოზე, ჩვენი ვრცელი და იუმორნარევი  ინტერვიუდან შეიტყობთ. ასევე, გაიგებთ ვინ და რატომ დასაჯა მსახიობი, რომელმაც დედამიწას სამჯერ შემოუარა. Allart.ge კი ბატონ ჟანრის პირველად სტუმრობს და იმედს ვიტოვებთ, რომ აქ აუცილებლად დავბრუნდებით „უმანკოებით“ შექმნილი ნამუშევრების უკეთ სანახავად, რომელიც ამჟამად დიდ და გადათეთრებულ ოთახში თავს სათანადოდ ვერ იწონებენ, არადა ეს ხომ ის ნამუშევრებია, რომლებსაც ბატონი ჟანრი მთელი გულით ქმნის.

– ბატონო ჟანრი მხატვრობა თუ თეატრი, რომელი საქმე უფრო გიყვართ?

– ორივე! იმიტომ, რომ ერთმანეთს ხელს არ უშლის. მხატვრობაც და თეატრიც ორივე ილუზორული სამყაროა. ჩემზე ყოველდღიური ყოფა ცუდად მოქმედებს, ამიტომ ილუზორულ სამყაროში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. როცა ამ სამყაროში იმყოფები, მაშინ არც სახელი გაქვს, არც გვარი, არც პიროვნება ხარ. უბრალოდ სამყაროს ნაწილი ხარ. მაგრამ რა არის იცით? ხატვის დროს, მე თვითონ ვარ რეჟისორი, სცენოგრაფიც და საერთოდ ყველაფერი. თეატრში კი რეჟისორზე ხარ დამოკიდებული. ამდენად მხატვრობაში უფრო თავისუფალი ვარ, რადგან აქ თვითონ ადგენ შენი ცხოვრების შიდა განაწესს.

– როდის დაიწყეთ ხატვა და რა იყო თქვენი შთაგონების წყარო?

– ეს ისეთივე კითხვაა, რომ მკითხოთ როდის დაიბადე და რატომო. იმ „დღლიდანდღევანდღლამდე“ . ბავშვობაში მამაჩემმა დამიხატა ინდაური, ისეთი ფანტასტიური ინდაური იყო, რომ მერე მეც ვცადე მისი გამეორება, მაგრამ  რაშია საქმე იცი?! ბავშვობიდან მქონდა ეს, მაგალითად მეტროს ქვაში, მარმარილოებში, რაღაც მაგიდებში, ფაქტურებში პირდაპირ ნახატს ვხედავდი. ახლა ბუნებრივ რაღაცეებში მაგალითად ხეში ვხედავ. როცა ნატურას ვარჩევ, შიშველ სხეულებს ბევრს ვხატავ. მიმაჩნია, რომ მხატვრობაში ყველაზე მთავარი ესაა. წინასწარ არასდროს ვიცი რას დავხატავ. ვდებ რამდენიმე ფერს, ვიწყებ რაღაცის ქექვას, ვაერთებ, ხან ვშლი სპექტრებად, მერე თვითონ გკარნახობს საით უნდა წახვიდე. არ მესმის იმ ადამინების, ვინც ამბობს, რომ „აი მე დღეს გადავწყვიტე დავხატო ობობა“! ასეთი რაღაცეები არ მახასიათებს.

– მაშინ რა გახასიათებთ, როგორია ჟანრი ლოლაშვილი?

– რაღაც სიკეთეებთან ერთად გაიძვერაც ვარ. მავნეც ვარ კაცო. სია, რომ ჩამოვთვალო იმდენი საშინელება მჭირს, რამდენიც ყველა ადამიანს. ვერ ვიტან სერიოზულ ადამინებს. ძალიან მეზიზღებიან. მერე, მოგონილი ხრიკია, რომ საკუთარი თავის მანკიერი მხარეები დამალო. მე პირადად 5 ბალიანი სისტემიდან საკუთარ თავს 3 ქულით შევაფასებდი. ადამიანი, პირველ რიგში უნდა იყოს პიროვნება. ადამიანი, როცა სცენაზე დგას თქვენ წარმოიდგინეთ ეტყობა, არის თუ არა ის პიროვნება. სტატიკურადაც, რომ იდგეს მიხვდები.  მე ფიზიონომისტი ვარ და ვგრძნობ არის თუ არა ღირსეული. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

– გვიამბეთ ჯილდოზე, რომელიც საქართველოში მხოლოდ თქვენ და ილია მეორეს გაქვთ.

– კი, ჯერ-ჯერობით ასეა. ერთი ჩვენ პატრიარქს აქვს და მეორე მე. ეს არის 10 ქვეყნის ჯილდო, რომლის ცენტრი არის ჟენევაში. წელს დაბადების დღეზე ერთ-ერთ გადაცემაში მიმიწვიეს და უცხო ქალბატონმა მაჩუქა. რომ მეკითხებიან რა დამსახურებისთვის მიიღეთ, მე ვპასუხობ „რატომღაც“. არ ვიცი იმათ რა მოეჩვენათ (იცინის). ეტყობა გადახედეს სხვადასხვა სქოლიოებს, მე სამჯერ შემოვუარე დედამიწას და ალბათ მსოფლიო მოქალაქედ მთვლიან. ფიქრობენ, რომ მე ვარ „ადამიანი ისტორია“. ამდენად თქვენ ახლა ესაუბრებით „ადამიან ისტორიას“. ჩემი თაობა თითქმის ყველა წასულია და შეიძლება ითქვას ჟამთააღმწერელი ვარ. (იცინის).

– სერიალში „ცხელი ძაღლი“ თქვენ გამომძიებლის როლს თამაშობდით. უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიონალურად ასრულებდით. საინტერესოა, ამ პროფესიაზე ადრე თუ გიფიქრიათ?

– კაცო, ციხიდან დამირეკეს! „ბატონო ჟანრი მართლა „ოპერი“ ხომ არ ხარ? რა მაგრად ასრულებო“! მერე დამელაპარაკა ერთი ადამიანი, რომლის კლიჩკა იყო „ჩაი“. მეუბნება: „ბიჭო შემჭამეს რა! წამომცდა, რომ გიცნობ და ბოდიშს გიხდი“! მე ვუთხარი რას ლაპარაკობ. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო იყოს ის, რაც მაგათ მითხრეს. არის ადამიანი, რომელიც საერთოდ ხმას არ გაგცემს. არც ნახატზე არც შენ შესრულებულ როლზე. არადა ყველაზე დიდი ნიჭიერება არის სხვისით აღტაცება და არა საკუთარი თავით ტკბობა. 

– მინდა ისევ მხატვრობას დავუბრუნდეთ. თქვენ, როგორც მხატვარი დღევანდელ საქართველოს როგორი ნახატით გადმოსცემდით?

– არა! არა! არ ხდება ამის ესე დიფერენცირება. დროის ნიშანი ყველა ადამიანს აქვს ფსიქიკაში, ამიტომ გინდა თუ არა დროის ნიშანი ჩანს მხატვრის შემოქმედებაშიც.

ფრაზა, რომელსაც მხატვარი და მსახიობი დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ამბობს არის – „არა“! ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი რამეა ძნელად დასათანხმებელი. თუმცა ჩვენ allart.ge-ს ნამდვილად გაგვიმართლა, რადგან ინტერვიუზე თანხმობა მარტივად მივიღეთ. უფრო მეტიც, წლების განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები სანახავად დიდი დარბაზის კარი ფართოდ გაგვიღეს. რაც ჩვენ ვნახეთ ფოტოზე აღვბეჭდეთ და ახლა სიამოვნებით გიზიარებთ.  ფოტო კოლაჟში იხილავთ ბატონ ჟანრისთვის განსაკუთრებულ ნახატს – ხეს. ასევე  მხატვრის მეუღლის, თათული დოლიძის მიერ აღმოჩენილ ნამუშევარს. როგორც ქალბატონი თათული ამბობს ამ ნახატში მხატვრის სახე კარგად დაინახა. ჩვენ ნამუშევრების მცირე  ნაწილს გიჩვენებთ, თუმცა  უახლეს მომავალში იგეგმება გამოფენა და გექნებათ შესაძლებლობა თავად დატკბეთ ლამაზი სანახობით.

66921909-622964944878342-7202343736561369088-n
67141806-875756119447622-2962862616252252160-n
67157887-715675928873739-2289146826361667584-n
67448347-472595176889652-4167864516333273088-n
67485751-2363363053911799-772344976494297088-n