Besame Mucho ანუ ქართულ–მექსიკური ნაცნობობა

560

როგორც ჟურნალისტი თამაზ ჩიქვანაია იხსენებს, მოსკოვში (ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ), მეგობართან სტუმრად მისულს, შავტუხა ქალბატონი კონსუელო ველასკესი წარუდგინეს.

“მართალი გითხრათ, ამ სახელ-გვარს ჩემზე არანაირი ეფექტი არ მოუხდენია, თუმცა მაიას სახის გამომეტყველებამ მიმახვედრა, რომ სტუმარი არაორდინარული პიროვნება გახლდათ. მალე გავიგე, რომ ეს ძალიან მექსიკური გარეგნობის ქალბატონი ცნობილი ჰიტის, „ბესამე მუჩოს“ ავტორი ყოფილა. დარჩენილმა დრომ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა და შევეცდები, მოკლედ გიამბობთ. „ბესამე მუჩო“ ყველას გექნებათ მოსმენილი. ვინ მოთვლის,  რამდენ ენაზე ითარგმნა და რამდენმა ცნობილმა მომღერალმა შეასრულა იგი. რაც მახსოვს, ჩამოვთვლი: პლასიდო დომინგო, ელვის პრესლი, ხოსე კარერასი, ჯგუფი „ბითლზი“ და ა.შ. ბესამე მუჩო“ XX საუკუნის საუკეთესო სიმღერად არის აღიარებული.

მაგრამ ეს ყველაფერი დღეს ვიცი, მაშინ კი პირველად გავიგე, რომ სწორედ ეს სამოც წელს მიღწეული მექსიკელი ქალი —  კონსუელო ველასკესი ყოფილა ამ სიმღერის ავტორი.

ვიკითხე და ამიხსნეს, რომ ბესამე მუჩო ესპანურად ნიშნავს „მაკოცე ძლიერად“ (ან მხურვალედ). არადა სიმღერა კონსუელოს 15 წლისას დაუწერია, მაშინ, როცა ჯერაც არავისთვის ეკოცნა და მამაკაცთან ურთიერთობაზე მხოლოდ წარმოსახვითი წარმოდგენა ჰქონდა — პატარაობიდან დიდი ფანტაზიორი ვიყავი და იმ პერიოდის სიმღერების ტექსტები ჩემი ოცნებების სიტყვიერი გამოხატულება გახლდათო. ეს ისტორია ამასწინათ Facebook-ზე გამოქვეყნებულმა, კონსუელო ველასკესის ფოტომ გამახსენა და გული დამწყდა, რომ იმ დროს ფოტოაპარატი არ გვქონდა ხელთ, ხოლო მობილური ტელეფონის გამოგონებას წლები გვაშორებდა…  “, – გვიამბობს ბატონი თამაზი.