ქართული კინო სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე

42

16-23 აგვისტოს გაიმართება სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი, სადაც რამდენიმე ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კინოფესტივალის მთავარ კონკურსშია ლევან აკინის ქართულ-შვედურ-ფრანგული კოპროდუქცია “და ჩვენ ვიცეკვეთ.” ფილმის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ წარმატებით შედგა კანის კინოფესტივალზე , რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო პრესაში.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მონაწილეობს ირინე ჟორდანიას “მარქსის ქუჩა” (მსოფლიო პრემიერა), ხოლო სტუდენტური ფილმების კონკურსში წარმოდგენილია პეტრე თომაძის “ღამის სეანსი” (რეგიონული პრემიერა).

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში #TalentsSarajevo ტრადიციულად უმასპინძლებს ახალგაზრდა, წარმატებულ კინემატოგრაფისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს პროგრამის მეცამეტე გამოშვებისთვის შერჩეულია 2 ქართველი მონაწილე – პროდიუსერი ვლადიმერ ჩიხრაძე და კინოკრიტიკოსი ალექსანდრე გაბელია.

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველწლიურად ბოსნია და ჰერცეგოვინაში ტარდება და იგი რეგიონის უმნიშვნელოვანეს კინოღონისძიებად ითვლება.