ტუტანხამონის სარკოფაგი ადგილსამყოფელს პირველად დატოვებს

365

ძველი ეგვიპტის ყველაზე ცნობილი ფარაონის, ტუტანხამონის ხის სარკოფაგს, რომელიც დღემდე ქალაქ ლუქსორის მახლობლად აკლდამაში ინახებოდა, რესტავრაციისთვის ამზადებენ. აღსანიშნავია, რომ 1922 წელს აღმოჩენის შემდეგ სარკოფაგი აკლდამიდან არ გამოუტანიათ.

“სარკოფაგი, რომელსაც რამდენიმე ათასი წელია ადგილსამყოფელი არ დაუტოვებია, პირველად გაივლის რესტავრაციის კურსს. რესტავრაცია ქაიროს გარეუბანში, გიზის პირამიდების სიახლოვეს არსებული ეგვიპტის დიდი მუზეუმის ლაბოარტორიაში ჩატარდება”, – განაცხადა ეგვიპტის სიძველეთა საქმეების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, მუსტაფა ვაზირიმ.

პროფესორ ისა ზეიდანის თქმით, სარესტავრაციო სამუშაოები 8 თვეს გასტანს.

“ქაიროში ჩამოტანილი არტეფაქტი სერიოზულადაა დაზიანებული. კერძოდ, სპეციალისტებმა მის ზედაპირზე არსებულ მოოქროვილ ფენაზე ბევრი ნაპრალი აღმოაჩინეს. ხის კონტრუქცია უნდა გამაგრდეს”,– აცხადებს პროფესორი.