ვალერიან სიდამონ-ერისთავის საიუბილეო-რეტროსპექტულ გამოფენას სიღნაღის მუზეუმი უმასპინძლებს

114

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 17 ივლისს წარმოგიდგენთ, ვალერიან სიდამონ-ერისთავის საიუბილეო-რეტროსპექტულ გამოფენას „ვალერიან სიდამონ-ერისთავი 130“ სიღნაღის მუზეუმში.

ვალერიან სიდამონ-ერისთავი XX საუკუნის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მნიშვნელოვანია მისი როლი კინომხატვრობასა და თეატრის მხატვრობის სკოლის ჩამოყალიბებაში.

მისი შემოქმედება მოიცავს თეატრისა და კინოს მხატვრობის, ასევე, ხატწერის ნიმუშებს; შესრულებული აქვს შუა საუკუნეების ფრესკების ასლები; აფორმებდა მუზეუმის ექსპოზიციებსა და აღლუმებს; შექმნილი აქვს ილუსტრაციები სხვადასხვა სახელმძღვანელოსთვის, მუშაობდა საგაზეთო კარიკატურასა და ავეჯის ესკიზებზე.

საბჭოთა საქართველოში, მხატვრის შემოქმედების თემატიკას განსაზღვრავდა იდეოლოგიური მოთხოვნები, თუმცა იგი სარკაზმნარევი ირონიით ახერხებდა აესახა თანამედროვეობა. მხატვარი ქმნიდა ქალაქის ურბანულ ხედებს, სოფლის პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნიუს და სურათებს ისტორიულ სიუჟეტებზე.

ბევრი სხვა მხატვრის მსგავსად, ვ. სიდამონ-ერისთავს საბჭოთა კავშირში, XIX საუკუნის მიწურულის, რუსული სკოლის ქართველ მიმბაძველად მიიჩნევდნენ. მისი შემოქმედების ექსპონირებისას ყველაზე აკადემიურ, ტიპიურ ნამუშევრებს ირჩევდნენ, რამაც ხელი შეუწყო მისი მემკვიდრეობის ზედაპირულ გაგებასა და მივიწყებას.

მხატვრის დაბადებიდან 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ვ. სიდამონ-ერისთავის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალური ესკიზები, შარჟები და კარიკატურები. გამოფენაზე ასევე იხილავთ საარქივო კადრებს მხატვრის მიერ გაფორმებული ფილმებიდან – „ჩემი ბებია“ (1929. რეჟ. კოტე მიქაბერიძე), „სინათლე“ (1922. რეჟ. კ. ანდრონიკაშვილი), „გოგი რატიანი“ (1927. რეჟ.: კოტე მარჯანიშვილი). ფილმში „გოგი რატიანი“ სცენოგრაფიასთან ერთად, თვითონ პერსონაჟებია საინტერესო – მონაწილეობენ ტიციან ტაბიძე და დიმიტრი შევარდნაძე. ერთ-ერთ ეპიზოდში კი ვხედავთ ვ. სიდამონ-ერისთავს, იგი საკუთარ თავს – ფერწერის მასწავლებელს განასახიერებს. გამოფენაზე კინოკადრებთან ერთად, თეატრის მხატვრობის ამსახველი ვიდეოკოლაჟიც იქნება წარმოდგენილი.