ვალენტინა სამპაიო ტრანსგენდერი ქალების პრობლემებზე საუბრობს

169

ვალენტინა სამპაიო 25 წლის ბრაზილიელი მოდელია, რომელმაც 2017 წელს საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო. ის პირველი ტრანსგენდერი მოდელი გახდა, რომელმაც ფრანგული Vogue-ის გარეკანი დაამშვენა.

2019 წელს ქალის თეთრეულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდ Victoria’s Secret-თან ითანამშრომლა და ამჯერად უკვე Sports Illustrated Swimsuit Issue-ის გვერდები დაამშვენა. სამპაიო გამოცემის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პერსონალურ ესეიში შემოქმედებით გუნდს მადლობას უხდის და წერს:

„მადლობა SI-ის ჩემი პიროვნების პატივისცემისთვის და იმის გააზრებისთვის, რომ სხვა ყველაფერზე მნიშვნელოვანი და წინ მდგარი ჩემი ადამიანობაა. მათ პატივი სცეს პიროვნებას და მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ. მადლობა სიყვარულის, თანაგრძნობისა და ერთიანობის გზავნილების გავრცელების მხარდაჭერისთვის“.

მოდელმა ასევე დასძნა, რომ ის ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში გაიზარდა, მეთევზეების სოფელში. სადაც ტრანსგენდერი ადამიანებისადმი მეტად უმოწყალო ქცევით გამოირჩევიან, მათი მკვლელობისა და ძალადობრივ დანაშაულთა მაჩვენებლებით კი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი (აშშ-ის მაჩვენებელზე სამჯერ მეტი). ვალენტინასთვის სიყვარულისა და მიმღეობის გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი გზავნილი მსოფლიოსთვის თანაგრძნობაა.