მხატვარი და ეპოქა: შალომ კობოშვილი 145

302

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ შალომ კობოშვილის 145 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას „მხატვარი და ეპოქა”.

შალომ კობოშვილი (1876-1941) საქართველოში მოღვაწე პირველი ებრაელი მხატვარია. მისი შემოქმედება დაკავშირებულია თბილისში ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმთან, სადაც ის ცხოვრების ბოლო წლებში დარაჯად მუშაობდა. კობოშვილმა ხატვა 61 წლის ასაკში სწორედ ებრაულ მუზეუმში დაიწყო და სამი წლის განმავლობაში, გარდაცვალებამდე, შექმნა 60-მდე ნამუშევარი, სადაც XIX საუკუნის ბოლოდროინდელი ახალციხის ცხოვრება, ებრაელთა ყოფა, ადათ-წესები, რიტუალური სცენები, ცეკვა, ხელოსნობა თუ სხვა ჟანრული სიუჟეტებია ასახული.

გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის სიცოცხლის წლების (1876-1941) ამსახველი ეპოქა 150-მდე ექსპონატით. შალომ კობოშვილის ნამუშევრების გარდა, ექსპოზიციაზე გამოფენილია დავით გველესიანის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები ებრაული ცხოვრების თემატიკაზე; ეროვნული მუზეუმის მრავალფეროვანი ებრაული კოლექცია⎼ XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისის ებრაული სამოსი, ქსოვილები, რელიგიური, რიტუალური თუ ყოფითი დანიშნულების ნივთები; დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის და დიმიტრი ერმაკოვის ფოტოარქივებში დაცული ფოტომასალა; საქართველოს ეროვნულ არქივსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოძიებული დოკუმენტური და საარქივო მასალა.

გამოფენაში ჩართულია მულტიმედია კომპონენტები – წარმოდგენილი იქნება აუდიო-ვიზუალურ მუზეუმთან „ჰოლოზეუმი” თანამშრომლობით შექმნილი ანიმაცია. ასევე, დოკუმენტური ფილმი „მეხსიერების დარაჯი”, რომელიც მომზადდა მედიაპლატფორმა Chai Khana-სთვის, საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის „ქართველი ებრაელების საერთო მეხსიერება” ფარგლებში.

გამოფენა ხორციელდება როტშილდის ფონდისა და საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით.

გამოფენის კურატორი: ლელა წიწუაშვილი
დიზაინერი: დავით ჯანიაშვილი

გამოფენის გახსნა: 22 დეკემბერი, 2021 | 17:00

გამოფენის ხანგრძლივობა: 22 დეკემბერი, 2021 – 16 იანვარი, 2022

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3, თბილისი