“ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი” ახალ სპექტაკლზე მუშაობს

556

„ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც უკვე 6 წელია საქართველოში ხორციელდება და არაერთი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვისა თუ მოზარდის მოტივაციის წყაროა.  Allart.ge-სთან თეატრის რეჟისორმა ირა კოხრეიძემ და სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი მიქაბერიძემ პროექტის სირთულეებზე, სამომავლო გეგმებსა და წარმატებებზე ისაუბრეს.

ირა კოხრეიძე:  ჩვენი თეატრის ისტორია 2015 წელს დაიწყო. ეს იყო ერთობლივი, სპონტანური იდეა განხორციელებულიყო ინკლუზიური სპექტაკლი. მუშაობის პროცესში მე და გიორგი მივხვდით, რომ ეს იყო ხელოვნების ღრმა, საინტერესო დარგი, რომლის მეშვეობითაც შეგვეძლო შემოქმედებითი იდეების რეალიზაცია და ასევე, ამ ბავშვებთან ერთად ინტეგრირებული დასის სახით მათი სოციალიზაციისთვის ხელის შეწყობა.  პირველი სპექტაკლი იყო ექსპერიმენტი და მისი პრემიერა რუსთაველის თეატის მცირე დარბაზში შედგა. ამ ექსპერიმენტმა გაამართლა, დაგვაინტერესა, ჩაგვთრია და უკვე 6 წელია ამ სასიამოვნო მორევში ვიმყოფებით.

პროექტი განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ სხვა საგანმანათლებლო სივრცეებისგან განსხვავებით, ბავშვები პროექტში მონაწილეობის სანაცვლოდ თანხას არ იხდიან.

გიორგი მიქაბერიძე: ჩვენ არასოდეს დაგვიწესებია გადასახადი, ხანგრძლივი რეპეტიციების დროს ყველანაირად ვცდილობთ ყველაფრით ვუზრუნველყოთ, რათა მშობელი ფინანსურად არ იყოს ამ ყველაფერში ჩართული. მე და ირას პირველი სამი წელი ენთუზიაზმზე მოგვიწია მუშაობა, მაგრამ იმდენად შეგვიყვარდა ამ ახალგაზრდებთან მუშაობა და შემოქმედებითი პროცესის წარმართვა, რომ არასოდეს გვიფიქრია ფინანსურ მხარეზე. ნელ–ნელა პოპულარობა და გარკვეული წარმატებები მოვიპოვეთ, მაყურებელმა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ხალხმაც გაგვიცნო.

როგორც ვიცი, თქვენ ჩინეთში ფესტივალზეც მიგიწვიეს.

ირა კოხრეიძე: ჩვენ ვართ პირველი ინკლუზიური ინტეგრირებული თეატრალური დასი საქართველოდან, რომელმაც მოიპოვა საერთაშორისო დაინტერესება და აღიარება. სწორედ ეს გამოიხატა ჩინეთში, კერძოდ პეკინის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალზე ჩვენი მიწვევით. 2019 წელს გასტროლის ფარგლებში ორჯერ ჩატარდა ჩვენი სპექტაკლი. საკმაოდ დიდი ინტერესი, მოთხოვნა და  გაოცება გამოიწვია წარმოდგენებმა. აღინიშნა, რომ ასეთი ბავშვების მიერ წარმოჩენილი სერიოზული თემები ორმაგად საინტერესოა.

უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამაც საკმაოდ საინტერესო გაქვთ.

გიორგი მიქაბერიძე: დიახ, ექვსი წლის განმავლობაში შევძელით წარმოგვედგინა „პატარა უფლისწული“, „ლეგენდა მედეაზე“, „სიზმარი ქვეცნობიერ სამყაროზე“, „კონტაქტი“, „იდუმალი მთის მიღმა“, ხოლო რიგით მე–6 საავტორო სპექტაკლი „ახალი თამაში“ მზადების პროცესშია. მისი დახურული ჩვენება 23 დეკემბერს გაიმართება, ხოლო პრემიერა სავარაუდოდ, 2022 წლის თებერვალში შედგება. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან გვეხმარებიან ჩვენი მეგობრები და ახლობლები.

სპექტაკლები საკმაოდ სპეციფიკური სცენარებითაა დატვირთული, მაგრამ თქვენი დასის წევრები ასეთი შინაარსის სამუშაოს ძალიან კარგად ართმევენ თავს. რას იტყოდით ინკლუზიური თეატრისა და ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკაზე?

გიორგი მიქაბერიძე: საკმაოდ ბევრი კითხვა ჩნდებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ვიტყვი, რომ ეს ბავშვები თავიდანვე მიეჩვივნენ ფილოსოფიური, მისტიკური, გარკვეულწილად ფსიქოლოგიური სტილის დრამატულ სპექტაკლებზე მუშაობას, მაგრამ მათი ინტერესი, ენთუზიაზმი და ჟინი არასოდეს შენელებულა. ისინი რომ არ იჩენდნენ ინტერესსა და მოწონებას, ჩვენი პროექტი ვერ შედგებოდა.

ირა კოხრეიძე: ჩვენ მუდამ ვპოულობთ გზას და ვთავაზობთ მათ სხვადასხვა სახის ადაპტირებულ სცენარებს, რათა სირთულეები ერთად და მარტივად გადავლახოთ.

ალბათ, მსგავსი სოციალიზაცია ხელს უწყობს თქვენი დასის წევრებს სხვა სფეროებშიც წარმატების მიღწევას.

გიორგი მიქაბერიძე: ნამდვილად ასეა. არაერთი ასეთი ფაქტი მოხდა. პირველი ჩვენი სპექტაკლის შემდეგ საკმაოდ მორცხვი და მორიდებული ახალგაზრდები თავდაჯერებულები და ვიტყოდი, ამბიციურებიც კი გახდნენ. მუდამ ითხოვენ, რომ იყვნენ უფრო დაკავებულები, მოთხოვნადები.

რამდენად გაიზარდა დასი 2015 წლიდან?

ირა კოხრეიძე: თავიდან ვიყავით სულ 13 ადამიანი, ხოლო ახლა 25 ვართ. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მეტს ვერ ვუმკლავდებით, რადგანაც რთულია დიდ რაოდენობასთან მუშაობა. თანაც, ვცდილობთ ყოველ სპექტაკლში თითოეული მონაწილეობდეს, ყველა სპექტაკლი კი არ ითვალისწინებს მასიურ სცენებს.

მუშაობის დროს რა სირთულეებს აწყდებით?

გიორგი მიქაბერიძე: მუშაობის პროცესში სირთულეები შემოიტანა პანდემიამ, რომელმაც ყველა სფერო ძალიან დააზარალა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ახალი გამოცდილება შეგვძინა. მაგალითად, წინა სპექტაკლის პრემიერა შედგა ონლაინ და ეს იყო პირველი მსგავსი გამოცდილება ჩვენთვის. ძალიან წარმატებით ჩატარდა და 20 ათასმა ადამიანმა იხილა სპექტაკლი. ბავშვების მხრივ ამ ყველაფერს ჰქონდა მხოლოდ ერთი მინუსი, მათ ძალიან უყვართ, როდესაც ხალხი ტაშს უკრავს და ეს ძალიან დააკლდათ. არის ფინანსური მხარეც, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ არ გაგვაჩნია ჩვენი სივრცე. ეს ყველაზე მეტად გვბოჭავს. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მის რექტორს გიორგი შერვაშიძეს, რომელმაც შეგვიფარა და გამოგვიყო სივრცეები, მაგრამ რა თქმა უნდა, თეატრისთვის და დასისთვის აუცილებელია საკუთარი სამუშაო სივრცე, სადაც ვიქნებით თავისუფლები და შეუზღუდავები.  ვთვლი, რომ ვიმსახურებთ ამ ყველაფერს, ექვსი წელი საკმაოდ მძიმე პირობებში მოგვიწია პროდუქტის შექმნა. ყოველწლიურად ვიმარჯვებთ სახელმწიფო კონკურსში, თუმცა ეს არის ერთჯერადი გრანტები, რომლებიც თეატრის განვითარებას ხელს დიდად ვერ შეუწყობს.