ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი-რიტმი“ ხვალ გაიმართება

178

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისის საკონცერტო დარბაზში ხვალ ფესტივალი „თბილისი-რიტმი“ გაიმართება. მსმენელის წინაშე ბრიტანელი მუსიკოსებისგან შემდგარ კვინტეტთან ერთად, კონტრაბასისტი, კომპოზიტორი და პროდიუსერი, ამერიკული კინოს ცოცხალი ლეგენდის, კლინტ ისტვუდის ვაჟი, კაილ ისტვუდი წარსდგება. 

დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება, მოისმინოს მსოფლიო აღიარების საპრემიერო ალბომი „სინემატიკი“, რომელიც BBC-ის შეფასებით, საუკუნეებს გაუძლებს. ალბომში შესულია ისტვუდის ბენდის წევრთა მიერ დახვეწილი გემოვნებით შესრულებული 11 ნაწარმოები.

მუსიკალურ სამყაროში 15-წლიანი კარიერის განმავლობაში, ისტვუდი აღიარებულია, როგორც ნიჭიერი შემოქმედი და ექვსი ალბომის შემქმნელი ნოვატორი ჯაზმენი.

ფესტივალი „თბილისი რიტმი“ 2017 წელსდაარსდა. იგი ოფიციალურად სამმა ვირტუოზმა მუსიკოსმა – რიშარ გალიანომ, პაოლო ფრეზუმ და იან ლუნდგრენმა პროექტით – „მარე ნოსტრუმ“ გახსნა. ფესტივალი მიზნად ისახავს კულტურათაშორის ინტეგრაციას, ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის განვითარების ხელშეწყობას, ცნობილი უცხოელი არტისტების მოწვევით კონცერტების ორგანიზებასა და ფართო ასპარეზზე ქართველ შემრულებელთა წარმოჩენას. 

გლობალური პანდემიით გამოწვეული მიზეზის გამო, ფესტივალი „თბილისი-რიტმი“ სამი   პროგრამის ნაცვლად, მხოლოდ ერთ საერთაშორისო პროექტს უმასპინძლებს.