GERA ზურაბ “გირჩი” ჯაფარიძეს უფლებების დარღვევაზე ეხმიანება

310

საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია პოლიტიკოს ზურაბ “გირჩი” ჯაფარიძეს, მანანა მენაბდის კომპოზიციის უკანონოდ მითვისებაზე ეხმიანება და ჯარიმის ასანაზღაურებლად 24 საათს აძლევს.

” „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ ვეხმიანებით ჩვენი წევრის, მანანა მენაბდის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მისი უფლებების უხეში დარღვევის თაობაზე და სრულ თანადგომას ვუცხადებთ. გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის მიერ ავტორთან შეუთანხმებლად მუსიკალური კომპოზიციის სარეკლამო კამპანიაში გამოყენების თაობაზე. ჩვენ, როგორც საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია ვგმობთ მომხდარს და მოვუწოდებთ ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძეს სახალხოდ მოიხადოს ბოდიში, ასევე აანაზღაუროს ზარალი გადახდილი ჯარიმის სახით.გვსურს ასევე განვაცხადოთ, რომ დაუშვებლად მიგვაჩნია მომხდარი ფაქტი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა პარლამენტის არჩეული წევრი უხეშად არღვევს კანონს და ფეხქვეშ თელავს საკუთარი საზოგადოების წევრის უფლებას. ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძეს ეძლევა 24 საათი ბოდიშის მოსახდელად და ჯარიმის გადასახდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ასოციაცია დაიწყებს სამართლებრივ დავას „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად”, – წერია GERA-ს ოფიციალურ განცხადებაში.