“ხელოვნება სკოლებში”- შემაჯამებელი ღონისძიება ეროვნულ მუზეუმში გაიმართება

620

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხელოვნება სკოლებში“, რაც სკოლის მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი კულტურული პროგრამების შეთავაზებას გულისხმობს. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და შემდეგ პროგრამებს მოიცავს: „სკოლა მუზეუმში,“ „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“. იგი განათლების რეფორმის – „ახალი სკოლის“ მოდელის  ფარგლებში  მაისიდან საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მასში საქართველოს 67 სკოლაა ჩართული. საპილოტე ეტაპის ფარგლებში პროექტით უკვე ისარგებლა ათასობით მოსწავლემ.

20 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი უმასპინძლებს შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელიც პროექტის მონაწილე მოზარდებისთვის გაიმართება. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები. სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ტურს, დაჯილდოვდებიან სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობისათვის, ბოლოს კი სპეციალურად მათთვის თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება.

პროექტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერებასა და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად. მიმდინარე წლის სექტემბრიდან „ხელოვნება სკოლებში“ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და საქართველოს ყველა რაიონის სკოლებს მოიცავს.