ისტორიაში პირველად აფროამერიკელი ქალი პანთეონში დაიკრძალება

248

ფრანგი მომღერალი და მსახიობი ჟოზეფინა ბეიკერი პარიზის პანთეონში დაიკრძალება. ის პირველი აფროამერიკელი ქალია, რომელსაც ასეთი პატივი წილად ხვდა.

ბეიკერი აშშ–ში 1906 წელს დაიბადა, ხოლო 1925 წელს მსახიობმა ელისეის მინდვრებზე არსებულ თეატრში დაიწყო მუშაობა. ის ვარიეტეს ვარსკვლავი იყო, მონაწილეობდა ევროპაში გამართულ წარმოდგენებში და ფრანგული შოუ–ბიზნესის ყველაზე წარმატებულ ამერიკელ ქალად ითვლება.

მეორე მსოფლიო ომის დროს ჟოზეფინა ბეიკერი “წინააღმდეგობას” ეხმარებოდა, აგროვებდა ჯაშუშურ ინფორმაციას, რის გამოც მან რამდენიმე სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის საპატიო ლეგიონის ორდენიც მიიღო.

ომის დასრულების შემდეგ ბეიკერი აქტიურად ებრძოდა რასიზმს – მან სხვადასხვა კანის ფერის მქონე 12 ბავშვი იშვილა.

მსახიობი 1975 წელს გარდაიცვალა.