“დასავლეთი ძალიან კარგია, სწორედ იმით, რომ არაფერში სჭირდები თუ საკუთარს დაივიწყებ”

1027

თამადა ახალი ქართული პროექტია, რომელიც ელექტრონულ მუსიკისა და თბილისური ბაიათების სტილის ნაზავია. როგორც თავად თამადა Allart.ge-სთან საუბარში აცხადებს, საკუთარი სტილის საპოვნელად მას ბევრი წელი და უამრავი რამის გააზრება დასჭირდა, თუმცა განვლილ ისტორიას და აწმყოში განვითარებულ მოვლენებს დადებითად აფასებს. როგორი იყო გზა გერმანიის კლუბიდან საკუთარ მუსიკალურ მიმდინარეობამდე და რა გეგმები აქვს Deep Duqan სტილის ავტორი, თავად თამადა გვესაუბრება.

– და მაინც, რატომ თამადა?

– მიუხედავად იმისა, რომ ორასამდე კომენტარი წამიკითხავს, რომელშიც „თამადას მოვუსმინოთ, თამადას“ წერია, ეს ამ ფრაზის გამოძახილი არაა. სახელზე ბევრი მიფიქრია, მაგრამ ეს მეტსახელი ჩემმა გერმანელმა მეგობრებმა შემარქვეს. გერმანიაში ცხოვრების პერიოდში უცხოელ მეგობრებს თამადის ინსტიტუტის შესახებ ვუამბე და მას შემდეგ, ყოველი ქეიფის დროს თამადად მე ვინიშნებოდი. რაც მთავარია, ყველას ეს მოსწონდა, რადგანაც ინიციატივა მე მეკუთვნოდა, დანარჩენები კი ისვენებდნენ. თანაც, როცა დავფიქრდი მივხვდი, რომ სიტყვა მარტივად დასამახსოვრებელია უცხოელი მსმენელისთვის. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ეს სახელი ძალიან გვიხდება მეც და ჩემ მუსიკასაც.

– რა გახდა თბილისური ბაიათებისა და ელექტრონული მუსიკის ერთმანეთთან შეხამების კატალიზატორი?

– ამ ყველაფრის კატალიზტორი ბერლინური გარემო გახდა, რადგანაც იქ ყველა ცდილობს იყოს გამორჩეული, გამორჩეული კი ვერ იქნები თუ საკუთარ გულწრფელ მეს არ გამოყვან ასპარრეზზე. ბევრი ძიების მერე, ერთ-ერთ ჩემს პერფორმანსზე, იმ დროისთვის, ჩემს საყვარელ კლუბ “kater blau” ში, არც ისე სერიოზულად, ვიმღერე ბაიათურად, რამაც ძალიან შესამჩნევი კონტრასტი გამოიწვია ხალხში და ზუსტად ის გართობა დაიწყო, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. სახლში დაბრუნებული უკვე “თამადა” ვიყავი, დავწერე პირველი ტრეკი და მას მერე ვერ ვჩერდები.

 – და რა ჰქვია ამ პირველ უნებურ ტრეკს?

– მას ჰქვია „ერთი“.

 – და ამის შემდეგ თუ ყოფილა გერმანულ კლუბებში მოთხოვნა ასეთ მუსიკაზე?

– გაცილებით უფრო დიდი და სწრაფი გამოხმაურება მოყვა დიფ–დუქანს და თამადას, ვიდრე აქამდე გაკეთებულ ჩემს ნებისმიერ პროექტს. ყველა კითხულობდა „ეს რა არის?“ , ირგვლივ ყველა უცხოეთში უცნაურ მუსიკას ეძახის. კლუბებს და ფესტივალებს რაც შეეხება, შემოთავაზებები არ მაკლია. კოვიდმა თუ შემიწყო ხელი, აუცილებლად დაიგეგმება ტური ბევრ ქვეყანში.

 – ანუ თამადას ყველა კომპოზიცია სრულად თამადას ავტორობითაა შექმნილი?

 – დიახ. ტექსტის და მუსიკის ავტორი მე ვარ.

– თბილისური ბაიათები ბავშვობაში მოსმენილი და ნოსტალგიურია?

– ბავშვობაში, რაღაც პერიოდში, სულ ორი აუდიო–კასეტა მქონდა. ერთი იყო სოსო პავლიაშვილი და მეორე ლეილა. ლეილას მოსმენა ძალიან მსიამოვნებდა. მაშინ ალბათ 8–9 წლის ვიქნებოდი. შემდეგ ამ ყველაფერს გავექეცი, იყო როკის პერიოდი, შემდეგ ლატვია, გერმანია და კლუბური მუსიკა. ისევ მინდა გავიმეორო, ხშირად ქართველებს გვგონია, რომ ქართული აპრიორი ცუდია. თითქოს პრეტენზია გვაქვს გლობალური სამყაროს ნაწილი ვიყოთ და იმავე დროს ქართველები, ქართული ცალკეა და ჩვენ ცალკე.

– ვინ არის შენი ყველაზე საყვარელი მსმენელი?

– ჩემი ბებიები და ბაბუა. თავიდან მუდამ მეუბნებოდნენ, რომ მეტი მემღერა. მათთვის ელექტრონული მუსიკა რთული გასაგებია. მაგალითად ბაბუაჩემმა შეიძლება სულაც გადაახვიოს ის ადგილი, სადაც მხოლოდ მუსიკაა და არა ვოკალი. თუმცა, არ ვბრაზდები, იმდენად ბედნიერი ვარ, რომ მისმენენ…

– თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ძველი თაობა კლუბებში არ დადის…

– ახლა დაიწყებენ სიარულს. ძალიან ბევრს მოუწერია, რომ პირველად შეთანხმდა ოჯახის ყველა წევრი ერთ მუსიკაზე. ეს იყო სწორედ ჩემი მიზანი და უკვე პირველ მიღწევებსაც ვხედავ. მქონდა უკვე 8–9 კონცერტი, არცერთი იყო საკლუბო, ეს იყო ჩვეულებრივი კონცერტები. თვითონ თამადა კლუბური პროექტია, მაგრამ საქართველომ თავისით შეიტანა ცვლილებები და ჩატარდა კონცერტი. პირველი ლაივი დაგეგმილი იყო დედა–ენის ბაღში, სადაც ერთი ტრეკის დასრულებისას, ეგრევე მეორეზე არ გადავედი და ხალხთან დავიწყე საუბარი, იქ შეიქმნა თამადის ურთიერთობა ხალხთან.

– საზღვარგარეთ პროექტი არაფერს გეგმავს?

 – სიმართლე გითხრათ, საზღვარგარეთიდან მეტი შემოთავაზებაა. იმავე ლეიბლზე გამოდის ალბომი „Tamada & Friends“. მასში იქნება ცნობილ ფრანგულ პროექტთან DOP- სთან კოლაბორაციაც. არის ასევე საერთო ნამუშევრები ალბანელ მომღერალთან. ანუ ეს არის თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნების ფოლკლორისტ მუსიკოსებთან. მალე გამოვა თამადის რემიქსების ალბომი და ძალიან მეამაყება, რომ იმ არტისტების რემიქსებია, რომელთა გამოც დავდიოდი ბერლინის კლუბებში. აქ მუსიკოსებმა თავად უნდა ვიშრომოთ კულტურის სფეროს გამოცოცხლებისთვის. ჩვენ ფასი უნდა დავადოთ მუსიკას, თავად მსმენელი ამას ვერ გააკეთებს.

– აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ გამოსული კლიპი “პირამდე” დიდი პოპულარობით სარგებლობს

– ეს არის გადამღები ჯგუფის დამსახურება. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო რეჟისორის avi. musaifi, სცენარისტ მინდია არაბულს, ქორეოგრაფსა და მოცეკვავე დავით ჭანიშვილს, ოპერატორ  მინდია ინასარიძეს. ყველას ვინც წვლილი შეიტანა ამ ვიდეოს შექმნაში.

– გამიგია, რომ ხალხი ქართველ ბრეგოვიჩსაც გეძახის.

– ბრეგოვიჩი ჩემი ერთ–ერთი საყვარლესი მუსიკოსია. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ასეთი ქვეყანა ვართ, როცა ქართველი წერს ინგლისურ მუსიკას ეს არაორგანულია. არავითარი პრობლემა და პრეტენზია არ მაქვს ინგლისურად მომღერალ ხალხთან, როგორც ემღერება ადამიანს, ისე უნდა იმღეროს. მე ეს ვერ შევძელი, დიდხანს ვაჯერებდი თავს, რომ ეს ორგანული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოლოს ვეღარ გავუძელი საკუთარი თავისგან წამოსულ ამხელა ტყუილს. ჩვენ ერთმანეთს ვბოჭავთ, მიმღებლობა მინიმუმზე დაყვანილი გვაქვს და ამის გამო გავიქეცით დასავლეთისკენ, დავიწყეთ სხვა ენაზე სიმღერა, ეს ხომ ძალიან კომფორტულია. დასავლეთი ძალიან კარგია, სწორედ იმით, რომ არაფერში სჭირდები თუ საკუთარს დაივიწყებ. ანუ გადავწყვიტეთ ყველაფერი ქართული გადაგვეხაზა, სხვათა შორის, მეც მათ რიცხვში ვიყავი. ამით ვერავინ ვერაფერი მოიგო. ამდენი წელი ვუკრავდი გერმანიაში კლუბებში და სანამ პროექტი „თამადა“ არ გაკეთდა, უფრო საინტერესო არ გახდა ჩემი ცხოვრება.

– თამადას ქუჩაში ცნობენ?

– ბოლო დროს დაიწყეს ჩემი ცნობა. მუდამ მესმის შეძახილები: „თამადა ბოლო ტრეკი მაგარია“, „ეს თამადა არაა?“ და ა.შ. მე ეს ძალიან მსიამოვნებს.

 – სოციალურ ქსელებში ბევრი კომენტარი მოგწერეს იმის თაობაზე, რომ შენთან ერთად სუფრაზე სურთ მოხვედრა.

– რას იზამ, თამადა ვარ.

– რაიმე გეგმები უკვე დაისახე?

 – ახლა უკვე ჩემი მეორე ალბომი გამოდის. მომავალში მინდა დიდი ბენდი გავაკეთო, რათა ის მუსიკა, რომელიც ჩემს კომპოზიციებში ჟღერს ინსტრუმენტებით გავამდიდრო. ასევე ვგეგმავთ მიუზიკლს, რომელიც იქნება ფილმის სახით წარმოდგენილი. არ გვაქვს ილუზია, რომ ეს პროექტი ფინანსურად მომგებიანი იქნება, თუმცა, მუდამ როცა ასე მგონია, სწორედ ის პროექტებია შემდეგ მომგებიანი.

 – რამდენად გაიზარდა შენი მსმენელების რიცხვი პირველი კომპოზიციის შემდეგ?

– პირველი იპი (პატარა ალბომი) 2020 წლის 15 სექტემბერს გამოვიდა. ამის შემდეგ ალბათ ათასჯერ მეტი მსმენელი გამომიჩნდა. დღეს მუსიკის კეთებისთვის ყველაზე მძიმე პერიოდია. არასოდეს ყოფილა მუსიკა ასეთი ხელმისაწვდომი. ვერავის მიბაძავ, რადგანაც უმალ ყველა გაიგებს ვის მიბაძე. მუსიკამ დაკარგა ინდივიდუალიზმი. არტისტებს არ უნდათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა. სანამ მხოლოდ ბერლინურ მუსიკას ვუკრავდი კრიტიკა ჩემი მისამართით არ ისმოდა. ახლა კი ხალხი ბჭობს, ზოგს მოსწონს თამადა და ზოგს არა. მე ძალიან მიხარია ჯანსაღი კრიტიკის მოსმენა. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრიტიკასა და ლანძღვას შორის ერთი ძალიან მკრთალი ხაზია და კარგი იქნება, თუ ამ ხაზს დავინახავთ ხოლმე. ლანძღვით არავინ ვითარდება, კრიტიკით გენაცვალოს ჩემი თავი.