რეპეტიციის გაცდენისთვის მსახიობს 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

125

მსახიობ ორნელა მუტის სპექტაკლის გაცდენისთვის 6-თვიანი პატიმრობა და ჯარიმის გადახდა აქვს მისჯილი. განაჩენი იტალიის საკასაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ამის შესახებ გამოცემა ANSA წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, 2010 წლის 10 დეკემბერს ქალაქ პორდენონეში დაგეგმილი იყო სპექტაკლი, სადაც მუტიც მონაწილეობდა. მაშინ მუტიმ ყალბი სამედიცინო ცნობა წარადგინა, რომლის საფუძველზეც ის სცენაზე მუშაობისგან გათავისუფლდა. თუმცა, იმავე დღეს ორნელა მუტი დაესწრო საქველმოქმედო საღამოს სანქტ-პეტერბურგში, რომელზეც რუსეთის მაშინდელი პრემიერი ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა. თეატრის ადმინისტრაციამ, სადაც მუტის მონაწილეობით სპექტაკლი უნდა გამართულიყო, მსახიობს სასამართლოში უჩივლა.

ორნელა მუტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ლარინგოფარინგიტი ჰქონდა, რომლის გამოც მას საუბარი არ შეეძლო, საქველმოქმედო საღამოზე კი მას საუბარი არ მოეთხოვებოდა.

სასამართლომ მსახიობს 8-თვიანი პატიმრობა და 600 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა ჯერ კიდევ 2015 წლის თებერვალში მიუსაჯა, თუმცა 2017 წელს ორნელა მუტის განაჩენი შეუმსუბუქდა.