ჯემალ სეფიაშვილი: ნიჭიერების გულწრფელი დაფასების კულტურა გვაკლია

243

კორონავირუსის პანდემიის ტალღამ მსოფლიოს სუსტი წერტილები ნათლად წარმოაჩინა. მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე მოწყვლადი სფერო სწორედ კულტურა აღმოჩნდა. მუსიკალურ სამყაროში არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და მცირე, თუმცა მაინც დადებითი მხარეების თაობაზე AllArt.ge გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორს ჯემალ სეფიაშვილს ესაუბრა.

– ბატონო ჯემალ, კულტურა პანდემიით დაზარალებულ სფეროთა შორის, ერთ–ერთი პირველია, შეიძლებოდა მის გადასარჩენად რამის გაკეთება?

–პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ საუკუნეების მანძილზე ქართულმა კულტურამ, ისევე, როგორც მთლიანად  საზოგადოებამ, უთვალავი შემოტევა განიცადა. ბევრი რამ შეიცვალა…მაგრამ ქართული კულტურა ოდითგანვე გამოირჩეოდა რა აშკარა თვითმყოფადობითა და უზადო ნიჭიერებით, ყოველთვის ამაყად იდგა თავის ძლიერ ფესვებზე და ასევე ძლიერად და განუმეორებლად მოვიდა დღემდე,  მოვიდა ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად! და თუ ქვეყანა, მისი მმართველები ამას გაითავისებენ, კულტურის განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობაზე სერიოზულად იფიქრებენ, ჩვენი კულტურა არასოდეს მივა გადარჩენის ბარიერთან! ასეა ეს!..

მიხარია, რომ უკვე სერიოზული საუბარია კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფაზე. იმასაც ამბობენ, რომ მომავალ მინისტრად  ქალბატონი თეა წულუკიანი მოიაზრება. ძალიან კარგი! ვთვლი, რომ კულტურის მინისტრად არ უნდა ინიშნებოდეს ხელოვანი – მუსიკოსი, მხატვარი, მწერალი, მსახიობი, რეჟისორი… კულტურის განვითარებას სჭირდება ძლიერი, გაბედული მენეჯერი. მჯერა, სწორედ ასეთია ქალბატონი თეა წულუკიანი.

–დღევანდელ ვითარებაზე რას იტყვით?

ადამიანები ვართ, განსაკუთრებით ემოციურები… ჩვენი წარმატებები, ჩვენი შემოქმედებითი წინსლაც ამ ემოციებზეა დამყარებული. ოჯახი გვაქვს, შვილები… ლუკმა-პურის საკითხი ხომ ყოველთვის აქტუალურია. მაგრამ შემოქმედი ადამიანისთვის მაინც მთავარია, რამდენად მოთხოვნადია მისი შემოქმედება და რამდენად მზად არის მისი სული, მისი გონება  რაიმეს შესაქმნელად, რათა სულ უფრო მეტი ადამიანი მოიზიდოს, სულ უფრო მეტი თაყვანისმცემელი გაახაროს. პანდემიის ერთი პერიოდი 25 დეკემბრისთვის ჩემი შემოქმედებითი საღამოს მზადებით ვიყავი დაკავებული. შემდეგ არსებული ვითარების გამო შევჩერდი…  ახლა პრემიერა ჩემი საღამოსი „აღსარება“ გადავიტანე 25 მაისისათვის. ვნახოთ, საქმე ბევრი მაქვს. ღმერთმა ქნას, სიმშვიდე დამკვიდრდეს! მიხარია, რომ ბევრი ჩემი კოლეგა იმედიანად არის  და ხვალინდელ დღეს ახალი ოპუსებით აპირებს შეხვდეს. მაგრამ პანდემიაა, შიში გიპყრობს,-  მუშაობის პროცესში უამრავ ადამიანთან გიწევს კონტაქტი. სიმღერას რომ  დავწერ, უნდა წავიდე სტუდიაში, არაერთხელ შევხვდე არანჟირების ავტორს, მომღერლებს, მუსიკოსებს, ტექნიკურ მუშაკებს. პოეტებს, მწერლებს ადვილად შეუძლიათ თავისი ნაშრომი სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით გადააგზავნონ… შემოქმედ ადამიანს განწყობა სჭირდება.  უდარდელი ცხოვრება არც გვქონია და ალბათ, არც არასოდეს გვექნება.მაგრამ დღეს მართლაც ცუდი დროა. აღარც კორპორატიული წვეულებებია, საერთაშორისო კონკურსები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ტარდება, აღარც საზღვარგარეთ გეპატიჟებიან, ჩვენი სასიმღერო ჟანრის გიგანტებიც კი დარჩნენ უარაფროდ.

თუმცა, ბევრი კრიტიკოსის აზრით, პანდემიამ დადებითი მომენტებიც შეიტანა კულტურის სფეროში, მაგალითად, გამოჩნდნენ შემსრულებლები, რომლებმაც კარანტინის პირობებში, ინტერნეტის საშუალებით მაინც შეძლეს კონცერტებისა თუ პირდაპირი ეთერების გამართვა.

პანდემიამ უბრალოდ გვაჩვენა სეგმენტი, რომელიც მუშაობს. მე ჩემი კეთილი დამოკიდებულება მაქვს ახალგაზრდების, ახალგაზრდული შემოქმედების მიმართ. მუდამ გვერდში ვედექი  სხვადასხვა დროის ახალგაზრდა მუსიკოსებს…

ბევრი მათგანი ვარსკვლავიც კი გახდა…

ახლა ახალგაზრული შემოქმედების ნამდვილი ზეიმია! ერთი მეთქმის – ყოჩაღ! და თუ ვინმეს  დავჭირდები, სიხარულით მოვემსახურები!

როგორი დამოკიდებულება აქვს მაესტროს სატელევიო პროექტებთან და კონკურსებთან, რომლებიც ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდა?

სამწუხაროდ,  საქართველოში ეს კონკურსები ძირითადად ტელეარხის რეიტინგის ასამაღლებლად იმართება. მე არ მსმენია, რომ რომელიმე კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულს შემოქმედებითი წინსვლის სერიოზული დახმარება გაეწიოს. პრიზებს არ ვგულისხმობ. ამიტომ მე ღიმილით ვუყურებ ამ შოუებს.

რისი კულტურა აკლია ქართულ კულტურას?

საქართველო ნიჭიერების აღიარებული წალკოტია! და ძალიან გვაკლია სწორედ ნიჭიერების, ყველა სფეროშო, გულწრფელი დაფასების კულტურა! საკუთარ მაგალითზე ვიტყვი,- სულ 4 საღამო მაქვს ჩატარებული და ყოველ ჯერზე მიწევს უამრავი ბიუროკრატიული საკითხის, მათ შორის დაფინანსების  მოგვარება…

უამრავი თაყვანისმცემელი სიხარულით ელოდება თქვენთან, თქვენს სიმღერებთან შეხვედრას.მათი უმრავლესობა ხომ კეთილი მომავლის ჰიმნად და იმედად იქცა!..

მკითხეთ? გპასუხობთ – ურთიერთ უკულტურო დამოკიდებულება და, განსაკუთრებით, კულტურის გამორჩეული მუშაკების მიმართ გვღუპავს!

ვის უწოდებს მაესტრო მაესტროს?

ქართული მუსიკალური ხელოვნების  ყველა გამოჩენილ წარმომადგენელს!

–გასაგებია, გიჭირთ ერთის დასახელება. მაშინ უცხოეთში გადავინაცვლოთ.

ამ უზარმაზარი სამყაროთი რატომ მაბნევთ?.. ორს ვიტყვი – ენიო მორიკონე და ქუინსი ჯონსი!

ნიჭიერ ხალხს ბევრი მტერი ჰყავს, თუ მოცარტს ჰყავდა სალიერი, ჯემალ სეფიაშვილს ვინ ჰყავს?

ყველა ჯემალ სეფიაშვილს უამრავი სალიერი ჰყავს. სიტყვითაც შეიძლება ადამიანი მოწამლო. თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, სალიერი თავისი საქმის აღიარებული პროფესიონალი იყო, მე ასეთი რანგის არავინ შემხვედრია. როგორც წესი, ჩემს სალიერებს უნამუსობა ამოძრავებთ.

თქვენ რისი გაკეთება გსურთ პანდემიის პირობებში? გიფიქრიათ, რომ გარკვეულ პირობებში კოლეგების დახმარებას შეძლებდით?

ნიჭიერ შემოქმედს საქართველოში ფული არასოდეს აქვს…ვეცდებოდი ყველაფერი გამეკეთებინა, რომ ქვეყანას ბევრი ემღერა, ქვეყანას გულიანი მუსიკა დაეკრა, ქვეყანას აღტაცებით ეცეკვა!

ანუ მაესტრო იმედიანად არაა განწყობილი?

იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა!

ბატონო ჯემალ,  გთხოვოთ ორიოდე სიტყვით მიმოიხილოთ საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA-ს დღევანდელი საქმიანობა.

თამამად ვიტყვი, რომ ამ მძიმე დროს  ასოციაცია ფაქტიურად ერთადერთია, ვინც შემოქმედებით ხალხს მატერიალურად მხარში უდგას. ამიტომ მინდა მივმართო კოლეგებს – მოდით! გაწევრიანდით GERA-ში!