„შვიდკაცა“ – 40 წლის შემდეგ ფილმზე მუშაობა წელს დასრულდება

43

რეჟისორ, სოსო ჩხაიძის ფილმზე „შვიდკაცა“ მუშაობა წელს დასრულდება. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. კინოცენტრის ცნობით, ფილმის გადაღებები 40 წლის წინ დაიწყო, თუმცა, სოსო ჩხაიძემ მისი დასრულება ვერ მოახერხა, მაგრამ მოასწრო გადაღება, დამონტაჟება და გურიის ეპიზოდების ნაწილობრივი გახმოვანება.

ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა კინორეჟისორია, რომელიც სადიპლომო ფილმის გადასაღებად გურულ პოლიფონიურ სიმღერაზე მასალებს აგროვებს. მაყურებელი თითქოს მასთან ერთად მოგზაურობს და ეცნობა გურული ხალხური სიმღერის დიდოსტატებს. ფილმში ასახულია 80-იანი წლების თბილისი რეალური პერსონაჟებით.

პოსტ-პროდუქციის პროცესს პაატა გოძიაშვილი პროდიუსერ ნანა ზურაბიშვილთან ერთად  უძღვება. დაგეგმილია შემდეგი სამუშაოების ჩატარება: არსებული მასალის აღდგენა, ხმის გაწმენდა, ფერთა კორექცია, დიალოგების ნაწილის ჩაწერა, მონტაჟის დასრულება, მიქსინგი, ტიტრებისა და სუბტიტრების დამზადება.

ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, ფილმზე მუშაობა წელს საბოლოოდ დასრულდება და მაყურებელი შვიდსერიან სატელევიზო მხატვრულ ფილმს იხილავს.