სად არის Parresia? დებატები ჭეშმარიტებაზე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ მამარდაშვილს შორის

1356

საყოველთაოდ ცნობილია რომ 1990 წელს ორ ცნობილ ქართველ მოაზროვნეს შორის საკმაოდ ცხარე კამათი გაიმართა ‘ჭეშმარიტების’ საკითხზე. ერთ-ერთ შეკრებაზე, რომელიც თუ არ ვცდები ‘სახალხო ფრონტის’ დარბაზში მიმდინარეობდა მერაბ მამარდაშვილი იმ დროისათვის თითქოს საკმაოდ გაბედული გამონათქვამით გამოდის, სადაც ის აცხადებს, რომ ‘ჭეშმარიტება მისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე სამშობლოს სიყვარული’. ეს ფრაზა ამის მერე ფაქტიურად მამარდაშვილის ფილოსოფიურ მოტტოდ იქცა და ბევრ ინტელექტუალში მისი გულწრფელი პატივისცემაც დაიმსახურა. ცნობილია, რომ 1990 წლის ზაფხულში საქართველოში პოლიტიკური კონიუნქტურა უკვე სერიოზულად იყო გადახრილი ‘იდენტობის პოლიტიკისაკენ’ და მაშასადამე თანამედროვე, ბურჟუა ნაციონალიზმისკენ – და ამ დროს იდენტობის წყაროზე ზემოთ ‘ჭეშმარიტების’ დაყენება ნამდვილად შეიძლებოდა ჩათვლილიყო გაბედულ ნაბიჯად. მერაბ მამარდაშვილი ამ დროისათვის ქართულ ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობაში ეგრეთწოდებული ‘ლიბერალური ფრთის’ ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო – ნაირა გელაშვილთან, გია ჟორჟოლიანთან, და ეგრეთწოდებული ‘წითელი ინტელიგენციის’ მთელ რიგ წევრებთან ერთად. ზვიად გამსახურდია კი მაშინ გამათავისუფლებელი მოძრაობის ‘რადიკალური ფრთის’ ლიდერად მოიაზრებოდა – და მან ცოტა ხანში დემოკრატიულად გაართულ არჩევნებში მოახერხა თითქმის შეუძლებელი – დაამარცხა იმ დროს თითქმის დაუმარცხებლად ცნობილი დიდი მონსტრი – საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია 1990-იანი წლების მრავალპარტიულ არჩევნებში. დებატები ზვიად გამსახურდიასა და მერაბ მამარდაშვილს შორის მაშინ – ჯერ კიდევ 1990 წელს ჩვენი ინტელქტუალთა კლასის მიერ საკმაოდ მარტივ დიქოტომიად წარმოისახებოდა. ‘ლიბერალური ინტელიგენციის’ წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად ზვიად გამსახურდიას მიმართ პიროვნულ სიძულვილს ვერ ფარავდნენ ამ დებატებს წარმოაჩენდნენ, რომელშიაც მერაბ მამარდაშვილს პლატონის როლს უწილადებდნენ, საქართველოს პირველ პრეზიდენტს კი სიცილიის სირაკუზის ტირანის დიონისოს როლს, რომელმაც პლატონის მიერ მისთვის სიმართლის თქმის შემდეგ გადაწყვიტა დიდი ფილოსოფოსის ტყვედ გაყიდვა და ეს განზრახვა აღასრულა კიდეც. სინამდვილეში ‘პარეზიასტი’ (ანუ ‘სიმართლის მთქმელი”) პლატონი ძლივს გადაურჩა სიკვდილს, როდესაც ის მისმა მეგობარმა გამოიხსნა ტყვეობიდან. ამ ამბის შესახებ, ცხადია პლუტაქრეს აქვს მოყოლილი. პლატონი დიონისეს სიმართლეს ეუბნება – ანუ ‘პარეზიას’ აფიქსირებს – ‘მე ამ ქვეყანაში ღირსეული ადამიანის სანახავად ჩამოვედიო’ – ცხადია სირაკუზელი ტირანი ამაზე ბრაზდება და ის გადაწყვეტს რომ შური იძიოს ამ სიმართლეზედ, რომელიც ფილოსოფოსის პირიდან მოდის. ერთი შეხედვით 1990 წელს მდგომარეობა მართლაც ისე გამოჩნდა, თითქოს მერაბ მამარდაშვილს ეთამაშა პლატონის როლი – და პირიქით, ზვიად გამსახურდია გახდა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე 1990 წლის ოქტომბერში. თუმცა მერაბ მამარდაშვილი გულის შეტევით ცოტა ხნით ადრე დაიღუპა – რაც გამორიცხული არ არის რომ იყო გარკვეული ნერვული სტრესის შედეგი. 1990 წლის ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე, ცხადია ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლების მიერ გახშირდა თავდასხმები მამარდაშვილზე – ზოგს შემთხვევაში ეს შეიძლებოდა ყოფილიყო სამართლიანი, და ზოგ შემთხვევაში არა. მაგრამ, ამ შეტევებს თავისთავად ამ ორ მოაზროვნეს შორის გამართულ ვირტუალურ დებატებთან ‘ჭეშმარიტების და სამშობლოს’ თემაზე პრაქტიკულად საერთო არაფერი ჰქონდა. ცხადია, რომ ყველა რევოლუციური და ტრანსფორმაციული პერიოდის დროს ნერვული სტრესები საკმაოდ წინ იწვეს, რასაც თან ერთვის ხოლმე სოციო-ეკონომიკური პრობლემები – რაც თავისთავად სტრესული სიტუაციებისგან გამოწვეულ სიკვდილის რისკს ყოველთვის ზრდის და ამაში ზოგადად კარგი არაფერია. შეიძლება ითქვას რომ მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალება გულის შეტევით აეროპორტში იყო ქართული მენიერების დიდი ტრაგედია, ისევე როგორც ბევრი მისი კოლეგისა, რომელთაც ვერ მოასწრეს საკუთარი ნააზრევის ბოლომდე ჩამოყალიბება. თუმცა, მერაბ მამარდაშვილი ქართული აზროვნების ისტორიაში უკვე სამუდამოდ შევიდა – საკამათოა, რა თქმა უნდა რამდენად სწორი მხრიდან – თავისი დებულებით ‘ჭეშმარიტების’ უფრო მეტი ღირებულების აღნიშვნით და მისი აზროვნებითი დიქოტომიით ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ‘იდენტობის პოლიტიკის’ ძირითად თეზისთან – ‘სამშობლოს სიყვარულთან’. ამ ნარკვევის მიზანი ის არის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ის ყალბი დიქოტომია, რომელიც მამარდაშვილსა და გამსახურდიას შორის ჩამოაყალიბა მაშინდელმა ‘ლიბერალურმა ინტელიგენციამ’, რომელმაც მამარდაშვილი პლატონად გამოაცხადა და გამსახურდია კი დიონისედ. სინამდვილეში, ზუსტადაც რომ 1990 წელს ორივე მოაზროვნის მიერ წაკითხული ლექციების კარგი ანალიზისას ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პლატონი – ‘პარეზიასტი’ – “სიმართლის მთქმელი’ ზუსტადაც რომ ზვიად გამსახურდია იყო. მერაბ მამარდაშვილი კი უკეთეს შემთხვევაში დიონისეს ნათესავი მრჩეველი, დიონი იყო, რომელიც იმ დროს საბჭოთა სახელმწიფოს ‘ლიბერალური პოზიციებიდან’ გაძლიერებაზე ზრუნავდა – რაც თავისთავად ყოველთვის ახასიათებთ ლიბერალ მოაზროვნეებს. ‘პარეზია’ ანუ ‘თავისუფალი სიტყვა’ გამოიყენება ნებისმიერი მოაზროვნის მიერ ‘სრული სიმართლის’ სათქმელად ხელისუფლებისათვის – ანუ გლობალური ისტაბლიშმენტისთვისაც. აი ამ, ‘სრული სიმართლის თქმას’ მთქმელისთვის გარკვეული რისკები მოჰყვება. ეს რისკი პლატონისთვის აშკარა იყო, როდესაც მან სირაკუზელ დიონისეს შეჰბედა იმის თქმა რომ მან სიცილიაზე ვერ იპოვა ‘ღირსეული ადამიანი’. ეს იყო დაპირისპირება ტოტალურ ძალასთან მაშინ – პლატონის ცხოვრებაში. მაგრამ, რა დონის დაპირისპირებას შეიცავდა მერაბ მამარდაშვილის განცხადება 1990 წელს ‘ჭეშმარიტების შესახებ’? იყო კი ეს ‘სიმართლის თქმა’ მთელი მსოფლიოს გაბატონებული კონიუნქტურის და ინნტელექტუალური დოგმების წინააღმდეგ – თუ ეს იყო უბრალოდ ქართული ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ მოხერხებულად ჩადგმული ფრაზა, რომელმაც მის ავტორს ამხელა სახელი მოუტანა. ცხადია, ის ფაქტი, რომ ამ გამოთქმას ცოტა ხანში მერაბ მამარდაშვილის დაღუპვა მოჰყვა, უკვე გამორიცხავს იმ ფაქტს რომ ამ სიტყვების ავტორს საერთოდ არ გაურისკავს. როგორ არა. მერაბ მამარდაშვილმა, რომელიც საკმაოდ სერიოზული მოაზროვნე იყო, და რომელსაც მიშელ ფუკოს მსგავსად უყვარდა მსჯელობა რენე მაგრიტის ‘ჩიბუხის რაობაზედ’ – თუ რამდენად არის ‘ჩიბუხი’ ჩიბუხი გათვალა გარკეული რისკი, როდესაც ‘უნივერსალური ჭეშარიტების’ იდეა დაუპირისპირა კორპორატიულ და თუ ეროვნულ ‘იდენტობის პოლიტიკას’. ეს კარგად გათვლილი კეთილშობილი რისკი იყო. ლიბერალური დისკურსის არქეოლოგიას თუ ჩავუკვირდებით, მამარდაშვილის ეს ფრაზა შეიძლება საკმაოდ ექსტრაორდინალურადაც ჩაითვალოს, იმის გათვალისწინებით რომ ეს მოხდა 1990 წლის ზაფხულში – ‘იდენტობის პოლიტიკის’ მომძლავრების პერიოდში. ეს მხოლოდ კრედიტს აძლევს მის მთქმელს – და უნდა აღინიშნოს რომ მერაბ მამარდაშვილი ისტორიაში ამ გამოთქმით ნამდვილად შევიდა. თუმცა, აქვე მინდა დავამატო, რომ ის არასწორი მხრივ შევიდა ისტორიაში და ამის მიზეზი მისი ლიბერალური სტილის აზროვნებაა. ნამდვილად გონებაგახსნილი ქართველი მოაზროვნე, რომელსაც შეეძლო ნამდვილი ‘პარეზიასტი’ ყოფილიყო, მხოლოდ ‘მინი-ჭეშმარიტების’ მღაღადებლად იქცა – კონიუნქტურის გამმეორებლად, რომელმაც ვერც ის აგვიხსნა წესიერად რატომ არ არის სინამდვილეში რენე მაგრიტის ჩიბუხი ნამდვილი ჩიბუხი.. ზვიად გამსახურდიას იმავდროინდელ ლექციებში კარგად იკვეთება ‘ნამდვილი პარეზია’ – ანუ ‘სიმართლე ყოველგვარი კონიუნქტურის გათვალისწინების გარეშე’ – ‘სიმართლე მთელი კაცობრიობისათვის’, რომელიც ორი აზრი არაა რომ ნებისმიერი ტიპის პეტი ნაციონალიზმზე ზემოთ დგას. ‘საქართველოს სულიერ მისსიაში’ წარმოთქმული სიმართლე, რომელიც საბოლოო ჯამში გამსახურდიას მთელმა იმ დროინდელმა სოციო-პოლიტიკურმა ელიტამ არანაირად არ აპატია სწორედ იმ სიმართლეს ამბობს, რომელიც გაგონება მსოფლიოს დღესაც უნდა. და ეს სიმართლე მთლიანად შთანთქავს მერაბ მამარდაშვილის მიერ ნათქვამ შედარებით მცირე მასშტაბის სიმართლეს “ჭეშარიტება რა თქმა უნდა ნებისმიერ იდენტობაზე ზემოთ დგას’ – მაგრამ გამსახურდია უფრო შოროს მიდის და ის უკვე ანგრევს ელინური აზროვნების დოგმებს. ის პრე-ელინური ისტორიოგრაფიის პერიოდში გადადის ‘ ‘კალი იუგას’ პერიოდში, სადაც ხდება პრომეთეს შემოქმედებითი საწყისის მიჯაჭვა კავკასიის მთებზე – მხოლოდ იმის გამო რომ პელაზგმა პრომეთემ უარი არ თქვა შემოქმედებაზე – შემოქმედებითობაზე. მამარდაშვილმა ვერ გაბედა ელინურ დოგმებთან დაპირისპირება – მეოცე საუკუნეში მოდაში იყო (და დღესაც არის რა თქმა უნდა) ქრისტიანულ ან სხვა რელიგიურ დოგმებთან დაპირისპირება – მაგრამ ამავე დროს აკადემიურ სამყაროში თითქმის აბსოლუტური ტაბუ ედო ‘ზევსის ლოგო-ცენტრისტულ კულტურასთან’ – წრფივ აზროვნებასთან დაპირისპირებას. მეოცე საუკუნის ბოლოს – ისევე როგორც დღეს ინტელექტუალის მიერ მაქსიმალური გამბედაობის გამოვლინება – აქ ალენ ბადიუს ტერმინს მოვიხმარ – იყო და არის ინდო-ევროპული ‘ზევსის კულტურის’ მიერ მოტანილ ფა-ლოგოცენტრისტულ აზროვნებასთან – მხოლოდ ლოგიკური მიდგომით სარგებლობის აუცილებლობასთან დაპირისპირებას. აი, სწორედ ეს შეძლო ზვიად გამსახურდიამ 1990 წელს – ლოგოცენტრიზმის თითქმის სრული და უპირობო ზეობის ხანაში. ცხადია, ამ დროს ჟაკ დერიდას ‘გრამატოლოგიის შესახებ’ უკვე დაწერილი აქვს – მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. იმ აკადემიურ სამყაროში, რომელშიაც მერაბ მამარდაშვილი და ზვიად გამსახურდია ტრიალებენ ‘ფალოსის’ და ‘ლოგოსის’ კულტი იმდენად ძლიერია, რომ ყოველგვარი არა-ორთოდოქსული განცხადება მკრეხელობად აღიქმება და განმცხადებელი მწარედ ისჯება სრული მარგინალიზაციით. და სწორედ ამ პრესს ვერ გაუძლო მერაბ მამარდაშვილმა, რომელიც უდავოდ უნიჭიერესი მოაზროვნე იყო – მაგრამ მან ვერ შესძლო ტიტანის როლის აღება პრომეთეული ინიციაციის ქვეყანაში. მან ეს ვერ შესძლო. და ცხადია, მისი განსჯა ამისათვის არ იქნება მართებული – ლიბერალური კონიუნქტურა 1990 წელს კიდევ უფრო საშიში იყო, ვიდრე ის დღეს არის – ის ღიმილით კლავდა იმათ, ვინც მას ოდნავაც არ ეთანხმებოდა, როგორც ამას ჟან ფრანსუა ლიოტარი კარგად ამბობს მის ‘პოსტმოდერნულ კონდიციაში’. ‘სიმართლის თქმა’, რომელიც რისკსაც შეიცავს აგრეთვე გახლავთ მაჰათმა განდის ‘სატიაგრაჰას’ ფილოსოფის მთავარი ნაწილიც. აქაც სიმართლის ყოველგვარი გაფორმების გარეშე თქმაა საჭირო, ზვიად გამსახურდიას, როგორც ქართველი მოაზროვნის მეტად საინტერესო თვისება ისიც იყო, რომ ის არაჩვეულებრივად კარგად იცნობდა ჰინდუ ფილოსოფიას და მაშასადამე მაჰათმა განდის ნაწერებსაც. მისი ‘პარეზია’ არა მხოლოდ პლატონის ტრადიციებიდან მოდიოდა – ის მოდიოდა აღმოსავლური ძირებიდანაც. ეს იყო მწარე და სრული სიმართლე – მათს შორის ‘ლიბერალურ იმპერიალიზმზეც’, რომლის კრიტიკაც ვერ გაბედა მერაბ მამარდაშვილმა, მიუხედვად იმისა რომ ის კარგად იცნობდა ამ მოვლენას. მას წლების განმავლობაში მოუწია ცხოვრება ლიბერალური, ბურჟუა იმპერიალიზმის ერთ-ერთ ცენტრში – საფრანგეთში – და მოუწია კიდეც ურთიერთობები იმ დროის წამყვან ფრანგ და იტალიელ მოაზროვნეებთანაც. მას ცოტა დააკლდა იქამდე რომ გაებედა და გამხდარიყო ‘სრული გიჟი’ – ანუ განუმეორებელი გენიოსი, როგორც ეს იყო ჟილ დელიოზი ან მისი კოლეგა მილიტანტი ანტი-მატერიალისტი, ჟილ დელიოზი. როდესაც ჟაკ დერიდა სულებზე ლაპარაკობს და ამით მთლიანად უპირისპირდება ლოგოცენტრისტულ დოგმებს – მერაბ მამარდაშვილს არ ჰყოფნის გაბედულება რომ ‘ჭეშმარიტების’ სახელით ‘სამშობლოზე ბევრად მეტს’ – უნივერსალურ გაუცხოებას დაუპირისპირდეს – არა გაუცხოებას მარქსისტულ ან თუნდაც ეგზისტენციალურ კონტექსტში – არამედ გაუცხოებას ბიოპოლიტიკისგან – მთელს მსოფლიოში და ყველა წამყვან სისტემაში ადამიანის დამონებას ბიოლოგიური ინსტიქტების ფეხსაცმლის ქვეშ. ზვიად გამსახურდიას კი ამის გაბედულება ჰყოფნის – ინტელექტის პირველი ნისანი კი სწორედ გაბედულებაა – ეს არის გაბედვა იმისა რომ დაუპირისპირდე შენი დორების წამყვან დოგმას – არა მხოლოდ ტირან დიონისეს სიცილიიდან – არამედ ფიზიოკრატების სრულ და უპირობო ბატონობას. და რა ხდება ამის მერე? 1990 წელს არჩევნებში იმარჯვებს ‘მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო’. მერაბ მამარდაშვილი ამ დროისათვის უვე აღარ არის ცოცხალი. თუმცა იმ ფიზიოკრატების კლასი, რომელსაც ის ვერ და არ დაუპირისპირდა ‘ჭეშმარიტების თქმისას’ იწყებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ‘პომეთეულ ინიციაციასთან’ – ანუ ‘მისტერიულ და შემოქმედებით არსობასთან’ – ანრი ბერგსონის ტერმინით რომ ვთქვათ ‘მუდმივ ქმნადობასთან’ – Becoming – ‘ადამიანის ძირითადი სასიცოცხლო ინსტიქტი’ არ არის არც ლიბიდო და არც კუჭი, როოგრც ამას ფროიდი და მარქსი ამტკიცებდნენ. მაგრამ ამასთან დაპირისპირებაც ვერ გარისკა ტიტანმა მამარდაშვილმა. სამაგიეროდ ეს მოახერხა მეორე დიდმა მოაზროვნემ – და მისი სახელი იყო ზვიად გამსახურდია. ‘პარეზიის’ მთქმელი – ‘სრული სიმართლის განმცხადებელი’ დიდ რისკზე მიდის საკუთარი სიცოხლისათვის. დიახ, ამ სიმართლის თქმა – ‘ზევსის კულტურის’ წინააღმდეგ, მაშინ როდესაც მატერიალისტური ბიოპოლიტიკა ყველას და ყველაფერს აკონტროლებს – უეჭველად გამოიწვევდა ამ ადამიანის დაღუპვას. და ამ შემთხვევაში დაღუპვას არა უბრალოდ გულის შეტევისაგან – არამედ პირდაპირ ფიზიოკრატების მიერ მოშვერილი ტყვიისაგან. მიზეზი იმისა რომ ზვიად გამსახურდიას მიერ ნათქვამი სიტყვა ‘მისტერიულ და შემოქმედებით ინიციაციას’ მოიცავდა – იყო ის რომ ეს არ იყო გადარჩენა მხოლოდ ერთი პატარა ქვეყნისათვის – რომელსაც საქართველო ჰქვია. ეს ინიციაცია იყო გადარჩენა მთელი მსოფლიოსათვის – რომელიც ბიოპოლიტიკის მარწუხებში სულ უფრო და უფრო ეხვეოდა. დღეს, როდესაც კაცობრიობა კორონა ვირუსის მარწუხებშია – ამის გაგება ბევრად უფრო ადვილია – ვიდრე ეს იყო ან 1990 წელს, როდესაც მერაბ მამარდაშვილი გულის შეტევით დაიღუპა და მითუმეტეს 1993 წელს, როდესავ ზვიად გამსახურდიას სიცოცხლე მოუსწრაფეს ფიზიოკრატიის უპირობო ბატონობის სახელით. დღესაც, ისევე როგორც მაშინ, ყველა მოაზროვნის მოვალეობაა რომ თქვას ‘სრული სიმართლე’ ისე როგორც ეს ნამდვილ ‘პარეზიასტს’ შეეფერება და ამით დაეხმაროს კაცობრიობას გადარჩენაში. დღეს ეს აშკარად და კარგად ჩანს.

ირაკლი კაკაბაძე