აშშ–ის მუზეუმები თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებენ

116

ამერიკის მუზეუმების ალიანსმა გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, შეერთებული შტატების მუზეუმების 53% იძულებული გახდა თანამშრომლები სამსახურიდან დაეთხოვა ან/და უხელფასო შვებულებაში გაეშვა. მუზეუმების ხელმძღვანელობები 2020 წლის ბოლოს 35%–იან ფინანსურ დანაკარგს ელიან.

რესპოდენტების პასუხების თანახმად, მათი თანამშრომლების საშუალოდ 28% მოცემულ მომენტში სამსახურიდან დათხოვნილია ან უხელფასო შვებულებაშია. ყველაზე მეტად ვიზიტორთა მომსახურებაზე, ბილეთების, წიგნებისა და სუვენირების გაყიდვაზე მომუშავე პერსონალმა იზარალა.

ფირმა Wilkening Consulting–ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა აშშ–ის 850 მუზეუმმა მიიღო. მუზეუმების 29%–ის ხელმძღვანელების განმარტებით არსებობს ინსტიტუციების გაუქმების რისკი.

ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს მუზეუმების 71% მუშაობს, ხოლო 29% გაზაფხულის კარანტინის შემდეგ დაკეტილია.

“ამერიკის მუზეუმების ფინანსური მდგომარეობა უარესდება. მარტის “ლოქდაუნის” შემდეგ მუზეუმების 30% არც გახსნილა. ის მუზეუმები, რომლებიც გაიხსნა საშუალოდ მნახველთა 35%–ითაა დატვირთული”, – აცხადებს მუზეუმების ალიანსის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ლორა ლოტი.

ალიანსი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მუზეუმები ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია: პანდემიამდე ისინი 726 ათას სამუშაო ადგილს უზრუნველყოფდნენ, ხოლო აშშ–ის ეკონომიკაში მათი წვლილი წლიურად 50 მილიარდ დოლარს შეადგენდა.