ვატიკანი თავის ბიბლიოთეკას ჰაკერებისგან ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დაიცავს

153

ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა სერიოზულად განიცდის ელექტრონული არქივის ციფრული დაცვის საკითხს. ბოლო ათი წელია ბიბლიოთეკის 80 ათასი ხელნაწერის ციფრულ ფორმატზე გადატანის პროცესი მიმდინარეობს, დღეისთვის კი მხოლოდ 25%–ია მზად.

“ეს კოლექციები დეზინფორმაციასთან ბრძოლაში უდიდეს როლს ასრულებენ და ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დავიცვათ ისინი ჰაკერებისგან. ხელნაწერების ციფრულ რეჟიმში გადატანის პროცესის დასაწყისიდან თვეში ასობით კიბერშეტევა ხორციელდება”, – აცხადებს ვატიკანის ბიბლიოთეკის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მანლიო მიჩელი.

ჰაკერებისგან თავის დასაცავად ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ კომპანია Darktrace-ს მიმართა. კემბრიჯის უნივბერსიტეტის მათემატიკოსების მიერ დაფუძნებული კომპანია, ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე, კიბერშეტევებისგან დასაცავი სისტემების გამოგონებითაა ცნობილი. ხელოვნური ინტელექტის სისტემა ადამიანის იმუნიტეტს ჰგავს და ყველა საეჭვო აქტივობას ამჩნევს, რიტაც კიბერშეტევას ებრძვის.

“ხელოვნურ ინტელექტს არასოდეს სძინავს, არ აკეთებს პაუზას და შეუძლია შეამჩნიოს მეტი საფრთხე, ვიდრე სპეციალისტების მთელ ჯგუფს. ის წამებში იღებს გადაწყვეტილებებს”, – აცხადებს მიჩელი.