N.E.A.S.Y – ახალი სიტყვა ქართულ შოუ-ბიზნესში

987

ნანკა გვარიშვილი რამდენიმე თვის წინ გადაცემა “დიდი სცენიდან” გახდა ცნობილი. მის გამოსვლას 2 მილიონამდე ნახვა აქვს. სულ ახლახან კი მან ახალი ვიდეო რგოლი გამოუშვა, სადაც თავად ცალმხრივად შეყვარებული ქალღმერთის როლშია წარმოდგენილი. ნანკას სასცენო სახელია N.E.A.S.Y (ნიზი-ა), ჩვენ მას გადაღებებზე, გამოხმაურებაზე და მის სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.


– ნანკა, პირველ რიგში, მოგვიყევი შენს შესახებ.

– პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ვარ მსახიობი. დაახლოებით ერთი წელია თეატრ “გლობუსში” ვთამაშობ, ბოლოს კოჰარუს როლი შევასრულე “შეყვარებულთა მკვლელობა ციურბადეთა კუნძულზე”-ში, თუმცა რეპეტიციები და სპექტაკლები პანდემიის გამო შეჩერებულია. სწორედ ამ დროს გამოვძებნე დიდი დრო და ენერგია ჩემი ახალი ვიდეორგოლისთვის.

– რატომ აარჩიე ვანო სარაჯიშვილის უძველესი და ბევრისთვის საყვარელი სიმღერა “ისევ შენ”?

– როგორც იცით მე ამ სიმღერით გამოვჩნდი მუსიკალურ კონკურსში “დიდი სცენა”, სადაც დაახლოებით 2 მილიონი ადამიანის ნახვა, კომენტარი და გაზიარება დავიმსახურე. აი ზუსტად ამ ორი მილიონიდან, დაახლოებით, 30%-მა მომწერა და მთხოვა დამედო ამ სიმღერის სრული ვერსია. აქედან გამიჩნდა სურვილი სრულად შემესრულებინა ის, თუმცა, თავიდან მე და ალეკომ, რომელიც ბრავო რეკორდსის მუსიკალური პროდიუსერია და შეიძლება ითქვას, მისი აღმოჩენა ვარ, გადავწყვიტეთ მხოლოდ პიანო აკომპანიმეტთან ერთად მემღერა. შემდეგ შეიძლება ითქვას ეშხში შევედით და ვეღარც გავჩერდით. შემდეგ მივხვდით, რომ ამ არანჟირებას და ვოკალს სხვანაირი კლიპი დასჭირდებოდა და უკვე ამაზე მუშაობა დავიწყეთ.

– რა იყო ამ კლიპის ინსპირაცია?

– იმ პერიოდში, როდესაც ამ კლიპზე და მის კონცეფციაზე ვფიქრობდი, მე და ალეკო რამდენიმე რეჟისორს შევხვდით. თან მათი აზრი მაინტერესებდა, როგორს მხედავდნენ ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ. ყველა მიდიოდა ძალიან ბანალურ ცალმხრივად შეყვარებული გოგონას ისტორიაზე, რომელსაც ვარდის ფურცლები ეყრება თავზე და ა.შ. შემდეგ შევხვდი გოლას, რომელიც ჩემი დიზაინერია და მასთან ერთად მუშაობა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო . მიხარია, რომ დამინახა და ხელი მომკიდა, როგორც პროდუქტს.
შემდეგ გავიცანი რეჟისორი თინა შარაშენიძე რომელიც დამეხმარა გადამეღო კლიპი, რომელიც არის ყურებადი! და მინდა ხაზი გავუსვა – საქართველოში ყურებადი კლიპები არ არის! თინამ ზუსტად ისე წარმომიდგინა, როგორც შემდეგ უკვე მე თვითონ აღვიქვი ჩემი თავი. აზრის არის ის, რომ ვარ ქალღმერთი და მყავს ჯაშუშები, მცველი გოგონები, რომლებიც არ მაძლევენ სიყვარულის მორევში ჩაშვების უფლებას.
დღესდღეობით ვთვლი, რომ ქალები არ ვუდგავართ საკმარისად ერთმანეთს გვერდში, პირიქით სულ შეჯიბრი გვაქვს, არადა ქალური სოლიდარობა ძალიან მნიშნელოვანია. როდესაც ცალმხრივი სიყვარულით იტანჯები, ყველაზე მეტად გჭირდება ადამიანები გვერდში ვინც დაგეხმარებიან მყარად იდგე ფეხზე. მეორე გზავნილი ამ კლიპიდან არის ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა რასას, ფერს, რეგალიებს, წარმომავლობას – ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ჩაითრიოს სიყვარულის მორევმა.

– შენი აზრით იყო ეს რგოლი ახალი სიტყვა ქართულ შოუ-ბიზნესში?

– კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ახალი სიტვა იყო და ახალი საფეხური დაიდო ჩვენს რეალობაში. შეიძლება ამბიციურად ჟღერდეს, მაგრამ ვთვლი, რომ პირველი მაგარი ვიდეო-კლიპია.!

– კიდევ ხომ არ აპირებ მომავალში კონკურსში მოგვევლინო?

– არა! კონკურსებისგან მივხვდი, რომ ძალიან, ძალიან შორს ვარ. არსებობენ ადამიანები, ვისაც სიამოვნებთ სხვების შეფასების მოსმენა, მღელვარება ტურიდან ტურამდე, თუმცა, ეს ჩემი ნამდვილად არ არის და ამ ნერვიულობად და სტრესად არ მიღირს.

– შენი მუსიკალური გამოჩენა მოულოდნელი იყო ოჯახისთვის ან/და მეგობრებისთვის?

– პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო რომ ბავშვობიდან ვმღერი, მაგრამ ჩემს სიმღერას არც ჩემი მშობლების და არც ჩემი მხრიდან დიდი ყურადღება არასდროს ექცეოდა. უკვე ცოტა მოზრდილ ასაკში როდესაც ემი უაინჰაუსს მოვუსმინე და ძალიან გამიტაცა დავიწყე სახლში კარაოკეს დახმარებით სიმღერა, შევაწუხე ყველა. ერთ დღესაც მოვიდა ჩვენთან სტუმრად მამაჩემის მეგობარი, ლაშა ნიქაბაძე, ლა სკალას ცნობილი ტენორი. მან გაიგონა ჩემი კარაოკეზე “მაიმუნობა”, მისი პირველი კომეტარი იყო: “ეს გოგო მეცო სოპრანო იქნება” .. ამ სფეროში ვცადე ბედი, თუმცა, მივხვდი, რომ ოპერა ჩემი არ არის და ჩემში არ ზის. შემდეგ უკვე მოვიდა ნიჭიერთა ათწლედი. სიმართლე გითხრათ არასდროს მქონია იმის ამბიცია, რომ სიმღერაში მაგარი ვარ. სიმღერა ჩემთვის ყოველთვის იყო მიუღწეველი ოცნება, რომელიც დღეს რეალობად იქცა.

– როგორც რამდენჯერმე აღნიშნე ხარ მსახიობი, შენი სამომავლო გეგმები თეატრს უკავშირდება თუ სიმღერას?

– რა თქმა უნდა თეატრი ჩემი სამყაროა, ერთი წამითაც არ მიფიქრია მისთვის თავის დანებება. თუმცა, სიმღერასთან დაკავშირებით ძალიან დიდი გეგმები მაქვს. მინდა გამოვუშვა ალბომი, მაგრამ მასში არა ერთი ჟანრის, არამედ რამდენიმე სხვადასხვა ჟანრის სიმღერა იქნება შესული. მოკლედ ბევრნაირ ნანკას (N.E.A.S.Y -ს) გაიცნობთ. ჩემი მთავარი მიზანია ვთქვა ახალი სიტყვა ქართულ შოუ-ბიზნესში და მივცე ახალგაზრდეს მოტივაცია. შემდეგ კლიპზე მუშაობაც უახლოეს მომავალში იგეგმება.