ბრაიან მეი: ფრედი მერკურის მხრიდან შიდსის დიაგნოზზე საუბარი მამაცური ნაბიჯი იყო

52

ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის, Queen-ის გიტარისტის, ბრაიან მეის თქმით, ფრედი მერკურიმ მამაცური ნაბიჯი გადადგა, როდესაც საკუთარი დაავადების შესახებ საჯაროდ განაცხადა. ამის შესახებ მეიმ ტელეკომპანია STV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:

“იმ პერიოდში შიდსთან მიმართებით საზოგადოებაში არსებული სტიგმა განსაკუთრებით ლგბტ თემს აზიანებდა. ხალხი საშინელებებს ამბობდა – ეს ისაა, რასაც გეები იმსახურებენ, მათ დასასჯელად მოვლენილი ღვთის რისხვაო. ფრედის მხრიდან საკუთარი დიაგნოზის შესახებ საჯაროდ საუბარი მამაცური ნაბიჯი იყო. მან თქვა, მე არ მინდა, ადამიანებმა იფიქრონ, რომ რაიმე სხვა მჭირს, მე შიდსისგან ვკვდები”. 

ფრედი მერკურიმ მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Bohemian Rhapsody, Killer Queen, Somebody to Love, Don’t Stop Me Now, We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა. არტისტი შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა.