გარნის წარმართულ ტაძარში ქართულ–სომხური პროექტი განხორციელდება

245

უახლოესი თვეების განმავლობაში გარნის წარმართულ ტაძარში გამოჩენილი გერმანელი კომპოზიტორის, გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ოპერას „რადამისტოს“, სომხეთის, საქართველოსა და რუსეთის კულტურის სფეროს მოღვაწეები დადგამენ. სომხეთში მოქმედი „ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ასოციაციის“ ინიციატივითა და ასოციაცია „IP Chain“-ის უშუალო ჩართულობით ოპერა „რადამისტო“  მისი პირველი დადგმიდან 300 წლის იუბილეს სომხეთში აღნიშნავს.

I საუკუნის ქართულ–სომხურ ურთიერთობებზე აგებული ოპერის დირიჟორი ჯორჯ ფეხლივანიანი იქნება, ხოლო დამდგმელი რეჟისორი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – რობერტ სტურუა.

გარნის წარმართული ტაძრის ტერიტორიაზე სპექტაკლის მუსიკალურ თანხლებაზე საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი „სიმფონეტა“ და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ქარელაშვილი იზრუნებენ.

როგორც სომხეთის „ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარემ, გაგიკ მანასიანმა აღნიშნა, საქართველოდან სტუმრების მოწვევა მხოლოდ საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის (GERA) თავმჯდომარის, ალექსანდრე გვარიშვილის გარჯისა და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების წყალობით გახდა შესაძლებელი.

„მგონია, რომ მსოფლიოში რაღაც უცნაური ხდება. ყველა ცდილობს გამოფხიზლდეს, დაუბრუნდეს ჩვეულებრივ ცხოვრებას. ოპერა „რადამისტოს“ დადგმა მაესტრო ჯორჯ ფეხლივანიანთან და პატივცემულ რობერტ სტურუასთან ერთად, ესაა ნაბიჯი ჩვეულ რიტმში დაბრუნებისკენ“, – აცხადებს ასოციაცია „IP Chain“–ის თავმჯდომარე, ანდრეი კრიჩევსკი.

„ჩემი არსებით თავგადასავლების მოყვარული ვარ. ოპერის დადგმა, ამ დიდებული ტაძრის ტერიტორიაზე, უზარმაზარი სიამოვნებაა. სიამოვნება, რომელსაც კორონავირუსიც კი ვერ შეუშლის ხელს. „რადამისტო“ ყველაფრის მიუხედავად მსოფლიო კულტურის საგანძურში დაიკავებს ადგილს“, – აცხადებს რობერტ სტურუა.

მაესტრო ჯორჯ ფახლივანიანი:-„ეს მსოფლიო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც მოგვიწოდებს გავაუმჯობესოთ და განვამტკიცოთ კულტურული ურთიერთობები. დარწმუნებული ვარ, რომ რობერტ სტურუასთან თანამშრომლობა სასურველი შედეგის გარანტიაა“ , –განმარტავს ფახლივანიანი.

რაც შეეხება პროექტის ინიციატორს, არბაკ ხაჩატრიანს, მისი აზრით, მთავარი სილამაზის შექმნაა.

„ესაა სურვილი ერთად გავუწიოთ წინააღმდეგობა დღევანდელ გამოწვევებს. მსგავსი პროექტის განხორციელება პანდემიის პირობებში – სრული სიგიჟეა. მე პირადად არ მახსენდება მსგავსი პრეცედენტი. ყველაზე აღსანიშნავი კი ის ფაქტია, რომ პროექტი ოლიგარქებისა და ჩინოვნიკების ხელშეწყობის გარეშე ხორციელდება“, – აცხადებს ხაჩატრიანი.

აღსანიშნავია ასევე, რომ სომხეთში ჩასულ კულტურის სფეროს მოღვაწეებს პირადად შეხვდა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II და პროექტის მონაწილეებს წარმატება უსურვა. მოგვიანებით კი, სტუმრები სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც მიიღო და პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ასევე, ფაშინიანის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ეცდება ყველანაირად დაეხმაროს მსგავს ინიციატივებს.