ბერგსონიზმი N 2 – საჯარო ლექცია

404

‘სწორედ ემოციას, წინააღმდეგობის მიუხედავად, წინ მიჰყავს გონება. უმთავრესად სწორედ ის აცოცხლებს, უფრო ზუსტად, ცხოველუნარიანს ხდის გონების ელემენტებს, რომელთანაც ერთად შეადგენს ერთ მთლიანობას, აერთიანებს გამუდმებით იმას, რასაც შეუძლია შეერთება მასთან, და, ბოლოს და ბოლოს, აღწევს, რომ პრობლემის დაყენება იქცეს მის გადაჭრად. მით უფრო ეს შეეხება ლიტერატურასა და ხელოვნებას!
შემოქმედება, უპრველეს ყოვლისა, ემოციაა. ლაპარაკია არა მხოლოდ ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. ცნობილია, რომ მეცნიერული აღმოჩენა გულსყურსა და ძალისხმევას მოითხოვს. გენიალობას საბოლოოდ დიდი მოთმინება განსაზღვრავს.
გენიალური ნაწარმოები ყველაზე ხშირად იქმნება თავისებურად ერთადერთი ემოციის საფუძველზე, რომელსაც მიიჩნევდნენ გამოუთქმელად და რომელსაც გამოხატვა სურდა.”

ანრი ბერგსონი – ‘ემოცია და შემოქმედება’

ემოციის როლს ხშირად ამდაბლებენ დღეს ეგრეთწოდებული ‘რაციონალისტები’. არადა ემოციაში არაფერია კლასიკური კარტეზიანიზმის საწინააღმდეგო. პირიქით, ემოცია და ხელოვნება ყოველთვის ეხმარება ადამიანს იმაში, რომ უკეთესი გახდეს. ჩვენი საუკუნის მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ფსევდო-გონების ინტერესებიდან ადამიანის სუფთა ემოცია განდევნეს ცხოვრებიდან – თითქმის მთლიანად განდევნეს სტატისტიკის სახელით და შედეგად მივიღეთ სტატისტიკური კატასტროფები და კატაკლიზმის მოლოდინი. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაზე კაცობრიობის რეაქციამ გვაჩვენა რომ ეგო-ცენტრიზმი არ შეძლება იყოს კაცობრიობს ამოსავალი წერტილი. ‘სხვისი’ თანაგრძნობა და გვერდში დგომა, ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. ჯერ კიდევ წინა საუკუნეში წერდა ამაზე ემანუელ ლევინასი, დიდი ფრანგი ფილოსოფოსი და ანრი ბერგსონის კიდევ ერთი დიდი თანამემამულე, ჟაკ დერიდა. დერიდამ ‘ლოგო-ცენტრიზმი’ და მხოლოდ ლოგიკაზე დაყრდნობა გამოაცხადა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. 1979 წელს დიუსელდორფის კონფერენციაზე ჟაკ დერიდა და ზურაბ კაკაბაძე ერთად გამოდიოდნენ და ორივე ტრადიციული მატერიალისტური ორთოდოქსიის წინააღმდეგ წავიდა.
მატერიალიზმი ვერ გადაარჩენს მსოფლიოს. ვერც დიალექტიკური და ვერც მონოტონური და რუტინაში გადაზრდილი ბურჟუა დამოკიდებულება სამყაროსადმი. ჩვენ ამას დღესაც კარგად ვხედავთ. ბურჟუა ოცნებებთ დატვირთული ადამიანი ბედნიერი ვერასდროს ხდება და ის ყოველთვის ეძებს შვებას ონტოლოგიურ თუ მეტაფიზიკურ სამყაროში. რატომ ხდება ეს?
რატომ არის რომ ლუკინო ვისკონტის ფილმის გმირი როკკო, რომელსაც ახალგაზრდა ალენ დელონი ასახიერებს ფილმში ‘როკკო და მისი ძმები’ ყოველთვის მეტ სიმფატიას იწვევს ადამიანებში, ვიდრე მსოფლიოს ყველა ‘წარმატებული’ ოლიგარქი და პოლიტიკოსი ერთად აღებული? ლოგიკურად, ხომ ჩვენ ეგოისტურად ოლგარქობა ან პოლიტიკოსობა უნდა გვინდოდეს – არადა ბევრ ჩვენგანს მაინც უნდა იყოს კეთილობილი როკკო, ან ალუდა ქეთელაური, ან სულაც თავადი მიშკინი ანკი ჯონ სტაინბეკის ‘ბრაზის მტევნის’ მთავარი გმირი, რომელიც ქრისტეს ფრაზით კვდება – და ამავე დროს პროფკავშირებს ეხმარება დიდი დეპრესიის დროს.
ახლა მსოფლიოს ეკონომიკას – ნეოლიბერალურ მანქანას, სადაც მხოლოდ ერთეულები არიან კარგად მილიონების ხარჯზე – კიდევ ერთი დიდი დეპრესია დაეტაკა – ამჯერად კორონა ვირუსით გამოწვეული. ეს მოითხოვს ჩვენი სულიერი რესურსების კიდევ უფრო მეტ მობილიზაციას. ამას არ უშველის ეგოისტური ზომები – მაგალითად მილტონ ფრიდმანის საყვარელი ფრაზა ‘გადასახადების დაკლების’ შესახებ. ამას შველის მხოლოდ ის ნამდვილი – ადამიანური – გინდაც ისე ვთქვათ რომ ქრისტიანული – სიყვარული ‘სხვის’ მიმართ, სადაც კაცობრობა ერთმანეთის გვერდში უნდა დადგეს სიყვარულის ემოციით გაბრწინებული და გაძლიერებული, რომ გადაარჩინოს თითოეული სიცოცხლე ამ უბედურების ჟამს. ეს არის ჩვენი დღევანდელი გამოწვევა.