ვენეციის არქიტექტურული ბიენალე ერთი წლით გადაიდო

218

ვენეციის არქიტექტურული ბიენალეს ორგანიზატორებმა გამოფენების ახალი თარიღები გამოაქვეყნეს. 2021 წლის 22 მაისიდან – 21 ნემბრამდე არქიტექტურული ბიენალე გაიმართება, ხოლო 2022 წლის 23 აპრილიდან – 27 ნოემბრამდე თანამედროვე ხელოვნების ბიენალე.

არქიტექტურული გამოფენა ვენეციაში წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, მისი ერთი წლით გადადება გახდა საჭირო.

“ბიენალეს ჩატარების გადადება – საერთაშორისო პროექტის ჩატარების, ჯანდაცვის სფეროში არსებული სხვადასხვა სირთულეების გამო, შესაძლებლობის არქონაზე მიუთითებს”, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ორგანიზატორები ასევე განმარტავენ, რომ ვენეციის ბიენალეს ეგიდით დაგეგმილი სხვა ღონისძიებები ჯერ-ჯერობით ძალაშია. ესენია: ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი – 2-12 სექტემბერი; საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – 14-23 სექტემბერი; თანამედროვე მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი – 25 სექტემბერი – 4 ოქტომბერი; თანამედროვე ცეკვების საერთაშორისო ფესტივალი – 13-25 ოქტომბერი.

“ბოლო რამდენიმე დღემ ნათლად გვაჩვენა სიტუაცია. გაწეული სამუშაოს, ინვესტიციების, სირთულეების გადალახვის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად და შეზღუდვების, სიფრთხილის გათვალისწინებით, რომლებიც COVID-19-ის გამო უნდა დავიცვათ, გადავწყვიტეთ გადავდოთ ვენეციის არქიტექტურული ბიენალე. მიუხედავად ამისა, შემოდგომაზე ბევრი ღონისძიება ჩატარდება”, – აცხადებს ბიენალეს პრეზიდენტი რობერტო ჩიკუტო.