მრავალჟამიერი – ქართული ფილოსოფიის საფუძველი

235

ცნობილმა ფრანგმა ფილოსოფოსმა ჟაკ დერიდამ “დიფერანსის” ანუ განსხვავებულობის ფილოსოფია 1968 წლის 27 იანვარს, Societe Francaise de Philosophie- ს კონფერენციაზე ჩამოაყალიბა. მისი ამ ნაშრომის მთავარი აზრი იქამდე დადის რომ ენის მთავარი ფუნქცია სწორედაც რომ ჩვენამდე განსხვავებების მოწოდებაა. სამყარო სწორედ განსხვავებული საგნების, ელემენტების, არსებებისაგან შედგება და ენის მთავარი ფუნქციაც სწორედაც რომ ამ სახე-სხვაობის გადმოცემაა. დერიდა ამ თავის ცნობილ ნაშრომს პროვოკაციულად წაუმძღვარა არასწორი სპელინგით დაწერილი Difference სადაც e-ს მაგივრად სრულებით შეგნებულად ა იყო ჩასმული. გრამატოლოგიის ამ რღვევით დერიდამ მარტივად აჩვენა რომ მრავალმხრივი სამყაროს განსხვავებული სურათის სრულიად განსხვავებული დანახვის შესაძლებლობაც დროსთან ერთად იცვლება და ნებისმიერი დისკურსი დროსთან ერთად ევოლუციას განიცდის. მაგრამ ამასთან ერთად ნებისმიერი დრო მოიცავს არა მხოლოდ დიალიქტიკურ სხვაობას, არამედ ბევრად უფრო მრავალფეროვან სამყაროს ვიდრე ამას დიალექტიკის მიმდევრები ხატავენ.
დერიდას გამოსვლები ხშირად სიტყვათა თამაშს შეიცავდა, რამაც ფილოსოფიური ტრადიციონალისტები ლამისაა ჭკუიდან შეშალა. მაგრამ ეს არ იყო უბრალო სიტყვების თამაში. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი თავისი დისკურსით აჩვენებდა რომ ამ ახალ დროებაში ჩვენ უნდა შევეჩვიოთ განსხვავებულობას – ხანდახან მეტად რადიკალურ განსხვავებულობასაც. ევროპული, იუდეო-ქრისტიანული აზროვნებისათვის დამახასიათებელი ერთხმოვანება მრავალხმოვანებას უნდა შეეცვალა. მართლაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში აშკარა გახდა რომ ევროპაში შემუშავებული ‘მოდერნისტული’ რეცეპტები, კარლ მარქსის “კაპიტალით” დაწყებული და ჰაიეკის “თავისუფლების კონსტიტუციით’ დამთავრებული არ აღმოჩნდა დაგროვილ კითხვებზე პასუხი. განსხვავება სამყაროს ბუნებრივი მდგომარეობაა, ისევე როგორც ნებისმიერი ენის მთავარი მიზანია ამ განსხვავებების აღწერა.
მეოცე საუკუნემ კარგად წარმოაჩინა რომ ევრო-ცენტრული ნარატივი, მემარჯვენე თუ მემარცხენე, ვერ ახერხებდა კაცობრიობის ფუნდამანტურ პრობლემებზე პასუხის გაცემას. ‘მოდერნის’ კრიზისი სწორედ იმ დროს დაიწყო, როდესაც მან უარი თქვა ამ განსხვავებების აღიარებაზე. 1950-იანი წლებიდან უკვე დაიწყო სერიოზული კრიტიკა განმანათლებლური ნარატივის მემარჯვენე თუ მემარცხენე მიმდინარეობების, რადგანაც, აანტონიო გრამშის თეორიისა არ იყოს გამოჩნდა ევრო-ცენტრული ცივილიზაციის ‘კულტურული ჰეგემონია’, რომელიც ცდილობდა დანარჩენი მსოფლიოსათვის და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი სუბალტერნისათვის საკუთარი სტანდარტები მოეხვია. შედეგად მივიღეთ დე-კოლონიზაციის პროცესში ყოფილი დამონებული ერების პროტესტი არა მხოლოდ დასავლური ‘ბურჟუა’ ღირებულებების მიმართ, არამედ სოციალისტური ბანაკის ‘დიალექტიკური მატერიალიზმის’ სწორხაზოვანი აზროვნების მიმართაც.
ერთის მხრივ, კონსერვატიულ ბანაკში დაიწყო ფუნდამენტალისტური ბექ-კლეში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 70-იან წლებში გაძლიერდა და ამის მერე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალა გახდა საარჩევნო პოლიტიკაში. ირანის რევოლუციის შედეგები 1979 წელს სწორედ პირველი სიგნალები იყო ‘პოსტ-მოდერნული’ ეპოქისა. რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, ირანის რევოლუციას ისეთი ცნობილი პოსტ-სტრუქტურალისტი მოაზროვნეები უჭერდნენ მხარს, როგორიცაა მიშელ ფუკო. ეს იმიტომ არ ხდებოდა რომ ფუკო აიათოლა ჰომეინის მოსაზრებებს იზიარებდა. რა თქმა უნდა – არა. მაგრამ ფუკო თვლიდა რომ ევრო-ცენტრული ნარატივი ან ბიურგერული ცივილიზაცია ისეთ კრიზისშია, რომ ახალ იდეებს ვეღარ სთავაზობს კაცობრიობას და ამიტომაც საჭიროა რევოლუცია იმისათვის რომ ბიურგერული ცხოვრების წესი და ნარატივი ერთადერთი ალტერნატივა არ იყოს. ფუკო აგრეთვე გამოირჩეოდა ტრადიციული, საბჭოთა და ჩინური მარქსიზმის კრიტიკით. ისევე როგორც ბევრი მისი თანამედროვე, ის აღიარებდა რომ კლასობრივ საწყისებზე ჩაგვრა და დომინაცია საშინელ ფორმებს იღებდა, მაგრამ ამავე დროს თვლიდა რომ საბჭოთა, ლენინისტურ-სტალინური მეთოდები ამ უთანასწორობას კიდევ უფრო აღრმავებდა.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა Differance-ი ანუ განსხვავებულობის ფილოსოფია. მაგრამ დერიდას და ფუკოს ამ ნაშრომებს წინ უძღოდა რუსი სტრუქტურალისტის, მიხეილ ბახტინის ნაშრომები, რომელიც მან გადასახლებამდე 1929 წელს დაწერა, სადაც ის საუბრობდა დიალოგური აზროვნებისა და დოსტოევსკის რომანის პოლიფონიურ წყობაზე. ბახტინი, რომელიც უდავოდ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნეა. სწორედ ბახტინი იყო პირველი რომელმაც ღიად უარყო დიალექტიკა, როგორც სამყაროს ხედვის უალტერნატივო გზა მრავალხმოვანების სასარგებლოდ. ჯერ კიდევ საბჭოთა დროს ბახტინმა მშვენივრად დაინახა რომ ხშირად ურთიერთ-საწინაამდეგო და გამომრიცხავი დებულებებისა და იდეების მატარებელი ადამიანები შეიძლება თანაარსებობდნენ ყოველგვარი პრობლემის გარეშე.
დღეს ქართულ საზოადოებაში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ განსხვავებულობის მიღებაა. წლების განმავლობაში არსებულ ეთნო-ცენტრისტულ გაგებას რომ ქართველები ყველას აღვემატებით და ყველაფერი საუკეთესო ‘გვეკუთვნის’ ახლა დაემატა რელიგიურ-ფუნდამენტალისტური ელემენტიც. იწყება ყველა განსხვავებულის დევნა – ეთნიკური უმცირესობის, რუსული პოეზიის და მწერლობის მოყვარულების, ჰომოსექსუალების, ფემინისტების, ლიბერალების. ქართული ნეოფაშისტების წარმომადგენლებმა ისიც კი თქვეს რომ ‘გიჟს ტრიბუნა არ უნდა ჩაუგდო” ხელშიო – ანუ დაიწყო ბრძოლა ყველა განსხვავებული ადამიანის წინააღმდეგ რომლის განსხვავებულობა ან ‘ავადმყოფობად’ მიიჩნევა ანკი ‘ერის მოღალატეობად’ ანაც ‘სატანიზმად’. ამ შემთხვევაში ნეო-ლიბერალი ნაციონალისტები და ულტრა-კონსერვატიული ფუნდამენტალისტები ერთ ლექსიკონს იყენებენ. მათი დისკურსის მთავარი ნაწილია “ჩვენ” და “ისინი” და ყველა, ვინც განსხვავებულია ‘იმათ’ კატეგორიას მიეკუთვნება და მაშასადამე მტერია.
ბუნებრივია, რომ ფუკოს და დერიდას მიერ დასმული დიაგნოზი რომ ევრო-ცენტრული, ‘განმანათლებლური’ გზა ყველა ერისათვის არ არის მისაღები ძალაში რჩება. სულაც არ არის აუცილებელი რომ ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა თუ ადიღეელებმა მაინცდამაინც ბიურგერული ცივილიზაცია დააკოპირონ. ცხადია ანტი-დასავლური ბექლეშის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი სწორედაც რომ დღევანდელი ევრო-ცენტრისტების Copy-Paste მიდგომაა. რაღა თქმა უნდა, ბრმად არანაირი გზის გამეორება არ არის საჭირო. მით უმეტეს მაშინ, როდესაც თვითონ გაგაჩნია საკუთარ ისტორიაში, ტრადიციებში და კულტურაში იმის რესურსი, რომ შესძლო სამყაროს მრავალფეროვნების არათუ დანახვა, არამედ გათავისება.
საქართველოში მრავალხმოვან სიმღერებს ბახტინის, ფუკოს და დერიდას ფილოსოფიაზე ბევრად უფრო ადრე მღეროდნენ. ამ მრავალხმოვანი სიმღერების უკან სწორედ ის გამორჩეული ფილოსოფიაა, რომ ჩვენთან განსხვავებას დიდი ხნის განმავლობაში პატივს სცემდნენ – სწორედ ამიტომ იყო რომ საქართველოში ფაშიზმი ვერ იხარებდა. იმედია ახლაც ვერ გაიხარებს.
ახლა მთელი ევროპა – ევროკავშირის სახით ‘მრავალჟამიერის’ პარადიგმასთან მიდის, სადაც განსხვავებულება ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. ევროკავშირს ახლა 23 ოფიციალური ენა აქვს. როგორც იქნა ევროპულმა ცივილიზაციამ უარი თქვა ‘ერი-სახელმწიფოს’ ეთნოცენტრუსტულ მოდელზე და გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე, სადაც მათი პოლიტიკური და სოციალური სისტემა სწორედაც რომ მრავალხმოვანი ხდება.
ჩვენი მომავალიც სწორედ მრავალხმოვანებაშია. ‘მრავალჟამიერის’ პარადიგმა განსხვავებულ ხმებს დიდი სიამოვნებით იღებს და ადგილს აძლევს მათ საერთო დისკურსში. თუ საქართველოს აქვს მომავალი – ეს მომავალი მრავალჟამიერის მომავალია, სადაც ყველა განსხვავებული ხმა თანაბარია – აფხაზურიც, ოსურიც, ბერძნულიც, ქურთულიც, სომხურიც, აზერბაიჯანულიც და ასე შემდეგ. მრავალჟამიერის ქვეყანაში ადამიანებს არ სჯიან რელიგიური შეხედულებების, თუ სახელმწიფო ფსიქიატრების მიერ არბიტრარულად გადაწყვეტილი ‘ავადმყოფობის’ მიხედვით. ასეთ საზოგადოებაში ყველა განსხვავებულისთვის არის ადგილი.
როდესაც საქართველოში მრავალხმოვან სიმღერებს მღეროდნენ ევროპაში ბნელი შუა საუკუნეები და ინკვიზიცია მძვინვარებდა. რატომ უნდა დავბრუნდეთ ბნელ შუა საუკუნეებში ან არანაკლებ კოშმარულ ‘მოდერნისტულ“ მეოცე საკუნეში, როდესაც კაცობრიობის მომავალი სწორედაც რომ მრავალჟამიერშია.
მრავალჟამიერი კი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქართული ტრადიციაა, რომელიც ბევრი სხვისგან განსხვავებით არ მოძველებულა.

ირაკლი კაკაბაძე