ანტონინ მარტო: გიჟი

398

ფიქრები ალბერ კამიუზე და ოდრი ჰეპბერნზე მეოცე საუკუნის მიწურულს.

მეოცე საუკუნის მიწურულს ერთი გიჟი წამოხტა სკამიდან, რომელზეც არასდროს მჯდარა და შეჰყვირა:

მე მიყვარს ოდრი ჰეპბერნი და ალბერ კამიუ.

ყველა მის ირგვლივ მყოფი გაოგნებული დარჩა.

კი მაგრამ, რატომ მაინცდამაინც ეს ორი?! ბევრს ასეთი წყვილი ორიგინალობად მოეჩვენა. ამ ხანაში სასაცილოდ ჟღერდა ასეთი სიყვარულის გამჟღავნება. საერთოდ ასეთ გრძნობებზე ლაპარაკი ხომ სირცხვილია დღეს.

ამიტომაც ყველამ ჩათვალა, რომ ის სულიერად დაავადებული იყო.

ოდრი ჰეპბერნი უყვარდათ ორმოცდაათიან წლებში. ოდრი ჰეპბერნი უყვარდა მელ ფერერს, შეიძლება გრეგორი პეკსაც და ჰენრი ფონდისაც. და მას უეცრად მოეჩვენა, რომ მელ ფერერზე უფრო უყვარდა ოდრი.

რა ძნელია გიყვარდეს ოდრი მაშინ, როცა ყველას პორნოგრაფია ესიზმრება. რა ძნელია დაეჭიდო ამხელა ოცნებას ახლა…

ის არ იყო ახალგაზრდა პროფესიონალი, ოთხმოციანი წლების ჩასუქებული თაობა. მაგრამ არც ჰიპი იყო. არ მოუწია იმ დროს ცხოვრებამ.

მას საოცრად შურდა კამიუს თვალებში სიზიფეს ძალის დანახვისა და რატომღაც ცდილობდა დამსგავსებოდა `შავი ჭირის~ ავტორს. ყველაზე მეტად ის უნდოდა, რომ სიცოცხლის ხალისი შეენარჩუნებინა აბსურდის ტალღებში ცურვისას და სიტკბოება ენახა ტკივილის ოკეანეში ჩაძირულს. ეს იყო მისთვის ყველაზე უფრო მიმზიდველი.

ის უყურებდა კამიუს ფოტოსურათს და თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა. ეს არ იყო სენტიმენტალური გრძნობა. ეს იყო მისთვის ტრაგედიის დასასრული და სისხლით სავსე სიცოცხლის დასაწყისი.

უსახურება იყო ტრაგედია…

და გაჭირვება იყო დიდი სიხარული.

მას გული ეკუმშებოდა დიდი სიხარულის მოლოდინში. მან არ იცოდა, საიდან უნდა მოსულიყო ეს დიდი სიხარული. უბრალოდ სჯეროდა ტრაგედიის დასასრულის.

მას ეგონა, რომ მეორე დღეს ცხოვრება თავიდან დაიწყებოდა. აღარ იქნებოდა ლაპარაკი ავეჯის შესყიდვაზე. აღარ იქნებოდა ფარული შიში არსებობისა.

მას უყვარდა, ოდრი და ამავე დროს არ უნდოდა რეალურ ოდრისთან შეხვედრა. მისი ბედნიერება ოდრის სახებით სუნთქავდა. იგი იყო სამყაროში და ამავე დროს მის გარეთაც. ეს გრძნობა არ ჰგავდა არაფერს _ არც დონ ჟუანის აღტაცებას და არც კირკეგორის სიყვარულს რეგინა ოლსენისადმი.

ეს იყო უბრალო იმედი ცხოვრებისა. ისეთი იმედი, რომელსაც ვერც ერთი მეცნიერული თეორია ვერ იძლევა. ბრმა იმედი სიყვარულისა, რომელიც ოდრის თვალებიდან მოდიოდა.

მთელი კაცობრიობის სინაზეს იტევდა ეს სიყვარული…

როდესაც ის დაიბადა, ოდრი უკვე ორმოც წელს მიტანებული ქალი იყო. და ალბერ კამიუ რამდენიმე წლის გარდაცვლილი ფილოსოფოსი. მათი სახეები ნელ-ნელა ქრებოდა დედამიწიდან. მოდიოდნენ წითელ ლოყებიანი პრაგმატული ბიჭები და ხორციელი ვნებით აშმორებული უთვალებო გოგოები. მათ მოჰქონდათ ყოვლისშემძლე კომფორტი და გაუთავებლად ნელთბილი სექსუალური სიზმრები. ყველას სჯეროდა, რომ მათ მოჰქონდათ საბოლოოდ დავიწყება ტკივილის.

და ამ დროს მან აირჩია მასწავლებლად კამიუ და სატრფოდ ოდრი…

ეს არ იყო სასწაული.

ის ბავშვობაშიც ცდილობდა გაქცეოდა სამყაროს ორომტრიალს. სულ პატარა იყო, როცა დოსტოევსკის ეზიარა. ბევრი ტკივილი ნახა თავის სურვილით. მას უნდოდა ეგრძნო ტკივილით მონიჭებული ბედნიერება.

მშობლებთან კონტაქტი არ ჰქონდა. არც უნდოდა. მამამისი თანამდებობას მიეყიდა სამოცი წლის ასაკში. დედამისი კი მაცივრებისა და ტელევიზორების გადაადგილებით იყო დაკავებული. მას არ უნდოდა, რომ ცხოველურად ჰყვარებოდა ვინმე. და არც შეიყვარა არავინ.

არ უნდოდა სიყალბეს შეგუებოდა. მასში მერსო ცხოვრობდა, რომელიც არ მალავდა ყველაფრის წარმავლობას.

მთელი უბედურება ის იყო, რმ პატარა ადამიანის მისწრაფებებშიაც ვერ ხედავდა აზრს. და ეს იყო მისი ყველაზე დიდი და აუტანელი ტკივილის საწყისი.

ვერაფრით შეიყვარა მანქანა და ფული. ერთი პერიოდი თავს ძალას ატანდა. უნდოდა, რომ ნორმალური გამხდარიყო. მაგრამ არ გამოუვიდა. იგრძნო, რომ ნორმალურობა მისთვის აუტანელი ტვირთი იქნებოდა.

თხუთმეტი წლის ასაკში პირველად მოხვდა ლოგინში. უნდოდა, რომ სხვებსავით, მისთვისაც პორნოგრაფია სიზმრად ქცეულიყო. ერთი პერიოდი ფიქრობდა, რომ ეს დააწყნარებდა, მაგრამ ესეც არ გამოუვიდა. ოდრის სახება სულ თვალწინ ედგა. რაც უფრო მეტ ქალს იცვლიდა, მით უფრო ხდებოდა ოდრის თვალების მონა.

გადაწყვიტა, რომ ცოლი არასდროს შეერთო.

მთელი ბავშვობა უყვარდა ერთი ლამაზი გოგო, რომელიც რაღაცით ოდრის აგონებდა და რომლისთვისაც არასდროს გაუმჟღავნებია საკუთარი ვნება. მისი სახელი იყო `ანნა~, ისევე როგორც ვრონსკის საყვარლისა. მას ეშინოდა დაახლოევებისა მის საყვარელ არსებასთან, რადგანაც ხვდებოდა, რომ მაშინვე დაინგრეოდა მის თვალწინ ოდრის სახება. ამ სახების დანგრევა კი სიცოცხლის დასასრულს ნიშნავდა.

ცოტა ხანში მან დაიწყო ფიქრი იმაზე, არის თუ არა ადამიანი ცხოველი. უნდოდა დაერწმუნებინა საკუთარი თავი, რომ არის, მაგრამ არ გამოუვიდა.

მან ვეღარ შესძლო ოდრის სახების მოშლა და აბერ კამიუს აბსურდის ამოღება თავიდან. მან ვერ მისცა თავი დავიწყებას.

მას არ უნდოდა, რომ სიმართლის თქმის ძალა ჰქონოდა. მან იცოდა, რომ ამით ბევრ მტრებს გაიჩენდა. მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი თავისთავად ხდებოდა. ამ ყველაფერს მართავდა უხილავი დირიჟორი, რომლის მოძრაობის გრაციაც ხიბლავდა მის წარმოდგენას.

წინააღმდეგობა მოყვებოდა წინააღმდეგობას. ის გრძნობდა, რომ საკუთარ თავს ატყვევებდა და თვითონვე ცდილობდა დაეხშო სიყვარული. ის ვერ იტანდა ამ მუხრუჭებს, მას ეზიზღებოდა მათი სახე.

ის ვერ ხვდებოდა, რატომ ეძახდნენ ადამიანები ამას გონებას.

და ერთ მშვენიერ დღეს მან კითხა საკუთარ თავს:

_ შეიძლება თუ არა ვიცხოვროთ?

მას უნდოდა ეპასუხა რომ არა, _ არ შეიძლება. გარდანაც ადამიანებს მიზანი არა აქვთ და ასეთი არსებობით მხოლოდ ვნებენ ერთმანეთს. მაცივრებისა და ავეჯის გადაადგილება არ ღირს ცხოვრებად, არც ქალების განუწყვეტელი ცვლა, არც ხელისუფლების წყურვილი და არც პრესტიჟული საზოგადოება. ყველაფერი ეს ავადმყოფური იმედი და მოჩვენებაა. ამას ეუბნებოდა ფხიზელი გონება.

მაგრამ ამ დროს მოხდა საოცარი რამ.

მან თავისთავად უთხრა `კი~ ცხოვრებას. მან დაინახა, რომ ბედნიერებას უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე გონებას. მან უთხრა კი ბრძოლასა და მოქმედება. მან უთხრა `კი~ სიდუხჭირეს, მან უთხრა `კი~ მტკივნეულს და საზარელ სიმართლეს, იმისათვის, რომ სიცოცხლე დაელია.

მან არ იცოდა, რატომ მოხდა ეს?!.

მის ირგვლივ ხომ ყველა ფულებს ითვლიდა და ერთმანეთს ეტრაბახებოდა არნახული გარყვნილებით. მის ირგვლივ ხომ ყველა არარაობაზე საუბრობდა სერიოზული გამომეტყველებით.

და ის გრძნობდა, რომ ეს ხელს არ უშლიდა მას ჰყვარებოდა ადამიანები.

და უეცრად სინათლე შემოვიდა მის თვალებში.

მისი ძარღვები დაიბერა. მისი სახე აენთო აღტკინებით.

იგი ხვდებოდა, რომ ყველაფერი ეს აბსურდი იყო, რომ მთელი სიცოცხლე, მოჩვენებებში ღაფავდნენ სულს.

მაგრამ იგი იმასაც ხვდებოდა, რომ მის სულს ჰაერი მოჰქონდა დახუთულ საყაროში. არავის ძალუძდა ამ სისხლისდენის შეჩერება.

მან თქვა `კი~ და სიკვდილი დაინახა ფანჯრის მიღმა. ის სიკვდილი, რომელიც ადრე თავზარს სცემდა, ახლა ჩუმად მოიპარებოდა მისი ლოგინისაკენ…

და გონება უსუსურად მიესვენა საბძელზე.

_ მე ვიცოდი, რომ ძნელია ეს ყველაფერი, მაგრამ არასდროს მეგონა ტკივილი ასეთი ტკბილი…

ოდრი ზურგით დგას შენსკენ. მისი თავი ღვთაებრივი გრაციით ტრიალდება და მისი თვალებიდან ანათებს ცხოვრების ჩუმი სიხარული.

ალბერ კამიუ გიყურებს აფორიაქებული სახით და გეუბნება, რომ გაჩერება სიკვდილზე უარესია…

ის ყველას გიჟი ეგონა მეოცე საუკუნის ბოლოს და მან თვითონაც არ იცოდა, რომ სამყაროს ტვირთის მოხსნა ვინმეს შეეძლო…

1993 წელი