ელენე ფოჩხუა: დღემდე ხინჯად მაქვს, რომ ეს პროექტი ვერ განვახორციელე

265

„12 ქვეყნის იავნანა“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელებასაც მომღერალი ელენე ფოჩხუა სამომავლოდ აპირებს. პროექტის შესახებ წლების წინ გაახმაურა, თუმცა საკმარისი ფინანსების არქონის გამო დღემდე ვერ შესრულდა. როგორც ელენემ allart.ge-სთან საუბრისას განაცხადა, 2008 წელს პროექტს სრული დამფინანსებელი გამოუჩნდა, მაგრამ აგვისტოს ომის მოვლენების გამო, ბიზნესმენს ქვეყნის დასახმარებლად დიდი თანხის გაცემა მოუწია, რის გამოც მაშინ, ეს პროექტი ვერ შედგა. ელენე ახლაც სპონსორების ძიებაშია და სწამს, რომ ამას აუცილებლად შეძლებს. 

„ამ პროექტზე ფიქრი დავიწყე 2007 წელს, როდესაც „ჯეოსტარი“ დასრულდა. მოგეხსენებათ მეც „ჯეოსტარის“ მონაწილე ვიყავი და ერთ-ერთ ტურში ვიმღერე მალაიზიური იავნანა. სიმღერამ მართლა დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ დროს კი არის უმარტივესი, სულ რაღაც სამი აკორდია, მაგრამ მართლა ძალიან ლამაზი მოსასმენია. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემი გარდაცვლილი ძმისა და მისი მეგობრის პროექტი იყო. 2008 წელს სრული დამფინანსებელიც გამოჩნდა. სამწუხაროდ აგვისტოში დაიწყო ომი. სპონსორმა კი ქვეყნის დასახმარებლად დიდი თანხა გასცა, შესაბამისად ჩემი პროექტი ვერ შედგა. დღემდე ხინჯად მაქვს, რომ ეს პროექტი ვერ განვახორციელე. ჯერ ახალგაზრდა ვარ და უფლის დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე გავაკეთებ ამ პროექტს, რომელსაც ჩემი ძმის ხსოვნას მივუძღვნი“, – განაცხადა ელენე ფოჩხუამ.

ამჟამად მომღერალი ელენე ფოჩხუა ახალ კლიპზე მუშაობს. სიმღერა, რომელიც  ბრავო სტუდიაში ჩაიწერა სიყვარულზეა. როგორც ელენემ allart.ge-ს განუცხადა, ბუნებით რომანტიკოსია და სიმღერაც შესაბამისი შეარჩია. მუსიკა ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, ტექსტი ირინა სანიკიძეს, არანჟირება ბორიკო შხიანს, ხოლო ხმის რეჟისურა ალეკო ბერძენიშვილს. სიმღერაზე კლიპის გადაღებები მაისის ბოლოს დაიწყება. როგორი იქნება ელენე ფოჩხუას ახალი კლიპი, ამას allart.ge-ს მკითხველი ექსკლკუზიურად შეიტყობს.